არჩევნებამდე 1 დღით ადრე, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის უკვე საქართველოში, კერძოდ, ქალაქ ბათუმში იმყოფება. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით ეჭვები არსებობს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ავიაბილეთის ფოტო, რომლის თანახმადაც ის ქვეყანაში 2 ოქტომბრის საღამოს ჩამოვიდოდა. მმარველი "ქართული ოცნების“ პარტიიდან ამას მოჰყვა გამოხმაურება, რომ ყოფილ პრეზიდენტს, საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, ციხეში მოუწევს შესვლა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალების საქმეებზე. ამასთანავე, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლოში ბრალდების სისხლის სამართლის ორი საქმე - "იმედში“ შეჭრის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის, პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევისა და ე.წ. პიჯაკების საქმეები მიმდინარეობს.
ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს განაჩენით სასჯელის ზომად, "ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს განსაზღვრული, ხოლო თანამდებობის დაკავების უფლება სახელწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ჩამოერთვა 2 წლისა და 3 თვის ვადით.
საქართველოს პროკურატურის საიტზე ვკითხულობთ, რომ 2005 წლის 15 ივლისს ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება განხორციელდა, რაც სწორედ სააკაშვილის დავალებით მოხდა. რამდენიმე დღით ადრე გაზეთ "რეზონანსში“ გელაშვილის სტატია გამოქვეყნდა, სადაც უკმაყოფილება იყო გამოთქმული პრეზიდენტის მიმართ და აღნიშნული იყო, რომ სტატიის ავტორს წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ.
სანდრო გირგვილიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის ზომად, "ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განესაზღვრა სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით ჩამოერთვა.
ბრალდების მხარის მტკიცებით, 2006 წელს, 27 იანვარს მომხდარი მკვლელობიდან რამდენიმე კვირაში, სააკაშვილი დაჰპირდა შსს-ის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) მაშინდელ უფროსს, დავით ახალაიას, რომ შეიწყალებდა კუდ-ის იმ თანამშრომლებს, რომლებიც დათანხმდებოდნენ გირგვლიანის მკვლელობისთვის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას და არ გათქვამდნენ დანაშაულის შემკვეთებსა და უშუალო მონაწილე სხვა მაღალი თანამდებობის პირებს.
პროკურატურის თანახმად, 2008 წლის 24 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა, "ბოროტად გამოიყენა რა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, დავით ახალაიასთვის წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს – გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს, რის შემდეგაც მათ მიმართ შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება“.
რაც შეეხება სასამართლოში სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს, ე.წ. პიჯაკების საქმეზე ყოფილ პრეზიდენტს საბიუჯეტო თანხის 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებიან.
"იმედში“ შეჭრის, 7 ნომებრის აქციის დარბევის და პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.
თუ მიხეილ სააკაშვილი მართლაც საქართველოშია და მან საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა, სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც აღიძრება სისხლის სამართლის საქმე.