ავტორი:

მოულოდნელი საჩუქარი მგზავრებს საცობში ვარაზის ხევზე

მოულოდნელი საჩუქარი მგზავრებს საცობში ვარაზის ხევზე

ვარაზის ხევზე, დილის საცობში, როცა ყველას სადღაც ეჩქარება და წითელ შუქნიშნამდე „გაძვრომას“ ცდილობს, ერთი სასიამოვნო რამ მოხდა: კურიერები თავიანთი მოპედებით მანქანებს შორის ჩერდებოდნენ და დილის რუტინაში ჩაფლულ მგზავრებს საჩუქრებს ურიგებდნენ.

ამ ქალაქისთვის უჩვეულო და სასიამოვნო ჟესტმა მალევე გამოიწვია აღფრთოვანება და ის დაძაბულობა, რაც დილით მგზავრობას ახლავს, თითქოს სადღაც გაქრა. მგზავრები ავტობუსებიდან ცნობისმოყვარე სახეებით აკვირდებოდნენ ახალგაზრდა, მოფუსფუსე კურიერების თითოეულ ნაბიჯს და უკვირდათ, ვინ გადაწყვიტა სრულიად უცხო ადამიანებისათვის დღის გახალისება ან რა იდო იმ პატარა მუყაოს პაკეტებში, რომლებიც არა და არ ილეოდა.

პანდემიამ და მის გამო დაწესებულმა რეგულაციებმა სოციალიზაცია იმდენად შეამცირა, ისე გამოგვკეტა საკუთარ თავებში, რომ უცხო ადამიანებთან სიახლოვე უჩვეულოდ, უხერხულად და ხანდახან ეგზოტიკურადაც კი გვეჩვენება ხოლმე. შესაძლოა, კურიერების ასეთმა ჟესტმა ასეთი აღფრთოვანება სწორედ მონატრებული თავისუფლებისა და სოციალიზაციის გამო გამოიწვია.

როგორც ყველა მგზავრს, რა თქმა უნდა, მეც ძალიან მაინტერესებდა, რა საჩუქრები ეწყო მუყაოს შეფუთვებში, თანაც შევამჩნიე, რომ აღმოჩენით განსაკუთრებით პატარა მგზავრები იყვნენ აღფრთოვანებულები, ამიტომ დავუკავშირდი კომპანიას, რომლის სახელიც კურიერებს მაისურებზე ეწერათ.

როგორც განმიმარტეს, ჭავჭავაძის 2 ნომერში ყოფილი „ჩაის სახლის“ შენობაში „პეპელასა“ და „ბიბლუსის“ახალი საერთო მაღაზია გაიხსნა და მხიარული აქციაც სწორედ ამას უკავშირდებოდა.

„დილის საათებში, საცობის გამო მგზავრობა განსაკუთრებით სტრესულია ხოლმე, თანაც დისტანციამ, რეგულაციებმა ღონისძიებები, გათამაშებები, გართობა იმდენად მოგვანატრა რომ კომპანიამ გადაწყვიტა მსგავსი ჟესტით წაეხალისებინა მგზავრები და მცირედი საჩუქრებითა და სამოტივაციო წერილებით პოზიტიური დღე შეექმნათ მათთვის“, - აღნიშნეს აქციის ორგანიზატორებმა.

ხანდახან მთელი დღის განწყობას პატარა, სასიამოვნო დეტალები ქმნიან ხოლმე, მაგალითად ისეთი, როგორიც სხვების, სრულიად უცნობი ადამიანების უანგაროდ გახარებაა, განსაკუთრებთ კი ასეთ სირთულეებით აღსავსე პერიოდში.