ავტორი:

"მოხდა სასწაული, დღეს მე ჩავაბარე და ძალიან ბედნიერი ვარ..." - აზერბაიჯანელი გოგონა, რომელიც იძულებით გათხოვებაზე უარის გამო, ოჯახს დაუპირისპირდა, სტუდენტი გახდა

"მოხდა სასწაული, დღეს მე ჩავაბარე და ძალიან ბედნიერი ვარ..." - აზერბაიჯანელი გოგონა, რომელიც იძულებით გათხოვებაზე უარის გამო, ოჯახს დაუპირისპირდა, სტუდენტი გახდა

აზერბაიჯანელი გოგონა, ჩინარა კოჯაევა, რომელიც იძულებით ადრეულ ქორწინებას ორჯერ გადაურჩა და რომელიც უმაღლესი განათლების მიღებაზე ოცნებობდა, დღეს სტუდენტი გახდა. ჩინარამ უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც სამართლის ფაკულტეტზე ისწავლის. გოგონა საკუთარ ემოციებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე გვიზიარებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც რთული გზის გავლისას გვერდით ედგა, მადლობას უხდის:

"ისეთი ბედნიერი ვარ დღეს, მინდა გაგიზიაროთ... დღეს ჩავაბარე უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე, რომელზეც დიდი ხნის წინ ვოცნებობდი. ჯერაც არ მჯერა, ისეთი გახარებული ვარ. ამისთვის ძალიან რთული გზები გავიარე, გავიდა წლები, დღეები, მაგრამ ბოლოს მე შევძელი.

ჯერ პატარა ვიყავი, რომ წამომიყვანეს იქიდან, სადაც მხოლოდ ოცნებებში ვცხოვრობდი და გამორიცხული იყო სწავლა და განათლება. ერთ დღეს მოხდა სასწაული. ეს ადამიანები დამეხმარნენ - გოგა ხატიაშვილი, გოგა რაზმაძე და ბელა ფიფია და საჭირო დროს გამოჩნდნენ, არ დამტოვეს მარტო, ყოველდღე მაძლიერებდნენ, ყოველდღე იყვნენ ჩემთან და სულ სჯეროდათ ჩემი, რადგან ჩვენ უკვე ერთი ოჯახი გავხვდით.

გამოცდებზე რომ გავდიოდი, დილის 7-საათზე მოვიდნენ ჩემთან ლონდა თოლორაია და ინდირა რობაქიძე და წამიყვანეს გამოცდაზე. არ მინდოდა მაგათი შეწუხება, მაგრამ არც ერთი წუთი მარტო არ დამტოვეს, როგორც მშობელი. გამოცდაზე რომ გავედი, არც ვნერვიულობდი, ვიცოდი, რომ ჩემთან ერთად იყვნენ და ჩემი იმედი ჰქონდათ, უნდა ჩავაბარო და უნდა გავახარო-თქო. მოხდა სასწაული, დღეს მე ჩავაბარე და ძალიან ბედნიერი ვარ...

მადლობა, რომ მყავხართ. სიტყვები არ მყოფნის... დღეს ვარ სტუდენტი თქვენი დამსახურებით, დიდი მადლობა თქვენ იმისათვის, რომ სიყვარული, სითბო და სიძლიერე - ყველაფერი თქვენგან ვისწავლე მიყვარხართ უზომოდ მიყვარხართ ყველანი, ვინც მხარში დამიდეგით. მადლიერი ვარ თქვენი და ამას ჩემი წარმატებით გადაგიხდით.

ცხოვრებაში ხდება სასწაულები და უნდა იცოდე, რომ არასოდეს არ უნდა დანებედე, არასოდეს. მე შევძელი და დღეს ვარ უბედნიერესი ადამიანი.

მაკა ფერაძე, ლელა აკიაშვილი, ნათია მეზვრიშვილი, მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის, სიყვარულისთვის, სითბოსთვის, ყველაფრისთვის. მიყვარხართ მადლობა ღმერთო შენც, რომ ეს ანგელოზივით ადამიანები გამოუშვი ჩემთან", - წერს ჩინარა კოჯაევა.

ეთნიკურად აზერბაიჯანელი 20 წლის ჩინარა კოჯაევას ისტორია, გოგონას სიმამაცისა და გამბედაობის გამო, სამაგალითოა. ის ჯერ კიდევ 14 წლის იყო, როდესაც საკუთარ ოჯახსა და სოციუმში დამკვიდრებულ ტრადიციებს დაუპირისპირდა, რის გამოც სახლიდან წამოსვლა მოუხდა. ჩინარა კოჯაევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარში ცხოვრობდა, სადაც ბევრ ოჯახში, ადრეული ქორწინება ჩვეულებრივი მოვლენაა, წყვილების დაქორწინების გადაწყვეტილებას კი მათი მშობლები იღებენ.

წაიკითხეთ: რას ჰყვებოდა ჩინარა AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში იმ დღის შესახებ, რომელიც მის ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა