ავტორი:

"მივმართავ ყველა უანგარო დონორობის მსურველს, შეგიძლიათ გაიღოთ სისხლი სრული ვაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ!" - რას პასუხობს იმნაძე გავრცელებულ დეზინფორმაციას

"მივმართავ ყველა უანგარო დონორობის მსურველს, შეგიძლიათ გაიღოთ სისხლი სრული ვაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ!" - რას პასუხობს იმნაძე გავრცელებულ დეზინფორმაციას

კორონავირუსის პანდემიამ, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, სისხლის პროდუქტების მარაგები საგრძნობლად შეამცირა. შექმნილ ვითარებაში სიტუაციას ამწვავებს ანტივაქსერთა გარკვეული ჯგუფების მიერ საზოგადოებაში გავრცელებული დეზინფორმაცია. მათი მტკიცებით, ვაქცინირებული ადამიანის სისხლი დონაციისათვის გამოუსადეგარი ხდება.

საინტერესოა, როგორია დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები სისხლის დონორობასთან დაკავშირებით COVID 19-ის პანდემიის დროს? რა პერიოდის გასვლის შემდეგ არის შესაძლებელი კორონავირუსის გადატანიდან ან COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებიდან სისხლის გაღება?

აღნიშნული საკითხის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე გვესაუბრება:

- ბატონო პაატა, მოახდინა თუ არა კორონავირუსის პანდემიამ გავლენა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, სისხლის მარაგების რაოდენობაზე?

- რასაკვირველია, კორონავირუსის პანდემიამ ძალიან ცუდი როლი ითამაშა სისხლის მარაგების შემცირების საქმეში. პანდემიის გამო 20-30 %-ით შემცირდა სისხლის მარაგები მთელს მსოფლიოში! პანდემიამ ნათლად აჩვენა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანის მიერ გაღებულ სისხლს, მით უმეტეს, დღევანდელობაში. ზოგადად, სისხლი და სისხლის პროდუქტები ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დაჭირდეს სიცოცხლის შესანარჩუნელად! მისი საჭიროება განსაკუთრებით მაღალია ავტოკატასტროფების, ტრავმების, დამწვრობების, გულის ოპერაციების, ორგანოების გადანერგვის, სისხლდენების დროს; გართულებული მშობიარობის ან მშობიარობის შემდგომი გართულებების, მძიმე ანემიების, სიმსივნეების; ასევე ეპიდემიების, პანდემიების და სტიქიური კატასტროფების დროს. სისხლის ერთი უანგარო დონაციით ჩვენ შეგვიძლია სამ ადამიანს შევუნარჩუნოთ სიცოცხლე. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში მედიცინას აქვს უდიდესი მიღწევები, სისხლის შემცვლელი ხელოვნური ხსნარები არ არსებობს. მისი მიღების ერთადერთი გზა, მხოლოდ დონორის მიერ სისხლის ჩაბარებაა.

- დღესათვის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ვაქცინაციის შემდეგ სისხლის გაღებასთან დაკავშირებით. როდის შეგვიძლია გავიღოთ სისხლი, ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების თუ სრული ვაქცინაციის დასრულებისთანავე და რამდენი დღის შემდეგ?

- სამწუხაროა, რომ ვაქინაციის მოწინააღმდეგე ადამიანები ავრცელებენ დეზინფორმაციას და შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება, თითქოს ვაქცინაციის შემდეგ სისხლის გაღება არ შეიძლება და ვაქცინირებული ადამიანის სისხლი გამოუსადეგარი ხდება დონაციისათვის. სინამდვილეში, ვაქცინაცია არანაირად არ წამოადგენს უკუჩვენებას დონაციისათვის. მივმართავ ყველა უანგარო დონორობის მსურველს, თქვენ შეგიძლიათ გაიღოთ სისხლი COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის ჩატარებიდან 14 დღის შემდეგ! ანტისხეულები, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ არის თქვენს სისხლში, იმ ადამიანისთვის, ვისაც თქვენს სისხლს გადაუსხამენ, დამატებითი სარგებლის მომტანი იქნება.

- კორონავირუსის გადატანიდან და სრული გამოჯანმრთელებიდან რამდენ ხანში არის შესაძლებელი სისხლის გაღება?

- სისხლის ჩაბარება შესაძლებელია COVID-19-ისგან სრულად გამოჯანმრთელებიდან (სიმპტომების ალაგებიდან ბოლო 3 უსიმპტომო დღე) 14 დღის შემდეგ! თუკი კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანს აქვს სურვილი, გაიღოს სისხლი სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად, რაშიც ხელს უწყობს საკუთარი ჯანმრთელობა, არ გრძნობს თავს სუსტად და არ აღენიშნება პოსტკოვიდური სინდრომი, მას აბსოლუტურად თავისუფლად შეუძლია გახდეს დონორი.

- ბატონო პაატა, თუკი ჩვენს სრულიად უსიმპტომოდ გადავიტანეთ კორონავირუსი, ამ შემთხვევაში, რამდენ დღეში არის შესაძლებელი სისხლის გაღება?

- პირებს, რომელთაც დაუდასტურდათ COVID-19, მაგრამ არ აღენიშნებათ სიმპტომები, დონორობა შეუძლიათ ვირუსის დადასტურების დღიდან 14 დღის შემდეგ.

- სისხლში შემთხვევით COVID 19 - ის საწინაამდეგო ანტისხეულების აღმოჩენა, ხომ არ აღმოჩნდება ხელისშემშლელი ფაქტორი უანგარო დონორობის მსურველთათვის?

- სისხლში SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები არ წარმოადგენს დონორობის უკუჩვენებას! პირებს, რომელთაც აღმოაჩნდებათ ანტისხეულები, მაგრამ არ აქვთ ჩატარებული ლაბორატორიული ტესტირება და არ აღენიშნებათ სიმპტომები, შეუძლიათ სისხლის გაღება დაყოვნების პერიოდის და COVID 19-ზე ტესტირების გარეშე.

- თუკი ჩვენ გვქონდა კონტაქტი კოვიდინფიცირებულთან და ვიმყოფებით იზოლაციაში, ამ პერიოდში სასწრაფოდ, რომ დასჭირდეს სისხლი ახლობელს, ვერ დავეხმარებით მას?

- იმ ადამიანებმა, ვისაც ჰქონდათ მჭიდრო კონტაქტი COVID 19 - ის დადასტურებულ შემთხვევასთან, უვლიდნენ ინფიცირებულ პირებს, ჰქონდათ მოგზაურობის ისტორია ინფიცირების მაღალი გავრცელების არეალში და ექვემდებარებიან იზოლაციას ან თვითიზოლაციას, თავი უნდა შეიკავონ სისხლის დონაციისგან სულ მცირე საკარანტინო პერიოდის დასაწყისიდან და ინფიცირებულთან კონტაქტის დღიდან 14 დღის განმავლობაში.

- თუკი ჩვენ ჩავაბარეთ სისხლი და რამდენიმე დღეში დაგვიდასტურდება კორონავირუსი, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?

- თუკი დონაციის შემდეგ რამდენიმე დღეში დაგიდასტურდებათ კორონავირუსი აუცილებლად უნდა დაუკავშირეთ სისხლის ბანკს. ამის შესახებ კი გაფრთხილება დონორებს, თავად სისხლის ბანკის წარმომადგებლებმა უნდა მისცენ.

- შეგვიძლია თუ არა სისხლის ჩარება იმ პერიოდში, როცა გრიპი ან სხვა რესპირაციული დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები გვაქვს, თუმცა ტესტი კორონავირუსზე უარყოფითია?

- პირებს, რომლებსაც აღენიშნებათ გრიპის ან სხვა რესპირაციული დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაგ: ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ა.შ. ან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან, არ შეუძლიათ დონორობა და რეგულაციების შესაბამისად ექვემდებარებიან თვითიზოლაციას, იზოლაციას და ლაბორატორიულ ტესტირებას. რასაკვირველია, დონაციის დღეს დონორი თავს უნდა გრძნობდეს ჯანმრთელად, არ უნდა ჰქონდეს რესპირაციული დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები. სისხლის ჩაბარების მსურველების ჯანმრთელობის მდგომარეობას სისხლის ბანკის წარმომადგენელი შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს.

- ბატონო პაატა, ჩვენ უანგარო დონორებს ხშირად ვუწოდებთ გმირებს, თქვენი აზრით, რაში მდგომარეობს ამ ადამიანების გმირობა?

- რეგულარული უანგარო დონორები მართლაც გმირები არიან. ერთია, როცა შენი საყვარელი ადამიანისთვის, ნათესავისთვის ან მეგობრისთვის აბარებ სისხლის უკიდურესი საჭიროების გამო - ექსტრემალურ სიტუაციაში და მეორეა, როცა მიდიხარ სისხლის ბანკში, აბარებ სისხლის და არ იცი, შენი სისხლით ვის გადაარჩენ. ეს არის უდიდესი ჰუმანური აქტი. პირადად ვუხდი მადლობას ყველა უანგარო დონორს. მათი საქციელი ნამდვილად მისაბაძი და სანაქებოა. პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის ფართო ფენების მიერ საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის გააზრება და სისხლის უანგარო დონაციის პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება!

ავტორი: მეგი საჯაია, ეკა სალაღაია