ავტორი:

"მიშას ეს უნდა, ბიძინას - ის, წითელი ხაზები... ამ სიტუაციიდან გამოძრომა მარტივი არაა" - რატომ ჩაიშალა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები?

"მიშას ეს უნდა, ბიძინას - ის, წითელი ხაზები... ამ სიტუაციიდან გამოძრომა მარტივი არაა" - რატომ ჩაიშალა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები?

მხარეებს შორის ერთკვირიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. შარლ მიშელის წარმომადგენელი მედიატორის დიდი მცდელობის მიუხედავად, კრისტიან დანიელსონი ბრიუსელში კონკრეტული შედეგის გარეშე დაბრუნდა. მხარეები მოლაპარაკების ჩაშლას ერთმანეთს აბრალებენ და ამაზე პასუხისმგებლობასაც ერთმანეთს აკისრებენ. როგორც ჩანს, წითელი ხაზები წითელ ხაზებად რჩება და დათმობას არც ერთი მხარე არ აპირებს მიუხედავად იმისა, რომ "პოლიტიკა შესაძლებელის, ამავდროულად, კომპრომისების ხელოვნებაა“. როგორც დაანონსდა, მოლაპარაკებები გაგრძელდება. კითხვაზე, ამის შემდეგ როგორ შეიძლება წარიმართოს პროცესები საქართველოში, ambebi.ge-ს ექსპერტები პასუხობენ.

თორნიკე შარაშენიძე, პოლიტოლოგი:

"მოლაპარაკებები ალბათ გაგრძელდება, მაგრამ, ვფიქრობ, მხარეები ასე მალე ვერ მიაღწევენ შეთანხმებას. ამის ვარაუდის საფუძველს მაძლევს ის ფაქტორები, რომ ორივე მხარეს აქვს წითელი ხაზები. პლუს ამას, ოპოზიციამ შეიზღუდა თავისი მანევრების საშუალება მას მერე, რაც წითელ ხაზად თავიდანვე დააწესა ვადამდელი არჩევნები და ახლა უკან დახევა უჭირს.

ოპოზიციაში მთავარი მოქმედი ფაქტორი მაინც მიხეილ სააკაშვილია, რომელსაც, როგორც თვითონ ამბობს, უნდა, რომ ჩამოანგრიოს "ოცნება“, ფიქრობს, რაც დრო გავა, ის მეტ შეცდომას დაუშვებს და თვითონ ჩამოიშლება. თავის მხრივ, "ოცნება“ ცდილობს მოახდინოს სააკაშვილის მარგინალიზაცია, ჩამოაშოროს მას მოკავშირე ოპოზიციური პარტიები. ვიდრე ამ გეგმებზე არც ერთი მხარე უარს არ ამბობს და ოპოზიცია მათ მიერ დაწესებული წითელი ხაზების ტყვეობაშია, ასე მარტივად შეთანხმებას ვერ მიაღწევენ. მიშას ეს უნდა, ბიძინას - ის უნდა, წითელი ხაზები და ამ სიტუაციიდან გამოძრომა მარტივი არაა.

დარწმუნებული ვარ, ბევრს უნდა პარლამენტში შესვლა, მაგრამ ვერ ახერხებს. "ოცნება“ დარწმუნებულია თავის ძლიერ პოზიციებში, რომელსაც მაინც შერჩა მელიას დაპატიმრება. ის ამბობს, რომ მას ნებისმიერ წუთს შეუძლია გათავისუფლება, თუ გირაოს გადაიხდის, - ნუ ჯიუტობს, გადაიხადოს და გავა, რა პოლიტპატიმარი ეგ არისო. ამაში არის ლოგიკა. აშკარაა, რომ ორივე მხარეს უნდა, მეორე მხარე დაჩაგროს, კომპრომისზე არავინ მიდის და ცდილობენ, მეორემ დათმოს. ასეთ სიტუაციაში არ მგონია, რამეზე მოილაპარაკონ. ჩემი აზრით, არც არაფერი მოხდება - ქვეყანა მიეჩვია პოლიტიკურ კრიზისში ცხოვრებას, რომელიც ფაქტია, ჯერჯერობით სხვა სფეროებზე ასე მძიმედ არ აისახება, ეკონომიკური კრიზისი თუ არის, ეს პანდემიის ბრალია, მაგრამ ცუდია ის, რომ ქვეყანა ვერ კონცენტრირდება გრძელვადიან სტრატეგიულ საკითხებზე, საქართველო იმაზე რეაგირებას ვერ აკეთებს, რა მოხდა რეგიონში ყარაბაღის ომის მერე.

ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, ასეთ რაღაცეებზე ვკონცენტრირდეთ და ვართ დაკავებული შიდა პოლიტიკური მარაზმით და გარე პოლიტიკური საფრთხეები თუ შეიძლება გაჩნდეს, ეს ჩვენს მიღმა მიდის. ამერიკის სამომავლო ჩართულობას რაც ეხება, ამერიკას მეტი წონა აქვს და ორივე მხარე ალბათ იმას ელოდება, აი, ის ჩვენს მხარეს დაიჭერსო. ორივე მხარე ცდილობს, თავი მოაწონოს დასავლეთს და უმტკიცოს, მე ვარ მართალი, კარგი ბიჭი და ის ცუდი ბიჭია. ორივე მხარეს იმის იმედი აქვს, რომ ერთ მხარეს ამერიკა დატუქსავს, მაგრამ ეს არ მოხდება. ამერიკა შეეცდება კომპრომისამდე მიიყვანოს მხარეები, მაგრამ, როგორც ჩანს, ქართველი პოლიტიკოსებისთვის არ არის ჭეშმარიტება ის, რომ პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა, ეს არ აქვთ გააზრებული. ამათთვის პოლიტიკა არის ბრძოლა მეორე მხარის განადგურებისთვის და ეს ტიპიური ბოლშევიკური პრინციპია - ლენინი ხელმძღვანელობდა იმით, რომ პოლიტიკა არის ომი და მეორე მხარე უნდა მოსპო. ასეთი რაღაცეები ხდება ავტორიტარულ სახელმწიფოებში. მადლობა ღმერთს, არც ტოტალიტარული ვართ და არც ავტორიტარული, ნახევრად დემოკრატიულები ვართ, მაგრამ ნახევრადემოკრატიისათვისაც კი ასეთი აზროვნება არის არასწორი, რბილად რომ ვთქვათ. შეიძლება სულაც რაღაც მოხდეს, რამაც ამოატრიალოს სიტუაცია, არ ვიცი“.

ვახტანგ ძაბირაძე, პოლიტოლოგი:

"მოსალოდნელი იყო, რომ მოლაპარაკებები ჩაიშლებოდა და ასეთ რეზულტატს მივიღებდით იმიტომ, რომ მიუხედავად განცხადებებისა, რომ წითელი ხაზები აღარ არსებობს, რეალურად ეს წითელი ხაზები ყოველთვის იყო და რჩებოდა. არცერთი მხარე არ აპირებს ამ წითელი ხაზების დათმობას, ამიტომ მომლაპარაკებელს ეს უნდა სცოდნოდა. ჩვენს პარტნიორებს თუ უნდათ აქ რაიმე შედეგს მიაღწიონ, ამას ფასილიტაცია და მედიაცია არ უშველის, მომრიგებელი მოსამართლე გვჭირდება.

ახლა ყველაფერი დაუბრუნდა საწყის ეტაპს, ოპოზიცია დაიწყებს ქუჩის აქციებს, პარლამენტი გააგრძელებს თავის საქმიანობას. პრობლემა ის არის, რომ ჩემი შეფასებით, ოპოზიციას ამ ეტაპზე არ აქვს ისეთი მხარდაჭერა, რომ მან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მასობრივი აქციების ორგანიზება შეძლოს. ისინი თავსაც იტყუებენ და ჩვენც გვატყუებენ, რომ რაღაცას შეძლებენ. მედიატორები ორივე მხარეს უნდა ელაპარაკონ, როგორც ლაპარაკობდნენ და შემდეგ თვითონ დადონ შეთანხმების დოკუმენტი, რომელიც მხარეების მხრიდან განხილვას უკვე აღარ უნდა ექვემდებარებოდეს და ეს იქნება კარგი გამოსავალი. თუმცა ამ შემთხვევაში გაცილებით ძლიერი არგუმენტები აქვს ხელისუფლებას, ვიდრე - ოპოზიციას.

მსხვილი კუპიურებით რომ ვილაპარაკოთ, არჩევნების შედეგებს აღიარებს "ქართული ოცნება“ და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, გარდა ოპოზიციისა. სხვა თემაა ნიკა მელიას წინააღმდეგ აღძრული საქმე. ის ამ საქმის გამო ხომ არ დაუკავებიათ? დააკავეს იმის გამო, რომ მან აღმკვეთი ღონისძიების ფორმაზე თქვა უარი, ამასთანავე, პირობა ასეთია, რომ 11 ათას ევროს თუ გადაიხდის, გამოვა. ახლა, 11 000- ევროიანი პოლიტპატიმარი თუ სადმე არსებობს, მე არ ვიცი. როგორ გინდა, ამ არგუმენტებით დაარწმუნო ამერიკელები, ან ევროპელები, რომ ეს არის პოლიტიკური რეპრესია და არა მისი მხრიდან პროვოცირება?

ამიტომ ვამბობ, რომ ოპოზიციას გარეთ და შიგნით სუსტი პოზიციები აქვს. მოლაპარაკებებს, რომლებიც მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, შედეგი მოჰყვება. შარლ მიშელის მხარის წარმომადგენელი იძულებული იყო დეტალურად გაცნობოდა ვითარებას, ყველას არგუმენტებს. მას ექნება შეხვედრა მიშელთან და ევროპარლამენტარებთანაც, თუმცა მისი პოზიცია ოპოზიციის სასარგებლოდ რომ იქნება, ამაში რაღაც ეჭვი მეპარება. რაც ეხება იმ განცხადებას, რომ ოპოზიცია წავიდა კომპრომისზე, ხელისუფლება კი არა, აქაც სუსტი პოზიცია აქვს ოპოზიციას - 6 საკითხი იყო მოლაპარაკების მაგიდაზე, აქედან ოთხზე ხელისუფლება მზადაა ულაპარაკოდ დაიწყოს კონსულტაციები და შეთანხმდეს, ორი საკითხი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ოპოზიციის დამოკიდებულება ასეთია - ან ექვსივეზე შეთანხმდება, ან - არაფერზე. ახლა, როგორ ფიქრობთ, ულტიმატუმი თუ არ არის, რა ჰქვია ამას? ასე რომ, ხელისუფლებას ყველგან უპირატესობა აქვს, ამიტომ უცნაურია, როდესაც ოპოზიცია რაღაცის იმედზე ლაპარაკობს.

თქვენ წარმოიდგინეთ, ოპოზიცია პარლამენტში შესვლით არაფერს კარგავდა, ის პოლიტიკურ ქულებს და საერთაშორისო მხარდაჭერას იღებდა და გარდა ამისა, ამ ქვეყანაში საპროტესტოს რა გამოლევს? დღეს მან ორივე შესაძლებლობა დაკარგა - პარლამენტის ტრიბუნაც და ქუჩაც. მათი ლოგიკა არ მესმის, იმას კი ვხედავ, რომ უკან-უკან მიდის ქვეყანა. ოპოზიციას თუ აქვს იმის თავი, ერთ რამეს შევთავაზებ - ერთხელ გამოიყვანოს ხალხის ის რაოდენობა, რაც, დავუშვათ, 2011 თუ 2012 წელს გამოიყვანა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე. მაშინ ხელისუფლება დაფიქრდება, რა ქნას.

ახლა, 20 კაცით გინდა შუშის სასახლეს მიადექი, გინდა - პარლამენტს, ტალღა ვერ აგორდება. გასაგებია, არ ვარგა ეს ხელისუფლება, დიდი სიამოვნებით მივცემდი და მივეცი კიდეც ხმა მის წინააღმდეგ, მაგრამ ის არც ისეთი გულუბრყვილოა, ვერ აკონტროლოს რა სიტუაცია და განწყობებია ქვეყანაში. ტელევიზიით რამდენიც გინდა იყვირო, მე მიჭერენ მხარსო, ეს ეგრე არ არის. როცა რაღაცას გეგმავ, პიარის გარდა, რეალობაც ხომ უნდა გაითვალისწინო?

სამი ტელევიზია გადასულია ნიკა მელიას დაკავების კადრების ჩვენებაზე და რაც ამას მერე აქცია მოჰყვა, ამაზე ცოტა უნდა დაფიქრდე რა რესურსი გაქვს იმისა, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს და ელექტორატი აკონტროლო. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ თუ ოპოზიციის რეიტინგი ისევ დაეცა, როგორც ეს 2011 წელს მოხდა, მაშინ რა გვეშველება, უკვე აღარ ვიცი. ის ვითარება რომ იყოს ჩვენს ირგვლივ, რაც მაშინ იყო, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. დღეს ჩვენს ირგვლივ გაცილებით მძიმე და ბევრად საშიში სიტუაციაა, ვიდრე 2011 წელს იყო და ვიფიქროთ ამაზე“.

ნანა ფიცხელაური

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

საქართველოში მესამე ტალღა მოსალოდნელია - ეკატერინე ტიკარაძე