ავტორი:

"ერთჯერადი პარლამენტარობა" - რესპუბლიკური პარტიის დილემა, ანუ შევდივართ, მაგრამ არ შევდივართ...

"ერთჯერადი პარლამენტარობა" - რესპუბლიკური პარტიის დილემა, ანუ შევდივართ, მაგრამ არ შევდივართ...

3 თებერვალს ambebi.ge-ზე გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "გირჩის" წევრების გარდა, ლაპარაკია, კიდევ 10 ადამიანზე, მათი უმრავლესობა "ნაცმოძრაობის" სიიდან არის" - ვინ შეიძლება თქვას ბოიკოტზე უარი და პარლამენტში შევიდეს“, რომელშიც სანდო წყაროზე დაყრდნობით ვწერდით, რომ რამდენიმე დეპუტატი პარლამენტის ბოიკოტზე უარის თქმის თემას განიხილავდა და ამ საკითხზე კულუარულად საუბრობდნენ მმართველ პარტიასთანაც. სტატიაში ლაპარაკი იყო გაერთიანების "ნაციონალური მოძრაობა“ - "ძალა ერთობაშია“ სიით გასულ 2 "რესპუბლიკელ“ ქალბატონზე - თამარ კორძაიასა და ხათუნა სამნიძეზე, რის მერეც ambebi.ge რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის თავდასხმის ობიექტი გახდა.

“ambebi.ge-ის სტატია ვნახე, იქ სრული იდიოტობები წერია, "რესპუბლიკელებზე“ რაღაცა ეჭვები, რომ "რესპუბლიკელები შეიძლება აღმოჩნდნენ იმ 20-ში თუ 10-ში, რომლებიც შეიძლება შევიდნენ პარლამენტში. "რესპუბლიკელების“ ფოტოების გამოფენა აქ, ეგ არ არის კვალიფიციური მიდგომა... სანდო წყარო გვაქვსო, კაი რა, რა სანდო წყარო, სანდო წყაროებით ლაპარაკობს "ასავალ-დასავალი“, - განაცხადა ბერძენიშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დილის ნიუსრუმში“.

10 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ ასეთი "პრინციპული და შეუვალი“ "რესპუბლიკელები“ დიახაც განიხილავენ პარლამენტში შესვლას.

"რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, - თუ "ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, პარტია მზადაა მხოლოდ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობაო.

მართალია, იქვე დასძინა, ეს ერთჯერადად მოხდებაო.

"მე მათ ვეუბნები, დაარეგისტრიროს კანონპროექტი, რითაც თავს იწონებენ, დავარეგისტრირებთო, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ამას არ სჭირდება არავისი შესვლა პარლამენტში. ამ იდეას იზიარებს მთელი ოპოზიცია. დაარეგისტრიროს და ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში. მხოლოდ კანონპროექტის კენჭისყრაში მივიღებთ მონაწილეობას. ეს არ ნიშნავს პარლამენტში შესვლას, ეს ნიშნავს კონკრეტულ კანონპროექტზე მხარდაჭერას და კვლავ ბოიკოტის რეჟიმში დარჩენას“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მაგრამ უკაცრავად და, ეს "ერთჯერადი პარალამენატრობა“ რას ნიშნავს? იქნებ, ამომრჩეველი იმიტომ ირჩევს პარლამენტს, რომ მის წევრებს რომელი კანონპროექტიც მოეწონებათ ან რომელ კენჭისყრაში მონაწილეობაც არ დაეზარებათ, მხოლოდ მის განხილვაში მიიღონ მონაწილეობა?

მოდით ვნახოთ, რა განაცხადა თვითონ დავით ბერძენიშვილმა:

"თუ ხელისუფლება ასე აპირებს თამაშს და ამბობს, რომ აი, შემოდით პარლამენტში, დავარეგისტრირებთ და განვიხილოთ საკონსტიტუციო ცლილება, ჩვენ ვეუბნებით - არ შემოვდივართ პარლამენტში, დაარეგისტრირეთ და კენჭისყრის დროს ხმას მივცემთ. მანამდე სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებსაც, დარწმუნებული ვარ, დავითანხმებთ. ეს იქნება მომავლის კენჭისყრა, რომ საქართველოში იყოს არა 5%-იანი ბარიერი, უბლოკო და პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია - ხელისუფლება და მისი მონიშნული ოპოზიცია, არამედ იყოს მრავალპარტიული პარლამენტი. ამ კენჭისყრების შემდეგ "რესპუბლიკელები" არ აპირებენ დეპუტატობას. ისინი პარლამენტში ნაწილ-ნაწილ კი არ შედიან. ეს არის ჩვენი ინიციატივა, ეს არის წაუგებელი თამაში. აქ არის აშკარად პოლიტიკური ინტელექტის უპირატესობა გამოვლენილი. ხელისუფლება ამ დღეშია - ან მისი სიტყვები უკან უნდა წაიღოს და აღარ დაარეგისტრიროს და ამით გამოჩნდება, რომ ვამხილეთ, ან დაარეგისტრიროს“.

ანუ "რესპუბლიკელები“ მხოლოდ კი არ შედიან, არამედ სხვა დეპუტატების დათანხმებასაც აპირებენ.

აქვე ბერძენიშვილი ერთ შეცდომას უშვებს, უბარიერო არჩევნების იდეა "გირჩს“ ეკუთვნის და არა რესპუბლიკურ პარტიას.

თანაც ამაზე მმართველმა ძალამ უკვე გამოთქვა თავისი პოზიცია.

ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 8 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მმართველი პარტია მზად არის, უბარიერო საარჩევნო სისტემა განიხილოს 2024 წლის არჩევნებისთვის. მდინარაძე გამოეხმაურა პარტია "გირჩის“ წინადადებას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისთვის ბუნებრივი ბარიერის დაწესებას ითვალისწინებს.

რა გამოხმაურებები მოჰყვა ე.წ. ოპოზიციურ ერთობაში "რესპუბლიკელების" იდეას? - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მათთვის ბუნებრივი ბარიერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას მხოლოდ ვადამდელი არჩევნების კონტექსტში იძენს. "რესპუბლიკელებისგან“ განსხვავებით, ამ თემაზე კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს პარტია "ლელო“. ბოიკოტის შენარჩუნებას აპირებს "სტრატეგია აღმაშენებელიც..."

მოკლედ, დღეს გვაქვს ამგვარი ვითარება, რიგ პოლიტკურ ძალებს, რომლებიც თავისი სიჯიუტის მძევლებად იქცნენ, როგორც არასდროს, ისე უნდათ პარლამენტში შესვლა, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ, ამას ისეთი ელფერი მისცენ, რომ სახე შეინარჩუნონ, თუმცა ზოგიერთის შემთხვევაში, ეს ძალიან რთული იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ ამისთვის ჯერ ეს "სახე“ უნდა გქონდეს.

"გითხარით - არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ" - რას წერს მელია მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს მხარი დაუჭირა

"უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს" - მამუკა მდინარაძე

"გახარიას ჩემგან დახმარების გარდა არაფერი მიუღია" - რას აცხადებს სკანდალურად ალაპარაკებული სოსო გოგაშვილი და ელოდება თუ არა დაკავება სუს-ის ექსმაღალჩინოსანს?