ავტორი:

ისევ არეულობა... გაფიცვა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ: ვინ უჭერს მხარს სომხეთის ოპოზიციას

ისევ არეულობა... გაფიცვა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ: ვინ უჭერს მხარს სომხეთის ოპოზიციას

სომხეთში ისევ არ წყდება მიტინგები ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით. დღეს დილით ოპოზიცია მთავრობის შენობის ბლოკირებას გეგმავს, - ამის შესახებ ოპოზიციური პარტია "დაშნაკცუტიუნის“ წარმომადგენელმა გეგამ მანუკიანმა გუშინ, "რესპუბლიკის მოედანზე“ გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობას სხდომის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.

"მთავრობა 11:00 საათზე სხდომის გამართვას გეგმავს. მოვუწოდებ ყველას, 10:00 საათიდან მოვახდინოთ მთავრობის შენობის ბლოკირება ისე, რომ მთავრობის წარმომადგენლებს არც შესვლის და არც გასვლის საშუალება არ მივცეთ. მათი სხდომების ფასი დიდი ხანია კაპიკიც არაა. ნიკოლ ფაშინიანს მთავრობის სხდომის ჩატარების შესაძლებლობა უნდა წავართვათ,“- აღნიშნა მანუკიანმა.

მისივე თქმით, "რესპუბლიკის მოედანზე“ საპროტესტო აქციები გაგრძელდება და იქ გაშლილი კარვების აღებასაც არ აპირებენ.

სომხეთში შექმნილ ვითარებაზე ვრცელ რეპორტაჟს აქვეყნებს გერმანული რადიოსადგურის, "დოიჩე ველეს“ («Deutsche Welle») ვებგვერდი.

გთავაზობთ პუბლიკაციას, სათაურით: "გაფიცვა პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ: ვინ უჭერს მხარს სომხეთის ოპოზიციას“, მცირე შემოკლებით:

"სომხეთის ოპოზიციამ, რომელიც 16 პოლიტიკური პარტიით არის წარმოდგენილი, 22 დეკემბერს დილით ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან, მიტინგი დაიწყო. მათი მთავარი მოთხოვნები არ იცვლება: პირველი - ქვეყანაში ცხადდება საერთო ეროვნული გაფიცვა; მეორე - უნდა გადადგეს პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი მთავრობა.

ათასობით სომეხმა მხარი დაუჭირა ოპოზიციის მოწოდებას, რომლებიც სამსახურებში არ გასულან. მათ შეუერთდნენ რესპუბლიკის ყველა უმაღლესი სასწავლებლების, მათ შორის ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებელებიც. ათობით სამედიცინო დაწესებულებამ გაფიცვა გამოაცხადა: ისინი მხოლოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს გაუწევენ დახმარებას.

ერევანში არ მუშაობს ბევრი ავტოგასამართი სადგური. ოპოზიციის მხარეზე გადავიდა თითქმის 700-მდე ადვოკატი. დახურულია ის საწარმოებიც, რომლებიც ოპოზიციური პარტიის "აყვავებული სომხეთის“ ლიდერს, მსხვილ ბიზნესმენს გაგიკ ცარუკიანს ეკუთვნის.

ოპოზიციონერებმა გადაკეტეს სომხეთის რამდენიმე ავტომაგისტრალი, მათ შორის ვანაძორში, იჯევანის - ნიკოლ ფაშინიანის მშობლიური ქალაქის მიმართულებითაც.

ერევნის ცენტრში შეკრებილი ათი ათასობით ადამიანი ხმამაღლა გაჰყვიროდა ლოზუნგებს - "ნიკოლი - გამყიდველი და მოღალატეა!“, "სომხეთი ნიკოლის გარეშე!“ და ა.შ.

მიტინგზე გამოსვლისას ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა იშხან საგათელიანმა დაასახელა პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის ოთხი შესაძლო ვარიანტი: პირველი - ნებაყოფლობითი გადადგომა; მეორე - პარლამენტი იწვევს რიგგარეშე სხდომას და პრემიერ-მინისტრისათვის უნდობლობის ვოტუმი გამოაქვს; მესამე - გენერალური პროკურატურა ბრალს უყენებს პრემიერ-მინისტრს სახელმწიფოს ღალატის გამო და მეოთხე - მინისტრთა კაბინეტი, მისი წევრების ორი მესამედის მოთხოვნით, თვითონ წყვეტს პრემიერ-მინისტრის ყოფნა-არყოფნის საკითხს. "საერთო-ეროვნული საპროტესტო აქცია არ შეწყდება მანამ, სანამ რომელიმე დასახელებული წესით ნიკოლ ფაშინიანი არ გადადგება“, - განაცხადა იშხან საგათელიანმა.

გუშინ ოპოზიციამ ალყა შემოარტყა მთავრობის სახლს, გენერალური პროკურატურის შენობას და რიგ სამინისტროებს. ოპოზიციის ნაწილმა რესპუბლიკის მოედანზე კარვების დადგმა დაიწყო. სხვათა შორის, ერევნის ცენტრთან ახლოს შეიმჩნევა სპეცტექნიკით აღჭურვილი პოლიციის ჭარბი ძალები". წყარო

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ოპოზიციის ქმედებების უკან რუსეთი დგას, რომელიც მთელ ამ პროცესებს ყარაბაღში იმიტომ შეხვდა ასეთი სიმშვიდით, რომ მისი მიზანი მეტ-ნაკლებად დასავლეთისკენ მომზირალი ფაშინიანის ხელისუფლებისგან ჩამოშორებაც იყო.

მოამზადა სიმონ კილაძემ

ამერიკელ ექიმს, რომელიც Moderna-ს ვაქცინით აცრეს, მწვავე ალერგიული რეაქცია გამოუვლინდა - რას წერს The New York Times?

"ის, რაც ბევრ ადამიანს ამ წელს შობისთვის სურს, უბრალოდ ჩახუტება ან ხელის ჩაჭიდებაა" - ელისაბედ მეორეს სადღესასწაულო მიმართვა

"კოვიდ 19-ის ახალი ვარიანტი ევროპის 8 ქვეყანაში დაფიქსირდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაცვითი ზომების გაძლიერება" - ჰანს კლუგე