ავტორი:

"ტექსტის დაზეპირება გვიწევდა, სად იყო სუფლიორი მაშინ" - რას ჰყვებოდა დონარა კინწურაშვილი წლების წინ და რა შენიშვნები ჰქონდა თანამედროვე ჟურნალისტებთან

"ტექსტის დაზეპირება გვიწევდა, სად იყო სუფლიორი მაშინ" - რას ჰყვებოდა დონარა კინწურაშვილი წლების წინ და რა შენიშვნები ჰქონდა თანამედროვე ჟურნალისტებთან

82 წლის ასაკში საქართველოს ტელევიზიის ყოფილი დიქტორი და წამყვანი დონარა კინწურაშვილი გარდაიცვალა. 21 წლის იყო, როდესაც სატელევიზიო კარიერა დაიწყო. სილამაზითა და გამართული მეტყველების უნარით დაჯილდოვებული მოსწავლე სკოლაში მალევე გამოარჩიეს. მშობლების რადიოში მუშაობის მიუხედავად, ჟურნალისტობაზე არასოდეს უფიქრია.

პროფესიით უცხო ენების სპეციალისტმა, დონარა კინწურაშვილმა თავისი ცხოვრება მაინც ტელევიზიას დაუკავშირა და თითქმის 50 წელი საქართველოს მოსახლეობას ტელეეკრანიდან ესაუბრებოდა. "კვირის პალიტრის" არქივში ინახება დონარა კინწურაშვილთან წლების წინ ჩაწერილი ინტერვიუ, სადაც ის იხსენებს ტელევიზიაში მუშაობის პერიოდსა და იმათ, როგორ გადადგა პირველი ნაბიჯები სატელევიზიო სივრცეში.

გთავაზობთ მასალას არქივიდან:

- ქალბატონო დონარა, როგორ მოხვდით ტელეეკრანზე?

- მშობლები რადიოში მუშაობდნენ, სიმართლე გითხრათ, მიუხედავად ამისა, ჟურნალისტობაზე არ მიფიქრია. ერთხელ პიონერთა სასახლეში საახალწლო გადაცემისთვის ბავშვებს არჩევდნენ. შერჩევაში მონაწილეობის მისაღებად. სკოლიდან დირექტორმა გამიშვა. ლექსი უნდა მეთქვა, დავიწყე, მაგრამ ბოლომდე თქმა არ მაცადეს, გული დამწყდა, ვიფიქრე, არ მოეწონათ მეთქი, მაგრამ დამტოვეს... ეს იყო ჩემი პირველი გამოჩენა ტელეეკრანზე.

შემდგომში პიონერთა სასახლეში თუ რამე ღონისძიება ტარდებოდა, ყოველთვის მიძახებდნენ, თუმცა ამის მერე თავი დავანებე წამყვანობას და უცხო ენათა ინსტიტუტში ჩავაბარე.ერთხელაც ჩემი ძმის ამხანაგი, ცნობილი მთარგმნელის, ვენერა ურუშაძის ვაჟიშვილი მოვიდა ჩვენთან. სახლში დიდი ფარდები გვეკიდა, გავწიე ეს ფარდები და მურმანს მივესალმე. გაეცინა და ჩემს ძმას უთხრა: კინოსტუდიაში არ უშვებ, ტელევიზიაში დიქტორად მაინც გაუშვიო. შევეწინააღდეგე დიქტორად არ მინდა, ჟურნალისტობა მინდა-მეთქი. მურმანმა ტელევიზიის იმჟამინდელ დირექტორ კაკო ძიძიგურთან მიმიყვანა, მასთან ერთად ჯულიეტა ვაშაყმაძე და თენგიზ ნათაძე იყვნენ, გაუხარდათ ჩემი მისვლა, გამომცადეს და ყველას მოვეწონე.

1963 წელს დაიწყო ჩემი მოღვაწეობა ამ სფეროში. 21 წლის ვიყავი, როდესაც პირველი ჩაწერიდან გამოვედი, ეს იმდენად სასიამოვნო იყო, მეგონა, რომ უკვე ყველა მცნობდა და ყველა მე მიყურებდა. ტელევიზიაში თითქმის 50 წელი დავყავი, რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტი ვარ...

- როგორც ვიცი, BBC-ის პირდაპირ ეთერშიც მოგიწიათ ყოფნა...

- "ბიბისის" გადამღები ჯგუფი ჩამოსული იყო იმისათვის, რომ გადაეღო მოკავშირე რესპუბლიკების ხალხური შემოქმედება და წარედგინა ინგლისისთვის. იმ წელს პირველად იღებდა მონაწილეობას საქართველო. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო. ჩაიწერა ჩემი გამოსვლა და ცოტა ხნის შემდეგ "ბიბისიდან" მოვიდა მადლობის წერილი ჩვენი ქვეყნის საუკეთესო წარდგენაში შეტანილი წვლილისათვის.

- დღეს ტექნიკის მხრივ უფრო მარტივადაა საქმე, თქვენ დროს კი სუფლიორიც არ იყო...

- ტექსტის დაზეპირება გვიწევდა, სად იყო სუფლიორი მაშინ. არც ტექნიკა გვქონდა წესიერი, ფუჭდებოდა და კარგა ხანს ველოდით ხოლმე მის გაკეთებას... გააკეთებდნენ, მერე ისევ მალევე ფუჭდებოდა, ახლა რომ ვფიქრობ, საშინელ პირობებში ვმუშაობდით. სულ ძველ და გაფუჭებულ ტექნიკას გვიგზავნიდა რუსეთი. დღეს ტექნიკა განვითარებულია და მიხარია. ერთხელ ჩვენთან საკავშირო შოუ-პროგრამების რედაქტორი მასლიაკოვი ჩამოვიდა, გაოცებული იყო, როგორ მუშაობთ ამ პირობებშიო.

- რა შენიშვნები გაქვთ დღევანდელი მედიის მუშაობასთან და რა რჩევებს მისცემდით ჟურნალისტებს?

- პირველი რიგში, მინდა, ყურადღება ჟურნალისტების ჩაცმის სტილზე გავამახვილო, რაც საშინლად არ მომწონს. არ შეიძლება ასეთი სიტიტვლე ეკრანზე. ლამის შორტებით გამოდიან და ყველაფერი უჩანთ. ასე როგორ შეიძლება, ჩაცმის კულტურას დიდი მნიშვნელობა აქვს. მახსოვს, ოპერაში საახალწლო გადაცემას ვწერდით, ძალიან ლამაზი კაბა მეცვა, ოდნავ ჩახსნილი, რეკავს გადაცემის ავტორი, დონარას უთხარით რამე მოიხუროსო. ახლა კი ისეთი განუკითხაობაა, არ ვიცი. ალბათ სიამოვნებთ, ასეთ გაშიშვლებულ გოგონებს რომ უყურებენ..განაგრძეთ კითხვა

"რას გააკეთებდა იოსებ სტალინი 2020 წელს? - პანდემიას დაამარცხებდა... ვაქცინასაც სწრაფად შექმნიდნენ" - რას წერს რუსული გამოცემა

"ჩემი საგვარეულო რეცეპტია, ეს არის იდეალური "იდეალი“ - დალი ჩიტალაძის სადღესასწაულო ნამცხვრის რეცეპტი

"სიყვარული იმარჯვებს, დაგვიჯერეთ" - მეგანისა და ჰარის პირველი ერთობლივი პოდკასტი და გუწრფელი საუბარი ბრიტანეთიდან წასვლის შემდეგ