ავტორი:

"რეინფიცირება დაიწყო იმ ქვეყნებში, სადაც იყო კორონავირუსის ძლიერი პირველი ტალღა... ჩემი პოზიცია არის მარტივი, მკაცრი ჩაკეტვა რაც შეიძლება მალე!" - გიორგი ფხაკაძე

"რეინფიცირება დაიწყო იმ ქვეყნებში, სადაც იყო კორონავირუსის ძლიერი პირველი ტალღა... ჩემი პოზიცია არის მარტივი, მკაცრი ჩაკეტვა რაც შეიძლება მალე!" - გიორგი ფხაკაძე

მტკიცებულებები წამოვიდა, რომ პრაქტიკულად რეინფიცირება დაიწყო იმ ქვეყნებში, სადაც იყო კორონავირუსის ძლიერი პირველი ტალღა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

ამასთან, გიორგი ფხაკაძის თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორნავირუსს ახასიათებს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიც არის კონცენტრაციის და ორიენტაციის დაკარგვა.

„კორონავირუსი გახდა უფრო ძლიერი, უფრო აგრესიული იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ვრცელდება, მუტაცია გაიარა და მოსახლეობაში უფრო ვრცელდება. თუმცა, მოსახლეობის 90%-ში არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც იყო დასაწყისში.

სიმართლე არის ერთი, ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი ამბავი, მტკიცებულებები წამოვიდა, რომ პრაქტიკულად რეინფიცირება დაიწყო იმ ქვეყნებში, სადაც იყო ძლიერი პირველი ტალღა. მეორე ცუდია ამბავია ის, რომ უნდა მოვემზადოთ პოსტ კოვიდური კლინიკებისთვის, უკვე წამოვიდა ძალიან ბევრი ინფორმაცია, პოსტკოვიდური სინდრომი წამოვიდა. ძალიან დიდ შეტევას ახდენს ტვინზე, შესაბამისად, ადამიანი კარგავს კონცენტრაციას, მეხსიერებას, ორიენტაციას, ისეთი ტიპის გვერდითი ეფექტია, რომელიც მოულოდნელი იყო“, - ამბობს ფხაკაძე.

პოსტკოვიდური სინდრომი წამოვიდა - შეტევას ახდენს ტვინზე, შესაბამისად, ადამიანი კარგავს კონცენტრაციას, მეხსიერებას, ორიენტაციას

გიორგი ფხაკაძის თქმით, გუშინ ჯანდაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება განიხილა, სადაც რეკომენდაციები გასცა.

როგორც ფხაკაძე აცხადებს, საქართველოში „წითელი ხაზი გადალახულია“, რეანიმაციულ საწოლებში, საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის.

„მოვუწოდე, რომ ქვეყანა უნდა იყოს ჩაკეტილი და უნდა ყოფილიყო ჩაკეტილი კიდევ უფრო ადრე. ჩემი მოსაზრებაა ასევე ის, რომ ჩვენ თავი უნდა დავანებოთ 7-8 ათას საწოლზე ლაპარაკს. ეს არასწორი მიდგომაა. ჩვენ ფოკუსირება უნდა გავაკეთოთ რეანიმაციულ საწოლებზე, ასევე ჩემი მოსაზრებაა ის, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ კერძო კომპანიების ხაფანგში, პრაქტიკულად რომ არ უშვებენ კოვიდპაციენტებს საავადმყოფოში. ეს მიუღებელი და არასწორი გზაა.

ყველა რეანიმაციული საწოლი უნდა იყოს ჩართული კოვიდ მენეჯმენტში

მიდგომა უნდა იყოს ძალიან მარტივი, ყველა რეანიმაციული საწოლი უნდა იყოს ჩართული კოვიდ მენეჯმენტში. ჩვენ უნდა გვქონდეს აბსოლუტურად ღია ინფორმაცია თუ რამდენი რეანიმაციული საწოლია რეგიონში, თითო ქალაქში და ქვეყანაში.

იქიდან გამომდინარე, თუ რამდენი რეანიმაციული საწოლია თავისუფალი, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ვკეტავთ თუ არა ქვეყანას. რეანიმაციული საწოლი მარტო კოვიდინფიცირებულ პაციენტს კი არ სჭირდება, ადამიანს გულის შეტევა აქვს თუ დიაბეტი და ასე შემდეგ, გათვალისწინებულია. თუ გაქვთ, 75%-ზე გადაჭარბებული რეანიმაციული საწოლი, მაშინ უნდა ჩაკეტო, ან რეგიონი, ან ეს ქალაქი, ან ქვეყანა.

რომ ჩავატაროთ, დღეში 30 ათასი ტესტირება, 10 ათასი პაციენტი გვეყოლება

ჩვენ რომ ჩავატაროთ, დღეში 30 ათასი ტესტირება, ჩვენ 10 ათასი პაციენტი გვეყოლება. ეს არის ეპიდემიოლგიური სტატისტიკა. გადავხედოთ ჩვენ რეგიონს. ყველაზე მთავარი მაჩვენებელი არის არა ის, რამდენი დაიტესტა და რამდენია პოზიტიური, სიკვდილიანობაზეა საუბარი. ჩვენ უკვე გადავლახეთ წითელი ხაზი, პრევენცია და ხელების დაბანა უკვე მორჩა, ამაზე ვეღარ ვლაპარაკობთ. გუშინ რომ ვუყურე ფეხბურთის გულშემატკივარს, გული გამისკდა, რას აკეთებს ხალხი, სად იყო პატრული, უნდა გამოეყენებინათ ყველა ძალა. ეს რა ხდებოდა?! ჩვენ წითელი ხაზი გადავლახეთ, რეანიმაციულ საწოლებში, საავადმყოფოებში ადგილები აღარ გვაქვს. ჩემი მოსაზრებაა რომ თუ არ ვიმოქმედებთ ამ წუთას, თითოეული დაგვიანება არის ერთი ადამიანის სიკვდილი“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

ჩემი პოზიცია არის მარტივი, მკაცრი ჩაკეტვა რაც შეიძლება მალე!

გიორგი ფხაკაძის თქმით, ქვეყნის მკაცრი ჩაკეტვა ეპიდვითარებას შეამსუბუქებს და არსებული ვითარებიდან უფრო სწრაფად გამოვალთ.

„ჩემი პოზიცია არის მარტივი, მკაცრი ჩაკეტვა რაც შეიძლება მალე! მკაცრ ჩაკეტვას მე კი არ ვიძახი, მეცნიერება გვეუბნება, რომ რაც უფრო მალე ჩაკეტავთ, მით უფრო მალე გამოვალთ, ჩვენი ეკონომიკაც უფრო მალე გამოვა. პრაქტიკულად გადაადგილება არ უნდა იყოს“, - განაცხადა ფხაკაძემ.

მისივე თქმით, ბოლო 2 კვირის მაჩვენებლის მიხედვით საქართველო და მისი მეზობელი ქვეყნები სიკვდილიანობის თვალსაზრისით ერთ დონეზე არიან.

„ჩვენ ბოლო 2 კვირა რომ შევადაროთ საბერძნეთი, თურქეთი თუ ჩვენი მეზობლები, პრაქტიკულად ერთ დონეზე ვართ სიკვდილიანობის თვალსაზრისით. თურქეთი და საქართველო თითქმის ერთ დონეზე რომ იქნება წარმოიდგინეთ, ბოლო 2 კვირაზე მაქვს საუბარი“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

მან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ახალი კორონავირუსის ვაქცინამ, რომელზეც "ფაიზერი" მუშაობს, გაცნობის შემდეგ კითხვის ნიშნები დაუტოვა.

„ვაქცინის დამტკიცება არ არის იოლი მომენტი. როდესაც წავიკითხე „ფაიზერის“ ტექნიკური პრესრელიზი, 90% გამიჩნდა უფრო მეტი კითხვის ნიშანი, ვიდრე პასუხი. უზუსტობა იყო თვითონ ტექსტში, ბევრი რაღაც თავის თავს ეწინააღმდეგებოდა. ჩემთვის დასამტკიცებლად რომ მოსულიყო ეს ვაქცინა პირველივე ეტაპზე ვეტყოდი, რომ აქ რაღაც არასწორია. ეს ტექნიკური მომენტია. ლოჯისტიკური თვალსაზრისით რთულია“, - განაცხადა ფხაკაძემ.

როგორც გიორგი ფხაკაძე აცხადებს, მან მონაწილეობა მიიღო ჟევენაში ერთ-ერთი ვაქცინის, პნევმოკოკური ვაქცინის დამტკიცებაში. ფხაკაძე აქვე დასძენს, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის სწორი ვაქცინა იყოს შეთავაზებული, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობას დიდი ზიანი მიადგება.

„ვაქცინა ერთ-ერთი უძლიერესი საშუალებაა, მე ვაქცინის ძალიან დიდი მომხრე ვარ. რატომ ვარ მოწინააღმდეგე ამ არასწორი ვაქცინის? იმიტომ რომ თუ ჩვენ მივცემთ მოსახლეობას არასწორ ვაქცინას, ჩვენ მივაყენებთ უფრო დიდ ზიანს მოსახლეობას, ჩვენ გვაქვს ვაქცინები, რომელიც ძალიან კარგია, გადაარჩინა მილიონობით სიცოცხლე. არასწორმა ვაქცინამ შესაძლოა მიაყენოს ზარალი იმ ვაქცინას, რომელიც ეფექტურია და კარგად მუშაობს მსოფლიოში. იმიტომ ვარ ძალიან სკეპტიკური, ფრთხილად უნდა ვიყოთ არ უნდა დავუშვათ შეცდომა“, - განაცხადა ფხაკაძემ.

პირბადე და 2- მეტრიანი დისტანცია არის გამოსავალი, ზამთარი მოდის, ძალიან გთხოვთ, გაანაივოთ შენობები... დღევანდელ დღეს ეს არის ვაქცინა

ის საზოგადოებას რეკომენდაციით მიმართავს - მუდმივად გაანიაონ ის ოთახი, სადაც ბევრი ხალხი იმყოფება. „პირბადე და 2- მეტრიანი დისტანცია არის გამოსავალი, ზამთარი მოდის, ძალიან გთხოვთ, გაანაივოთ შენობები, ყველა ოთახი გაანიავეთ, სადაც ხალხი შემოდის. არ იჯდეთ დახურულ კარებში. ამ წუთას ერთ-ერთი საუკეთესო წამალია, ნებისმიერ ვაქცინას ჯობია, დღევანდელ დღეს ეს არის ვაქცინა“, - ამბობს ფხაკაძე.

LIVE - ეთერშია გადაცემა "აქტუალური თემა"

"შეიძლება დღეს 10 ათასამდე ინფიცირებული გვყავდეს დღეში" - პაატა იმნაძე

"მსჯელობა მიდის, რომ დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიზღუდოს" - ამირან გამყრელიძე მოსალოდნელ რეგულაციებზე