პანდემიამ მსოფლიოში ბევრი რამ შეცვალა. ეს რომ ასეა, ამაზე გასულ კვირას ფილარმონიის მიმდებარედ (ღია ცის ქვეშ) გახსნილი საერთაშორისო გამოფენა - "COV 19/2020"-ც მეტყველებს, რომელიც - "წელიწადის 4 დრო - მეგობრობის პალიტრა" ფესტივალის ფარგლებში მიმდინარეობს... სწორედ მსოფლიოში არსებული პანდემიური სიტუაციის გამო, გამოფენა ბეჭდური სახის გახლდათ, მასში მონაწილეობდნენ მხატვრები - საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ავსტრიიდან, ლიბანიდან, საქართველოდან...
იმის გამო, რომ ავტორებმა ვერ მოახერხეს საქართველოში ჩამოსვლა, ფესტივალის განრიგიდან ამოიღეს ერთობლივი ხატვის პროცესი და საავტორო ფერწერული ტილოების შექმნა. ფესტივალის ორგანიზატორებმა ასევე შეიმუშავეს ახალი კონცეფცია, რაც ნახატების ფოტოვერსიების ბეჭდვას და მის გამოფენას გულისხმობს.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, მათი მიზანია: პანდემიის პერიოდში პოზიტიური შემოქმედებითი ტალღის შენარჩუნება; ფერწერასა და გრაფიკაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება; ქართული სახვითი ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია; ქართველი მხატვრების შემოქმედებითი ზრდის ხელშეწყობა; ქართველი და უცხოელი მხატვრების დაახლოება (ვირტუალურად) - შემოქმედებითი გამოცდილების გაზიარება; ქართული საზოგადოებისთვის ქართველი და უცხოელი მხატვრების შემოქმედების წარდგენა; საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონის კულტურის ცენტრის და საფესტივალო ჰაბის პოპულარიზაცია და ევროპაში მისი ცნობადობის ამაღლება.
საერთაშორისო ფესტივალს "წელიწადის 4 დრო - მეგობრობის პალიტრა" ორწლიანი ისტორია აქვს. პირველად 2018 წელს ჩატარდა ბათუმში, სადაც მონაწილეობდნენ მხატვრები - ლიტვიდან, უკრაინიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და პოლონეთიდან. ფესტივალი აღნიშნული ქვეყნების მხატვართა მონაწილეობით 2019 წელსაც ჩატარდა.
წელს კი უკვე პანდემიის პირობებში სპეციალურად შექმნილი წესებით. გასულ კვირას ფესტივალის გასხნას დაესწრნენ - ქართველი მხატვრები, გაეროს ოფისის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. ღონისძიება ჩატარდება "კოვიდ-19" ის სახელმწიფო რეგულაციების დაცვით. ფესტივალის შესახებ ესაუბრა საქართველოს კულტურის ხელშეწყობისა და განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, ფესტივალის ავტორი, მხატვარი გია გუგუშვილი.
ფესტივალის ფარგლებში კიდევ ორი ბეჭდური საერთაშორისო გამოფენა მოეწყობა: 17-22 ოქტომბერს და 3-8 ნოემბერს. ფესტივალის სპონსორია - „შემოქმედებითი საქართველო“, ფესტივალის პირველი გამოფენის მხარდამჭერი - „გაეროს ოფისი საქართველოში“, ფესტივალის ავტორი და ორგანიზატორი - საქართველოს კულტურის ხელშეწყობის და განვითარების ფონდი (ხელმძღვანელი გიორგი გუგუშვლი).