ავტორი:

"...ეს თანაბრად უქმნის საფრთხეს საქართველოს და მთელ მსოფლიოს" - ექსკლუზიური ინტერვიუები სომხეთისა და აზერბაიჯანის ელჩებთან

"...ეს თანაბრად უქმნის საფრთხეს საქართველოს და მთელ მსოფლიოს" - ექსკლუზიური ინტერვიუები სომხეთისა და აზერბაიჯანის ელჩებთან

27 სექტემბერს მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. მხარეები კონფლიქტის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ვრცელდება ინფორმაცია ორივე მხარეს სამხედროებისა თუ მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის, ასევე სამხედრო ტექნიკის დანაკარგის შესახებ. მხარეები ერთმანეთს საბრძოლო მოქმედებებში მხარდამჭერი ქვეყნების სხვადასხვა ფორმით ჩარევაში ადანაშაულებენ. "კვირის პალიტრა" ყარაბაღის რეგიონში არსებულ ვითარებაზე ორივე მხარის პოზიციის მოსასმენად საქართველოში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს დაუკავშირდა.

  • რუბენ სადოიანი, სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში:

- რამ განაპირობა 27 სექტემბრის გამთენიისას საბრძოლო მოქმედებების დაწყება?

- ჩემი აზრით, იმდენად ნათელია, რომელმა მხარემ დაიწყო ომი, რომ სხვა დანარჩენი, ყოველგვარი ვერსია, უბრალოდ, ღიმილის მომგვრელია. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ცხადია, რომ 150 000 კაცით დასახლებული არწახი 10-მილიონიან აზერბაიჯანს თავს ვერ დაესხმებოდა, რომელსაც ყოველგვარი საშუალებით ეხმარება 80-მილიონიანი თურქეთი. აზერბაიჯანის დაზიანებული სამხედრო ტექნიკის შემხედვარე, თვალსაჩინოა, რომ გამოყენებულია შეტევითი ხასიათის იარაღი.

ძალიან მარტივ კითხვას ვსვამ: ვის სჭირდება ომი? პასუხი ცხადია - იმ მხარეს, რომელიც მუდმივად ლაპარაკობდა არწახის ტერიტორიის დაპყრობაზე, რომლის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ყოველდღე კბილებამდე იარაღდება და თითქმის ყოველდღე აცხადებს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან არაფერი ესაქმება და საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ ძალის გამოყენებით არის შესაძლებელი. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, ადვილად შეიძლება ინტერნეტში სამხედრო რიტორიკის ნახვა, რომელიც ალიევმა და ჰასანოვმა მრავალჯერ გაახმოვანეს და რომელიც მომავალში ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა. ამ ომში მთავარი დამნაშავეები არიან ალიევისა და ფაშაევის კლანები. ისინი უკვე ათეული წლებია აზერბაიჯანელ ხალხს სისხლს სწოვენ, მათი და ქვეყნის ბუნებრივი რესურსების ხარჯზე განუსაზღვრელი სიმდიდრე დააგროვეს. ახლა კი ხელისუფლებისა და ფინანსური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, აზერბაიჯანელი ხალხის რისხვის თავიდან ასაცილებლად, წამოიწყეს ომი, რომელიც აზერბაიჯანის სრული კრახით დასრულდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ომი დაიწყო ალიევმა, რათა თავისი ხალხის ყურადღება შიდა პრობლემებიდან ომზე გადაეტანა, თან იმედი ჰქონდა, რომ გაიმარჯვებდა. თუმცა, სწორედ ეს ომი გახდება მისი დიქტატურის დამარცხების მთავარი მიზეზი. ეჭვგარეშეა, რომ სომხური მხარე დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ის აზერბაიჯანელ ხალხს ალიევის ავანტიურისტული კლანის კლანჭებიდან დაიხსნის.

- აქვს თუ არა ოფიციალურ ერევანს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ თურქეთი მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში? რატომ მიაჩნია ოფიციალურ ერევანს, რომ თურქეთი რეგიონისთვის საფრთხეს წარმოადგენს?

- თურქეთი რეგიონისთვის საფრთხეს ჯერ კიდევ იმ დროიდან წარმოადგენს, როდესაც მომთაბარე თურქი ტომები ალთაის მთებიდან ჩვენს რეგიონში ჩამოვიდნენ. სომხებთან ერთად, რეგიონის სხვა ხალხების, მათ შორის ქართველების მწარე ისტორიული გამოცდილებაც ამტკიცებს, თუ რა არის თურქეთი და რას წარმოადგენს ის რეგიონში, როგორი როლი ითამაშა მან საუკუნეების განმავლობაში. ეს ყველაფერი რომ დავინახოთ, რეგიონის ისტორიას კარგად უნდა გავეცნოთ და დღევანდელ რუკას გადავხედოთ. თურქეთს ყველა თავის მეზობელთან სერიოზული პრობლემები აქვს, რაც რეგიონში დესტაბილიზაციას ხელს უწყობს.

რაც შეეხება საბრძოლო მოქმედებებში თურქეთის მონაწილეობას, არსებობს ამის დამადასტურებელი ასობით ფაქტი და ამას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ეტაპობრივად აცხადებს. თურქეთის მონაწილეობა გულისხმობს: სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალების ყოველდღიურ მიწოდებას; საბრძოლო მოქმედებებში თურქი ინსტრუქტორებისა და ოფიცრების მონაწილეობას. თურქეთს აზერბაიჯანში ჩრდილოეთ სირიიდან და პაკისტანიდან ტერორისტი-ჯიჰადისტები გადმოჰყავს. ასევე აშკარაა მის მიერ აზერბაიჯანის ოკუპაციური რეჟიმის სრული მხარდაჭერა დიპლომატიურ სფეროში.

როგორც ცნობილია, თურქულმა თვითმფრინავმა F16-მა, რომელიც არ ირიცხება აზერბაიჯანის ძალებში, ახლახან სომხური თვითმფრინავი Cy-25 ჩამოაგდო. პილოტი დაიღუპა; არსებობს უტყუარი ფაქტები, რომ ეს ავიაცია მოქმედებს თურქეთის დისტანციური საკომანდო პუნქტ E7-T (ერზერუმ-ყარსის მონაკვეთი) კონტროლქვეშ. გარდა ამისა, აზერბაიჯანული არმია იყენებს თურქულ სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავ Bayraktar-ებს, რომელთაც თურქი სპეციალისტები აკონტროლებენ.

ახლახან აზერბაიჯანში ჩატარდა თურქულ-აზერბაიჯანული სამხედრო სწავლებები, რისთვისაც თურქეთიდან აზერბაიჯანში მძიმე სამხედრო ტექნიკა ჩაიტანეს. მას თან ახლდნენ ჯარისკაცებიც, რომლებიც შემდგომ თურქეთში არ დაბრუნებულან და ახლა ომში მონაწილეობენ.

რაც შეეხება თურქეთიდან აზერბაიჯანში ტერორისტ-ჯიჰადისტების გადმოსროლას, არსებობს ინფორმაცია, რომ მათ იქ ყოფნას უკვე მოჰყვა არეულობა, რადგან ისინი ითხოვენ, აზერბაიჯანელებმა შარიათის კანონების მიხედვით იცხოვრონ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა საფრთხეს შეუქმნიან რეგიონს ტერორისტი-ჯიჰადისტები ომის შემდეგ, წარმოგიდგენიათ, რად გადაიქცევა რეგიონი, როდესაც ისინი აქ იცხოვრებენ და იმოქმედებენ. ვითარება დამაფიქრებელია საქართველოსთვისაც. საერთაშორისო საზოგადოებრიობამაც მკაფიოდ განაცხადა, რომ აზერბაიჯანულ-თურქული ტანდემი არწახისა და სომხეთის წინააღმდეგ დაქირავებული ტერორისტების დახმარებით იბრძვის. აზერბაიჯანი და თურქეთი რომ ტერორისტებს იყენებენ, ამაზე პუბლიკაციებს აქვეყნებენ ავტორიტეტული მედიებიც - BBC, The Guardian და სხვები. დღეს შეიძლება ითქვას, რომ არწახის ფრონტის ხაზი ცივილიზაციის ფრონტი ხდება. არწახი საერთაშორისო ტერორიზმს ებრძვის. ეს ტერორიზმი თანაბრად უქმნის საფრთხეს საქართველოს, ამერიკას, ირანს, რუსეთს, საფრანგეთსა და მთლ მსოფლიოს. ამიტომ ახლა არწახი, სომეხი ხალხი გლობალური უსაფრთხოებისთვისა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვის.

- სჭირდება თუ არა სომხეთს რუსეთის დახმარება აზერბაიჯანის შეტევის შესაჩერებლად? იგეგმება თუ არა მოსკოვისთვის ამ თხოვნით მიმართვა?

- ბრძოლა, რომელსაც არწახის თავდაცვის არმია აწარმოებს, გამარჯვების მომტანია და საუბარი რომელიმე ქვეყნის დახმარებაზე ზედმეტად მიმაჩნია. ჩვენი იმედია სომეხი ჯარისკაცი და ღმერთი, ღმერთი კი სიმართლის მხარესაა.

- რაზეა დამოკიდებული, რომ სომხეთმა აღიაროს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა? ექსპერტთა ნაწილის აზრით, სომხეთი ამ ნაბიჯს მაშინ გადადგამს, თუ აზერბაიჯანმა სამხედრო წარმატებას მიაღწია. რომელი ქვეყნების თანადგომის იმედი გაქვთ ყარაბაღის აღიარებაში? წაიკითხეთ სრულად

ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამომწვევ მიზეზებზე რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვს აზერბაიჯანულ მხარეს.

  • ფაიგ გულიევი, აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში:

- სომხეთის ოკუპაციური ძალების ქმედება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა და 1949 წლის ჟენევის კონვენციის უგულებელყოფაა. სომხეთი უკვე 30-ე წელია აზერბაიჯანის საწინააღმდეგო აგრესიულ და საოკუპაციო პოლიტიკას ატარებს, რაც გამოიხატება აზერბაიჯანელი მოსახლეობის სრულ ეთნიკურ წმენდაში როგორც თავიანთ ტერიტორიაზე, ასევე აზერბაიჯანის მიწაზე. სომხეთი კატეგორიულად არ ასრულებს 1993 წლის გაეროს უშიშროების საბჭოს ოთხ რეზოლუციას, რომელთა თანახმად, მან დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაიყვანოს საოკუპაციო ძალები აზერბაიჯანის მიტაცებული ტერიტორიებიდან. თუმცა ამ ქვეყნის როგორც წინა, ასევე ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ბოროტად გამოიყენა მოლაპარაკების ყველა შესაძლებლობა, მუდმივად ცდილობდა ეს მექანიზმი გამოეყენებინა სტატუს-კვოს გასამყარებლად, რაც ოკუპაციაზეა დაფუძნებული.გარდა ამისა, ბოლო წლებში ოფიციალური ერევნის განცხადებების პათოსში მუდმივად იგრძნობოდა, რომ "ყარაბაღი სომხეთია". ეს განწყობა იკითხებოდა მათ შეიარაღებულ პროვოკაციებში, თუნდაც მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოს საბრძოლო მოქმედებებში, რითაც, ფაქტობრივად, მოლაპარაკების შესაძლებლობის ყველანაირი სივრცე დაანგრიეს.

სომხეთში მიღებული სამხედრო დოქტრინა "ახალი ომი ახალი ტერიტორიებისთვის" ჯერ კიდევ სექტემბრის დამდეგს გაცხადდა, რასაც რეზერვისტების მობილიზაცია მოჰყვა. ერთი სიტყვით, სომხეთმა სამხედრო ავანტიურის გზა აირჩია.აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სრული პასუხისმგებლობით შეასრულეს მათ წინაშე არსებული დავალება, დაეცვათ სომხეთის თავდასხმის საფრთხის წინაშე მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობა. ისინი გამანადგურებელ დარტყმებს აყენებენ ოკუპანტებს, რომლებსაც როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ტექნიკის მძიმე დანაკარგი აქვთ. თავდაცვის სამინისტროს ცნობების თანახმად, 30 სექტემბრის დილით ოკუპანტების დაჭრილთა და დაღუპულთა რაოდენობა დაახლოებით 2300 კაცს შეადგენს. 29 სექტემბერს ჩვენ სომხეთის მიერ ოკუპირებულ მთიან ყარაბაღში განლაგებული კომპლექსი ჩ-300 გავანადგურეთ. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები გამათავისუფლებელ კონტრშეტევით ოპერაციას განაგრძობენ.

- დავაზუსტოთ - აზერბაიჯანი სამხედრო მოქმედებებს გააგრძელებს მთლიან ყარაბაღზე კონტროლის აღდგენამდე, თუ არის პირობა, რისი გათვალისწინებითაც ბაქო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება?

- აზერბაიჯანის არმია იბრძვის სამშობლოს გასათავისუფლებლად, თავისივე მიწაზე, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ არის აღიარებული. თავდაცვისა და საგარეო აგრესიის მოგერიების უფლება გამყარებულია გაეროს წესდების 51-ე მუხლით. სამწუხაროდ, სომხეთის დესტრუქციული ქმედებების გამო გრძელვადიანმა მოლაპარაკებამ ნაყოფი არ გამოიღო, ფაქტობრივად, მან ყველაფერი გააკეთა მარცხისთვის.

ერევანში არ გაითვალისწინეს საერთაშორისო საზოგადოებრიობის აზრი, უგულებელყვეს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციების მოთხოვნები. მეტიც, ეს ქვეყანა მუდმივად მიმართავდა შეიარაღებულ პროვოკაციებს და ცეცხლს უხსნიდა მშვიდობიან მოსახლეობას.ყოველივე ეს მოწმობს, რომ სამართლიანობის აღდგენის ჟამი დადგა. სომხეთის საოკუპაციო ფორმირებებმა უნდა დატოვონ აზერბაიჯანის ტერიტორია. თუ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება არ სურთ, ეს ნებაყოფლობით უნდა გააკეთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას მათ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აიძულებენ.

- გვაინტერესებს თქვენი კომენტარი სომხური მხარის ბრალდებებზე, რომელთა მიხედვით, აზერბაიჯანის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში თურქეთი მონაწილეობს.

- სომხური მხარე ჯერ კიდევ კონფლიქტის პირველივე წლებში არღვევდა საერთაშორისო სამართლის კანონებს, შეცდომაში შეჰყავდა საერთაშორისო საზოგადოებრიობა. ახლაც თავად წამოიწყო აგრესია.ის იაფფასიანი სპეკულაციებით კონფლიქტის უფრო გამწვავებას ცდილობს, ლაპარაკობს საბრძოლო მოქმედებებში თურქეთის მონაწილეობაზე და თავად საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფება ASALA-ს (თავისუფლებისთვის მებრძოლი სომხეთის საიდუმლო არმია - ავტ.) იწვევს. სომხური მხარის ინსინუაციები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, მით უფრო, რომ თავიანთი უპასუხისმგებლო განცხადებების გასამყარებლად არავითარი მტკიცებულებები არა აქვთ.

- აპირებს თუ არა ოფიციალური ბაქო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინადადების მიღებას აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლების თბილისში შეხვედრის შესახებ?

- აზერბაიჯანულმა მხარემ პოზიცია უკვე დავაფიქსირეთ.თუ სომხეთი თანახმა იქნება, ჩვენი ტერიტორიიდან ნებაყოფლობით გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები, მოლაპარაკებაში მონაწილეობისთვის მზად ვართ. თუმცა ისეთი შინაარსის მოლაპარაკებას, რომელიც ოკუპაციის გაგრძელების სურვილით ინიღბება, ჩვენ არ დავთანხმდებით.ეს არის აზერბაიჯანელი ხალხის ნება და ასეთია სახელმწიფოს პოზიცია.

- სომხეთი არ გამორიცხავს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას. როგორ ფიქრობთ, ეს ბაქოზე ზეწოლის ერთ-ერთი ბერკეტია? წაიკითხეთ სრულად

"თუ სომხეთი ჩვენს გაზსადენებზე კონტროლის დამყარებას შეეცდება, ამას მათთვის ძალიან სასტიკი შედეგი მოჰყვება" - ალიევი

"აქაური სომხები არსად წავლენ, სხვა გაჭირვებულებს დააფინანსებენ და გაუშვებენ" - ოკუპირებული აფხაზეთიდან ყარაბაღში მოხალისეები მიდიან

"პუტინის ვეტო თურქეთს" - რას წერს ყარაბაღის კონფლიქტზე თურქული გამოცემა