ქალებზე ძალადობისა და მისი ყველაზე მძიმე ფორმის - ფემიციდის შესახებ ისტორიები სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირად გვესმის. ერთის მხრივ, ჩაგვრა ოჯახის წევრებისგან, შეყვარებულისგან თუ მეუღლისგან; მეორე მხრივ კი, თავად ქალების მიერ ამის "მოთმენა", მათთვის შესაძლოა, სიკვდილის ტოლფასი გახდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქალი გამოსავალს ვერ პოულობს, არიან გადარჩენილებიც, რომელთაც სიკვდილს თვალებში ჩახედეს და ცოცხლები გადარჩნენ. AMBEBI.GE დღეს სწორედ ამ ქალების ისტორიებს გიამბობთ, მათგან ერთმა ანონიმურად დარჩენა ისურვა.
ნანა გოგალაძის ამბავი 3 წლის წინ მოხდა. მეუღლე ახალი წლის ღამეს ყელში წვდა და მისი დახრჩობა სცადა. ქალმა თავდაცვის მიზნით ქმარი დანით დაჭრა, რის შემდეგაც ბრალი წაუყენეს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით.
- ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობდა. შეიძლება, ვიღაცას უბრალოდ შემოეხედა და მაშინვე იწყებოდა: რატომ შემოგხედა? შენ რატომ გახედე? და ა.შ. იყო მომენტები, როცა ძალიან მშვიდი და წყნარი იყო, მაგრამ მერე ნარკოტიკების მიღება დაიწყო, შეჰყვა აზარტულ თამაშებს... ლაპარაკი ძალიან აგრესიული ჰქონდა, ყოველთვის ბინძური ენით ლაპარაკობდა, 3 სიტყვიდან ორი გინება იყო.
უაზრო ეჭვიანობამ, ნარკოტიკებმა და თამაშებმა, ადამიანი შეცვალა და ვერც კი აღგიწერთ როგორ. ყოველ შემთხვევაში, დარტყმაზე და მსგავს ქმედებებზე თავს იკავებდა, თუმცა მერე და მერე... შეიძლება, ეს იმიტომ, რომ მე ვცდილობდი, გავჩუმებულიყავი, სიტუაცია გამენეიტრალებინა, ბავშვებს თავი ცოტა უფრო კომფორტულად ეგრძნოთ და ძალიან არ შეშინებოდათ. ალბათ, ამანაც იმოქმედა - ჩემი მხრიდან წინააღმდეგობას ვერ ხედავდა და იფიქრა, გამდის და ვიზამო.
რატომ ვითმენდი? ორივე მშობელი გარდაცვლილია, დედისერთა ვარ, სახლი არ მაქვს და ესეც ფაქტორი იყო - ქმარი სულ იმას მინერგავდა, ჩემ იქით გზა არ გაქვს, სად წახვალ, ვის რაში სჭირდები 2 ბავშვით, მარტოხელა ხარ, დამხმარე შენ არ გყავსო
ისეთი გავლენის ქვეშ მომაქცია, მეც ვფიქრობდი, რომ მის გარეშე მართლაც დავიკარგებოდი. ბავშვებს რა ვაჭამო, ქირა რითი გადავიხადო - ყველაფერი თავში ჩამებეჭდა, მეგონა მის გარეშე არარაობა ვიყავი და არც არაფერი შემეძლო" - იხსენებს AMBEBI.GE-სთან ნანა გოგალაძე.
ახალი წლის ღამეს ფსიქოლოგიური ძალადობა ფიზიკურმა შეცვალა. როგორც რესპონდენტი ჰყვება, მეუღლის გაღიზიანება სატელეფონო ზარს მოყვა - ქალს პირველმა მეუღლემ დაურეკა, რომ შვილებისთვის ახალი წელი მიელოცა:
- ჩემმა პირველმა ქმარმა და შვილებმა დაახლოებით, 5 წუთი ისაუბრეს. ბავშვებმა მამას მიულოცეს, ფულის გამოგზავნისთვის მადლობა გადაუხადეს, ცოტა იჭორავეს. მერე ბავშვები დავაწვინე და მეც დასაძინებლად დავწექი. არ ვიცი, ჩემს ქმარს "ლომკა" ჰქონდა თუ რაში იყო საქმე, მაგრამ ოთახში შემოვიდა, ტელეფონი აიღო და დარეკილი რომ ნახა, დაიწყო, 5 წუთი რაზე ილაპარაკეთო (საერთოდ, ის აქ არც არის, საზღვარგარეთ ცხოვრობს).
ვუთხარი, ის ჩემი შვილების მამაა, ბავშვები ელაპარაკნენ, მაგრამ მეც რომ მელაპარაკა, რა მოხდებოდა მეთქი?! მომვარდა, დაამტვრია ყველაფერი, ჩემი გაგუდვა დაიწყო... საწოლზე ვეგდე, მკერდზე ფეხი მომაჭირა, დაბჯენილი ჰქონდა და ხელებით მგუდავდა.
როცა მგუდავდა, ვერაფერს ვფიქრობდი, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ გრძნობას ვკარგავდი. ის მახსოვდა, რომ დედაჩემი ფულის გამო მოკლეს, თბილისში ბინა გავყიდეთ და სწორედ იმ ფულის გამო დაახრჩეს... მარტო ისღა მქონდა თავში, რომ მე არ უნდა მოვმკვდარიყავი და იგივე არ უნდა განეცადათ ჩემს შვილებს, რაც მე დედის დაკარგვის გამო გამოვიარე.
ჩემი ბიჭი მაშინ 10 წლის იყო, მოასწრო გასვლა და მეზობელს დაუძახა. შემდეგ დავურეკე 112-ს და პოლიცია გამოვიძახე. ამან უფრო გაამწარა, კიდევ გამოიწია ჩემკენ და ზუსტად მაშინ მოხდა დაჭრა - თავის დაცვის მიზნით სამზარეულოს დანით მხარში დავჭერი" - ყვება გოგალაძე.
"საფარის" ადვოკატთან ერთად ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა. სანამ პროცესი მიმდინარეობდა, შანტაჟის გამო, ქალმა მეუღლესთან ურთიერთობა კვლავ აღადგინა.
- ვიფიქრე, სასამართლო პროცესის დამთავრებამდე შერიგება აჯობებდა, სანამ დამთავრდებოდა. იყო მუქარები - "თუ ჩემთან არ იქნები, შენს თავს დავაჭერინებ", "საქართველოს დატოვება მოგიწევს", "მოგკლავ" - მართლა ძალიან შემეშინდა. თავიდან თვალებში შემომყურებდა, შენ შემოგევლე, შენ გენაცვალეო, თუმცა, მერე ისევ ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო იგივე ქცევა - გინება, შუაღამისას ხელი მკრა და გარეთ გამოგვყარა მე და ჩემი ბავშვები. როცა 112-ს ისევ დავურეკე, ამჯერად ძალიან მალე მოვიდნენ, შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, ახლა არ აქვს უფლება, საერთოდ შემეხოს და მის წინააღმდეგ ოჯახური ძალადობის მუხლითაა საქმე აღძრული. იმის მერე არც მინახავს...
ჩემმა ადვოკატმა, ელისო რუხაძემ გამაგზავნა ფსიქოლოგთან. საკმაოდ დიდი ხანი დავდიოდი და ეს ძალიან დამეხმარა - ჩემი თავის მიმართ რწმენა დამიბრუნდა. ახლა ვხვდები, რომ სისულელე და უაზრო შიშები იყო ეს ყველაფერი, არც კი ვიცი, როგორ მომაქცია თავისი ზეგავლენის ქვეშ... მშვენივრად ვცხოვრობ მის გარეშე. ქირით ვარ, ვმუშაობ, ბავშვები განებივრებულები არ არიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, შიმშილით არ ვკვდებით, როგორც მაშინ მეგონა.
ბრძოლას აზრი ჰქონდა. თავიდანვე რომ მიმემართა პოლიციისთვის, ამ დონემდე არ მივიდოდი და ბევრ სახიფათო რამეს ავიცილებდი თავიდან
ძალიან ვნანობ, რომ ამდენი ხანი გამიგრძელდა ეს ყველაფერი, დავიტანჯე მეც და დავტანჯე ჩემი შვილებიც - ჩემმა ფსიქოლოგმა ძლივს მომიყვანა ჭკუაზე, ბავშვებიც ფსიქოლოგთან დიდი ხნის განმავლობაში დამყავდა.
გარშემო საშინელებები რომ ხდება, ეს იმის ბრალია, რომ ქალების 90% ალბათ ზუსტად იმას ფიქრობს, რასაც მე: „შეიძლება გამოსწორდეს, ვაპატიებ, მერე რა ვქნა, ბავშვებს რა ვუყო“ და ა.შ. მაგრამ, ამაზე ფიქრის დროს საკუთარ თავზე ვეღარ ვფიქრობთ და სხვებს ისეთ რაღაცებს ვპატიობთ, რისი პატიებაც უბრალოდ, არ შეიძლება... რაც უფრო მალე დააღწევენ ამას თავს, მით უკეთესია მათთვის და მათი შვილებისთვისაც" - გვიამბობს ნანა გოგალაძე.
AMBEBI.GE-ს კიდევ ერთი რესპონდენტის, ბ.პ.-ს ისტორიაში მოქმედი პირი არა პარტნიორი ან მეუღლე, არამედ ღვიძლი ძმა და დედა არიან, რომლებიც მასზე ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ და ფიზიკურ ზეწოლას ახორციელებდნენ.
- ჩემი ძმა წლების განმავლობაში ნარკოდამოკიდებული იყო, ახლა ალკოჰოლდამოკიდებულია. ფსიქიკა დაზიანებული ჰქონდა, ყოველთვის აგრესიული იყო და დედაჩემიც ასეთი დამოკიდებულებით იყო განწყობილი ჩემდამი. მე ხომ გოგო ვარ და წლების განმავლობაში მეუბნებოდა, რომ სახლიდან უნდა წავსულიყავი, ან ამერჩია, რომელ ძმასთან ვიცხოვრებდი. ამაზე ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე ვთქვი უარი, რადგან მე შრომისუნარიანი ვარ და არ მინდოდა არავისთან საცხოვრებლად წასვლა.
მშობლების სახლის წინ პატარა ადგილი იყო, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩემი ხელით გავასუფთავე, რის შემდეგაც ჩემ მიმართ ჩემი ძმისა და დედაჩემის მხრიდან მეტი აგრესია წამოვიდა. აგრესია მამაჩემისა და მეორე ძმის მიმართაც ჰქონდათ, რომლებიც სხვაგან გადავიდნენ, ბრაზი კი შემდეგ მთლიანად ჩემკენ წამოვიდა.
ძალადობა ბევრ რამეში გამოიხატებოდა. ელემენტარულად, ზამთრობით, ღუმელი სადაც გვიდგას, იმ ადგილს ჩემი ძმა "ადიელას" აფარებდა, რომ ჩემს ოთახში სითბო არ გამოსულიყო - ხშირად ჩაცმულს მეძინა
ჰაიმორიტი დამემართა, ფილტვებზე პრობლემა შემექმნა... ბევრი ასეთი რამ... იძულებული გავხდი, გუდაურში ისეთი სამსახური მეშოვა, რომ თვეობით გასული ვყოფილიყავი სახლიდან. 3 წლის წინ, ზამთარში, პირველად ვიყავი თბილ და მშვიდ ოთახში... როცა ჩამოვდიოდი, დაზიანებული მხვდებოდა ჩემი ნივთები, იყო მიწის პრობლემები, ყოფით საკითხებზე აგრესია მოდიოდა. ბევრჯერ ხელითაც შემხებიან, როცა გაზზე რაღაც გამიცხელებია ან ელექტროენერგია მომიხმარია. სარეცხი მანქანითაც კი აღარ ვსარგებლობდი, რომ კონფლიქტისთვის თავი ამერიდებინა" - გვიყვება ბ.პ, რომელსაც ფიზიკური ძალადობის კონკრეტულ შემთხვევებზე საუბარი უჭირს, თუმცა რამდენიმე, ყველაზე მტკივნეულ ეპიზოდს იხსენებს.
- ჩემი ძმის მხრიდან ხშირად იყო ასეთი შემთხვევები, ბევრჯერ დანით გამოუწევია ჩემზე, მკლავზე ნაკბენიც მეტყობა. წითელ პარასკევს კვერცხებს ხარშავდა დედაჩემი. ჩემმა ძმამ ერთი, ახალი ამოღებული, მდუღარე კვერცხი აიღო, თავი დამიჭირა და ეს კვერცხი ყელზე მთელი ძალით დამაჭყლიტა. რა თქმა უნდა, ყელი დამეწვა. ყელზე ახლაც მაქვს ნაიარევი...
ეს ყველაფერი მანამდე იყო, ვიდრე, ვითომ მიწის გამო დაიწყებოდა კონფლიქტი. იმ მცირე მიწის ნაკვეთის გაფორმება მინდოდა, რომელიც მშობლების სახლთან იყო. დედაჩემმა დაირეგისტრირა და შემდეგ ჩემს ძმას აჩუქა. შემდეგ, სახლიც აჩუქა. წელს, ზამთარში, როცა გუდაურიდან ჩამოვედი, ისევ იყო ფიზიკური ძალადობის შემთხვევა დედაჩემის მხრიდან. ეს ძალიან დიდ ტანჯვას მაყენებს... ხელით არაერთხელ შემხებია, ბავშვობიდანვე, თმით მითრევდა ხოლმე.
გაზაფხულზე, როცა ისევ ჩამოვედი, ეზო მივალაგე და ერთ გატეხილ ვედროს ადგილი შევუცვალე, შემდეგ კი სახლიდან გავედი. როცა დავბრუნდი, პოლიცია დამხვდა - ოჯახი ძალადობაში მადანაშაულებდა. შემაკავებელი ორდერი გამომიწერეს. პანდემიის გამო სახლი ვერ დავტოვე. რაღაცის დახეთქების ხმამ გამაღვიძა, რაზეც სამზარეულოში გავედი და უბრალოდ შენიშვნა მივეცი. დედაჩემმა მაგიდიდან დანა აიღო, მაჯა დამიჭირა და ვენაზე დანა ორჯერ გადამისვა. ორი მოგრძო ნაკაწრი იყო, თუმცა ღრმა არ აღმოჩნდა. შემდეგ თავზე ხელი მომკიდა და რამდენჯერმე გამათრია და გამომათრია. თავიდან მთელი ბღუჯა თმა ჩამომყვა... ამის შემდეგ, პოლიციის დახმარებით გავერიდე სახლს. დადგინდა, რომ იმ დღეს ტვინის შერყევა მიმიღია.
იყო მომენტები, თავის მოკვლაზეც ვფიქრობდი. თავის დაცვა შეიძლება, მაგრამ დედას ხელს ვერ შევუბრუნებდი, ეს განცდა მქონდა. ისიც გავიგე, რომ თურმე ჩემი ძმა, რომელსაც ნარკოტიკულ საშუალებებზე მიუწვდებოდა ხელი, ამბობდა, საჭმელში რაღაცას ჩავუყრი, რომ ფსიქიკურად შეიშალოს, ან რამე ნემსს გავუკეთებო. მტკიცებულებებიც წარვადგინეთ სასამართლოზე, როგორ გეგმავდა, რომ ჩემს თავს დააჭერინებდა. როგორც ახლა მეუბნებიან, იმ სახლში დაბრუნება ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იქნება... ყველა ამბობს, ღმერთს მადლობა უთხარი, რომ იქ აღარ ხარო... ადვოკატმაც გამაფრთხილა, იმ სახლში არ დაბრუნდე, თორემ მე ვეღარაფრით დაგეხმარებიო" - გვიყვება ბ.პ.
"საფარის" იურისტი, ელისო რუხაძე, რომელიც ამ ორ შემთხვევებზე მუშაობდა, გვეუბნება, რომ ძალადობის მსხვერპლ ქალებს უჭირთ მომხდარზე საუბარი, თუმცა აანალიზებენ იმასაც, რომ სხვებს მაგალითი უნდა მისცენ, რადგან დუმილი ხშირად სიკვდილის ტოლფასია.
- ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს, როდესაც ქალები ფაქტობრივად, ბეწვზე გადაურჩნენ ფემიციდს. ძალიან ხშირად, მსხვერპლი რომ გადარჩეს, უმნიშვნელოვანესია პატრულის ჩარევა და ხშირად ეს ჩარევა არ არის მყისიერი და ადეკვატური. მაგალითად, "ილიაუნიში" მომხდარი ცნობილი საქმე დაიხურა (როცა ლექტორი ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა) და ჩვენ ის სტრასბურგში წავიღეთ - აქ არ იყო პოლიციის ადეკვატური ჩართულობა.
ფემიციდს გადარჩენილი ქალების ისტორია უმძიმესია. ისინი დღემდე გადიან ფსიქოთერაპიის კურსს - ძალადობის შედეგად მიღებული ფსიქოტრავმული ნიშნები იმდენად რთული და მძიმეა, რომ შეუძლებელია, მათ მარტივად ისაუბრონ ამ საკითხებზე, მითუმეტეს მედიასთან, თუმცა ხშირად აანალიზებენ იმასაც, რომ ჩვეულებრივი გმირები არიან, რომ მაგალითი უნდა მისცენ სხვა ქალებს.
ძალიან ცნობილი ფსიქოლოგები ერთვებიან, მულტიდისციპლინური გუნდი - იურისტი, სოცმუშაკი, ფსიქოლოგი ერთად ვმუშაობთ მსხვერპლთან და ვაძლიერებთ ქალს, რათა სოციუმში მისი დაბრუნება და იმ ფსიქოტრავმული ნიშნების გადამუშავება მოხდეს, რომელიც მათ აქვთ. ქალებს, რომლებიც ფსიქოთერაპიის კურსს გადიან, ძალიან კარგი შედეგები აქვთ.
- ფემიციდი და მისი მცდელობა საქართველოში საკმაოდ ხშირია, ეს რისი ბრალია და რას ურჩევდით ქალებს, რომელთაც ჰგონიათ, რომ არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ?
- ფემიციდის გავრცელებას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. ძირითადად, ეს დამოკიდებულია ჩვენს ტრადიციებსა და კულტურაზე, სადაც კაცი დომინირებულ არსებად მიიჩნევა და ქალი, რელიგიური ნორმებით, დოგმატიკითა და ტრადიციების მიხედვითაც უნდა ემორჩილებოდეს მამაკაცს. მათი თანასწორობა კანონის მიღმა არსად წერია.
ასევე ხშირად მამაკაცებისთვის მიუღებელია ასეთი აქტივობა მათი პარტნიორის ან მეუღლის მხრიდან, რომ ქალებმა ხმა ამოიღონ ძალადობის წინააღმდეგ. თუმცა, ყველა ქალს ვურჩევ, რომლის მიმართაც ხორციელდება ძალადობა, ხმა ამოიღოს, რადგან დუმილი შეიძლება, სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. ვფიქრობ, მათ უნდა მოგვმართონ და ყველა ბერკეტი და რესურსი გამოიყენონ, რათა მათი შვილები იყვნენ უსაფრთხოდ და მინიმუმ, გადარჩნენ.