ავტორი:

"ეს ომზე უარესია“ - უმძიმესი მდგომარეობა იტალიაში, სადაც კუბოების დეფიციტია, გარდაცვლილთა ახლობლები კი დაკრძალვის რიგს ელოდებიან

"ეს ომზე უარესია“ - უმძიმესი მდგომარეობა იტალიაში, სადაც კუბოების დეფიციტია, გარდაცვლილთა ახლობლები კი დაკრძალვის რიგს ელოდებიან

იტალიაში ახალი კორონავირუსით, COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველ დღე მკვეთრად იზრდება. გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით, ქვეყანამ უკვე ჩინეთს გაასწრო. ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსით 41 035 ადამიანი დაინფიცირდა, 3405 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 4440 გამოჯანმრთელდა.

რთული ვითარებაა მთელ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი, ბერგამოში, სადაც გარდაცვლილთა დაკრძალვასა და კრემაციაზე რიგებია. დამკრძალავი ბიუროები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

ადამიანები სიის მიხედვით ელოდებიან, როდის მოვა მათი მიცვალებულის დაკრძალვისა და კრემაციის რიგი. Washington Post-ის ცნობით, გადავსებულია საავადმყოფოებისა და სასაფლაოების მორგები.

იტალიაში მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული. იკრძალება 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება, ამიტომაც დაკრძალვის ცერემონიას მხოლოდ მღვდელი და რამდენიმე ნათესავი ესწრება. საფლავები დახურულია და უკვე დაკრძალული ადამიანის საფლავზე მისვლის უფლება ახლობლებს არ აქვთ.

ნათესავებს გარდაცვლილის ცხედრის ნახვის უფლებაც არ აქვთ, რადგანაც, შესაძლოა, ის საფრთხეს წარმოადგენდეს ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით კი, მათ გარდაცვლილის ცხედრის ნახვა და მასთან გამომშვიდობება ეკრძალებათ.

"ვფიქრობ, ეს ომზე უარესია. რამდენიმე დღეა კრემაციისთვის ჩვენს რიგს ველოდებით“ - ამბობს იტალიელი მარტა ტესტა, რომლის მამაც COVID-19-ით გარდაიცვალა.

მისი თქმით, მამა კლინიკაში გადაყვანის შემდეგ არ უნახავს და ახლა არც ცხედრის ნახვის უფლებას აძლევენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები რეკომენდაციას უწევენ ადამიანებს, რომ დაკრძალვის ნაცვლად კორონავირუსით გარდაცვლილის ცხედარი დაწვან, ამის გამო კრემატორიუმებში არნახული რიგებია.

ბერგამოში საავადმყოფოებიდან სასაფლაოზე მიცვალებულთა ცხედრების გადასასვენებლად ჯარი გამოიყვანეს. მათ ერთდროულად 65 ცხედარი გადაასვენეს, რაც უმძიმესი სანახავი იყო.

დეფიციტია კუბოებზე. არის შემთხვევები, როცა ოჯახები კუბოს ვერ შოულობენ და მიცვალებული დღეების განმავლობაში ოთახში ჰყავთ. ოთახში შესვლა კი აკრძალული აქვთ, რადგანაც შესაძლოა ვირუსის გადადების საფრთხე არსებობდეს.

"88 წლის მამაკაცი გარდაიცვალა გუშინ. მას რამდენიმე დღე მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. ვერ დავრეკეთ სასწრაფოში, იმიტომ რომ ხაზები ყოველთვის გადატვირთულია. ის მარტო, თავის ოთახში გარდაიცვალა. კუბო ვერ იშოვეს და ცხედარი თავისივე ოთახშია, ნათესავებს კი ოთახში შესვლა აუკრძალეს მანამდე, სანამ კუბოს იშოვიან“, - უყვება Guardian-ს იტალიელი მასწავლებელი.

როგორც "გარდიანი“ წერს, ბერგამოში 80 დამკრძალავი ბიუროა და ყველა მათგანი საათში ოც ზარს იღებს. ყველაფერს ისიც ემატება, რომ დამკრძალავი ბიუროების თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია და ეს საქმეს კიდევ უფრო ართულებს.

იტალიელები ამბობენ, რომ საშინლად უმძიმთ ფსიქოლოგიურად ყოველივესთან გამკლავება. "საყვარელი ადამიანის დაკარგვა და მერე ის, რომ გარდაცვლილსაც ვერ ნახულობ და საფლავზეც ვერ მიდიხარ, უდიდესი ფსიქოლოგიური სტრესია" - ამბობს ერთ-ერთი იტალიელი.

ესპანეთის კლინიკებში ადგილები აღარ ჰყოფნით - საგამოფენო დარბაზში საველე ჰოსპიტალი მოეწყო (ფოტოები)

ანგელა მერკელი კარანტინში გადაიყვანეს

პლასიდო დომინგოს კორონავირუსი დაუდასტურდა