ავტორი:

"ჩემს რეჟისორ მეუღლეზე დაწერეს, რომ არაბულ რესტორნებს არასრულწლოვანი გოგონებით ამარაგებს" - როგორ გახდა "ეკუჩას" ოჯახი "ტროლების" მსხვერპლი

"ჩემს რეჟისორ მეუღლეზე დაწერეს, რომ არაბულ რესტორნებს არასრულწლოვანი გოგონებით ამარაგებს" - როგორ გახდა "ეკუჩას" ოჯახი "ტროლების" მსხვერპლი

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მსახიობი ხატია ხაზიური ტროლების ქარხნის დირექტორის ნათესავის და ამავე ქარხნის თანამშრომლის - ეკუჩას როლს ასრულებს. რეალურ ცხოვრებაში, ტროლების თემა ხატიასთვის უცხო არ ყოფილა - მისი მეუღლის შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს... ხატიასთან ინტერვიუ სერიალში მისი პერსონაჟის განხილვით დავიწყეთ...

- ჩემი აზრით, ჩემს პერსონაჟთან დაკავშირებული თემა აქტუალურია: როდესაც მამაკაცები ლამაზი სიტყვებით ქალებს თავბრუს ახვევენ, ხშირად ქალები ტყუილის მსხვერპლი ხდებიან. ქალს მამაკაცის სჯერა, საბოლოო ჯამში კი მსხვერპლის როლში აღმოჩნდება ხოლმე. როდესაც ქალი ცოლიან მამაკაცთან თუნდაც ფლირტს თანხმდება, ალბათ, ეს ნაბიჯი თავიდანვე განწირულია იმ ცუდი შედეგისთვის, ტკივილისთვის, ტირილისთვის, რაც სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში სცენარისტს კარგად აქვს დაწერილი, როდესაც ეკუჩას ელვირი ეუბნება, - მერე შენი ცრემლიანი თვალების, ტირილის ყურების თავი არ მაქვსო და ცოლიან მამაკაცთან ურთიერთობას უკრძალავს. ვფიქრობ, ჩემი პერსონაჟი იმ ქალებისთვის კარგი მესიჯია, ვინც კიდევ შეიძლება, მოტყუვდნენ და მსხვერპლი აღმოჩნდნენ. ალბათ, ქალი უნდა დაფიქრდე, ურთიერთობას ვისთან იწყებ. როდესაც ურთიერთობას ცოლიან მამაკაცთან წამოიწყებ, მერე მზადაც უნდა იყო, რომ ვიღაცის სათამაშო აღმოჩნდები, შენზე უარს მარტივად იტყვიან - ისე, როგორც ჩემს პერსონაჟთან დაკავშირებით ვითარდება მოვლენები. ასევე, ჩემს პერსონაჟს იდუმალსა და ამოუცნობს ხდის ის ფაქტი, რომ ტროლების ქარხანაში მუშაობს, მაგრამ რეალურად, თავად ტროლი არ არის.

- რეალურად, მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილხართ, როგორშიც ეკუჩაა?

- არა. ამის კონტროლი ადვილად შეიძლება: ქალს უნარი აქვს, მამაკაცი მიახვედროს, რომ მასთან ფლირტი არ დაიწყოს. ამიტომ ნამდვილად თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ცოლიან მამაკაცს ჩემთან ფლირტი არასოდეს წამოუწყია.

- ეკუჩას როლი როგორ მოირგეთ?

- ეს არც ძალიან რთული ყოფილა და არც - მარტივი, მაგრამ პერსონაჟს ისე კარგად გამოკვეთილი "ხაზები" ჰქონდა, რომ მისი როლის მორგებაც რთული არ იყო.

- ეკუჩამ შემტევი ქალის შთაბეჭდილება დატოვა, როცა გიორგი ბახუტაშვილის პერსონაჟს დაემუქრა...

- ეს ეპიზოდი საზოგადოებამ საკმაოდ აიტაცა. "გიფები", მემეები გავრცელდა (იცინის)... არ ვამბობ, რომ კონკრეტულად ჩემი პერსონაჟია ის ადამიანი, ვინც შეიძლება, მსხვერპლი გახდეს, მაგრამ დაზღვეული არავინ არის. შეყვარებული ადამიანი, რომელიც საპასუხო გრძნობას ვერ იღებს, რბილად რომ ვთქვათ, შეიძლება არასასურველ სიტუაციაში აღმოჩნდეს, თუმცა "ტროლების ქარხანაში" მომუშავე ქალები მარტივად მოსატყუებლები არ არიან, მაგრამ ერთია, იცოდე, როგორ მოიქცე და მეორე - ნამდვილად ისე მოიქცე, როგორც საჭიროა, რადგან როდესაც საქმე გრძნობას ეხება, ძნელია ტვინის კარნახით იმოქმედო.

- რეალურ ცხოვრებაში ბილწსიტყვაობა გჩვევიათ?

- მსგავსი ბილწსიტყვაობა, რაც ჩემმა პერსონაჟმა სერიალში გამოავლინა, არა. თან, ცოტათი კომიკურიც იყო: რეჟისორს ვუთხარი, - ვერ ვხვდები, ეს სიტყვები მე როგორ უნდა ვთქვა? მგონია, არ გამოვა-მეთქი. მითხრეს, - არ ინერვიულოო. ჩემთვის ადვილი არ იყო. ტელეეკრანიდან ბილწსიტყვაობას დიდად არ მივესალმები, თუმცა ცხოვრებაში, როცა გვაბრაზებენ, რაღაც-რაღაც სიტყვებს ვამბობთ, მაგრამ ეკუჩას მსგავსად ნამდვილად არ ვიმუქრები ხოლმე (იცინის).

- კარგი გასამრჯელოს ფასად, "ტროლების ქარხანაში" მუშაობას დასთანხმდებოდით?

- არა. ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ. შეიძლება, ისეთი რამ დაწერო, რომ ბევრი ადამიანი სიკვდილის პირასაც კი მიიყვანო. შეიძლება, ეს ისეთივე იარაღი აღმოჩნდეს, როგორიც ნებისმიერი სასიკვდილო იარაღი.

- ტროლების გამო, პირადად თუ შეგქმნიათ პრობლემა?

- ჩემი მეუღლე ცნობილი რეჟისორი - ნიკოლოზ საბაშვილი გახლავთ. მის შესახებ სრულიად აბსურდული "ფეიკ ნიუსი" დაწერეს, თითქოს ის არაბულ რესტორნებთან თანამშრომლობს, მათ არასრულწლოვანი გოგონებით ამარაგებს. ქვემოთ უამრავი კომენტარი ეწერა, - მოვკლათ, ოჯახი ჩავუქოლოთო. კომენტარებიც ტროლების ნამუშევარი იყო. საერთოდ, "ფეისბუკზე" ძალიან აქტიური არ ვარ. ტროლების თემაც ჩემთვის აქტუალური არ იყო, მაგრამ ისეთი რაღაც შეგვემთხვა, რომ ამ საკითხში კარგად ჩავიხედეთ. ეს "ქარხანა" აქტიურად მუშაობს.

- თქვენი ოჯახის მიმართ საზოგადოების მხრიდან უარყოფითი ტალღა ხომ არ გრძელდება?

- არა, რადგან ჩემი მეუღლე საზოგადოებისთვის იმდენად ნაცნობია, რომ მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის დაჯერება წარმოუდგენელი იყო. მერე, გავრცელებულ "ფეიკ ნიუსს" ჩვენც გამოვეხმაურეთ და ალბათ, საზოგადოების ის ნაწილიც, ვინც ჩემს მეუღლეს არ იცნობდა, მიხვდა, რომ ასეთი რამ წარმოუდგენელია. გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელი არანაირი ფაქტი რომ არ არსებობს, ამაზეც არაა საუბარი. უბრალოდ, რატომ შეიძლება, რომ ერთ დღეს ადგე და ვიღაცის შესახებ რაღაც აბსურდი დაწერო? საზოგადოება მომართულია, რომ ინფორმაციის გადამოწმების გარეშე ვიღაც გალანძღოს და მიწასთან გაასწოროს.

- როგორ ფიქრობთ, რატომ და ვის დასჭირდა, რომ თქვენი მეუღლის შესახებ ასეთი ინფორმაცია გაევრცელებინა?

- ეჭვი ნამდვილად არ გვაქვს. ამ საკითხთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს...წაიკითხეთ სრულად

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ლაშა ტალახაძე  გახდა

მოქალაქეს შეუძლია იუსტიციის სახლს მოსთხოვოს პირადობა, რომელსაც "ჩიპი" არ ექნება

"ამდენი მილიონი რატომ უნდა ეპატიოს ხელისუფლებისთვის კოჭის გამგორებელ მედიას?!" - სამი ტელეკომპანიის ინსკასო  და მათი დირექტორების მწვავე პასუხები