ავტორი:

"ის არც სიმპათიურია, არც მდიდარი..." - ვინ არის პაკისტანელი ექიმი, რომელიც დაიანას ერთადერთი "ნამდვილი სიყვარული" იყო

"ის არც სიმპათიურია, არც მდიდარი..." - ვინ არის პაკისტანელი ექიმი, რომელიც დაიანას ერთადერთი "ნამდვილი სიყვარული" იყო

დაიანა მსოფლიოს ბევრი მიზეზის გამო უყვარდა, მათ შორის მისი უსაზღვრო სითბოს, სილამაზის და სხვების დახმარების მუდმივი სურვილის გამოც. თუმცა პრინცესა ტაბლოიდების განსჯის ობიექტიც ხშირად ხდებოდა, ჟურნალისტები მუდმივად ყურადღებით აკვირდებოდნენ ყველა მამაკაცს, რომელიც ჩარლზის ყოფილი ცოლის ცხოვრებაში ჩნდებოდა.

ლედი დაიანა სპენსერი მსოფლიომ მას შემდეგ გაიცნო, რაც ბრიტანეთის მომავალ მონარქზე დაქორწინდა, სიცოცხლე კი ბიზნესმენ დოდი ალ-ფაიედთან ერთად „მერსედესის“ უკანა სავარძელზე დაასრულა. მედიის ნაწილი ამტკიცებდა, რომ დაიანა დოდიზე დაქორწინებას აპირებდა, თუმცა მეორე ნაწილის ინფორმაციით, მათი ურთიერთობა მხოლოდ ზაფხულის რომანტიკული გატაცება იყო.

თუმცა ამ ორ მამაკაცთან რომანებს შორის დაიანა ყურებამდე იყო შეყვარებული პაკისტანელ ქირურგზე, ჰასნათ ხანზე. მეგობრები ამბობენ, რომ ის დაიანას ერთადერთი ნამდვილი სიყვარული იყო.

გამოცემა Reader’s Digest წერს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ მამაკაცზე, რომელსაც დაიანა „მისტერ მშვენიერს“ ეძახდა.

ჰასნათ ხანი დაიანას სამსახურში შეხვდა. იმის მიუხედავად, რომ პრინცესა საქველმოქმედო საქმიანობის გამო ხშირად სტუმრობდა საავადმყოფოებს, 1995 წლის სექტემბერში ლონდონის პრომპტონის სამეფო კლინიკაში ის პირადი მიზეზით იმყოფებოდა - „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, მან მეგობრის ქმარი მოინახულა, რომელსაც გულის ოპერაცია გაუკეთეს. სწორედ მაშინ გაიცნო დაიანამ ჰასნათი და როგორც მისი მეგობრები იხსენებენ, პირველივე ნახვისას მოიხიბლა ქირურგით.

მომდევნო სამი კვირის განმავლობაში დაიანა ჰასნათ ხანის სანახავად საავადმყოფოში ყოველ დღე დადიოდა.

იმის მიუხედავად, რომ ექიმის კარიერა ნამდვილად შთამბეჭდავი იყო, ჰასნათ ხანი არ მიეკუთვნებოდა მამაკაცების იმ კატეგორიას, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ცნობილ და გავლენიან ქალებს მოხიბლავდა. დაიანას ყოფილი დამხმარე, პოლ ბარელი ამბობს, რომ ჰასნათ ხანი პრინცესას საყვარელი მამაკაცისთვის ყველაზე შეუფერებელი კანდიდატურა იყო - „ის არ არის სპორტული, არ არის სიმპათიური, არც მდიდარი“.

დაიანას ერთ-ერთმა მეგობარმა კი Vanity Fair-თან განაცხადა, რომ პრინცესასთვის ექიმი შეუდარებელი იყო, რადგან ჰასნათ ხანი სრულიად უანგარო ადამიანია.

ჰასნათ ხანი, 1997 წელი

მათი ურთიერთობა საწყის ეტაპზე მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. როდესაც საზოგადოებაში ერთად გადიოდნენ, დაიანას ხშირად შავი პარიკი და მუქი სათვალე ეკეთა. ხანი კი კენსინგტონის სასახლეში პოლ ბარელის მანქანით ჩუმად იპარებოდა.

რატომ ცდილობდნენ ყველაფერი გაესაიდუმლოებინათ? - ერთის მხრივ, დაიანას მუდმივად თან სდევდნენ პაპარაცები, ეს კი ხანისთვის საოცნებო ცხოვრების სტილი არ იყო.

„მას ვუთხარი, რომ ჩვენი ნორმალური თანაცხოვრების ერთადერთი გზა პაკისტანში გადასვლა იყო, სადაც პრესა არ აგვედევნებოდა,“- განაცხადა ხანმა გამოძიებასთან დაიანას გარდაცვალების შემდეგ.

ჰასნათის ნათესავი და დაიანას მეგობარი, ჯემიმა ხანი Vanity Fair-თან იხსენებს, რომ პრინცესას ქირურგი არანორმალურად უყვარდა და სურდა მასზე დაქორწინებულიყო, ამისთვის კი მზად იყო, პაკისტანში გადასულიყო საცხოვრებლად.

დაიანა საყვარელ მამაკაცთან ერთად არაერთხელ ჩავიდა პაკისტანში, რომ მისი მუსულმანი დედის გულიც მოენადირებინა, თუმცა ურთიერთობა წინ ვერ წავიდა.

„ჰასნათს ძალიან უყვარდა დაიანა, თუმცა მისი მოთმინებაც ამოიწურა - პრინცესა მუდმივად ცდილობდა, ეიძულებინა ხანი, მათი ურთიერთობა საჯარო გამხდარიყო და ყველასთვის გაენდოთ, რომ ერთად იყვნენ, თუმცა ჰასნათი ამაზე თანახმა არ იყო. ასე რომ, დაიანამ ულტიმატუმი წაუყენა - ან აღარ დამალავდნენ სიყვარულს, ან ყველაფერი დასრულდებოდა,“ - ამბობს თინა ბრაუნი წიგნში „დაიანას ბოლო 100 დღე“.

„ურთიერთობის დაწყებიდან ორი წლის შემდეგაც კი ჩვენი ურთიერთობა არანაირ გადაწყვეტილების მიღებამდე არ მისულა, რაც ორივესთვის სტრესული იყო,“ - უთხრა ხანმა „დეილი მეილს“.

სიცოცხლის ბოლო ზაფხულს დაიანას გარშემო ახალი სკანდალი აგორდა - ის ეგვიპტელი მილიარდერის, მოჰამედ ალ-ფაიედის შვილის, დოდი ალ-ფაიედის იახტაზე გადაიღეს. მწერალ სელი ბედველს დაიანას მეგობრებმა უთხრეს, რომ ფოტოები მხოლოდ ერთი მკითხველისთვის, ჰასნათ ხანისთვის გზავნილი იყო. პრინცესა ცდილობდა, ქირურგს მასზე ეეჭვიანა.

გზავნილი ადრესატამდე მივიდა. წლების შემდეგ ხანმა განაცხადა, რომ დაიანას ახალი რომანის შესახებ რადიოს საშუალებით შეიტყო.

„მგონია, რომ მას სურდა გვერდით ჰყოლოდა ადამიანი, რომელიც უარს არ იტყოდა საჯაროდ გამოჩენაზე, ეს კი დოდისთან მოახერხა. ვფიქრობ, დაიანა მიხვდა, რომ ალ-ფაიედს შეეძლო მისთვის მიეცა ყველაფერი, რისი მიცემაც მე ვერ შევძელი,“ - აღნიშნა ჰასნათმა.

პრინცესას მეგობარი, რიჩარდ კეის თქმით, საბედისწერო ღამეს, დაიანას გარდაცვალებამდე ხანი მასთან დარეკვას ცდილობდა.

„მგონია, რომ დაიანაზე ჰასნათი ძალიან დარდობდა, ისევე, როგორც მისი ბევრი მეგობარი,“ - ამბობს კეი. მისივე თქმით, ხანი არ გამორიცხავდა, რომ იმ ზაფხულს ურთიერთობის აღდგენა დაიანასთან კვლავ ეცადა.

პოლ ბარელის ვარაუდით, იმ ღამით ჰასნათს პრინცესასთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ ექნებოდა სათქმელი.

„მგონია, რომ ის ეტყოდა - მგონი დადგა სახლში, ჩემთან დაბრუნების დრო... ძალიან მომენატრე“.

ჰასნათ ხანი ცოლთან ერთად

ჰასნათ ხანი 2006 წელს ჰადია შერზე დაქორწინდა, ისინი ერთმანეთს გაურიგეს. მდიდრული ცერემონიალი პაკისტანში გაიმართა, თუმცა ქორწინებიდან წლინახევრის შემდეგ ჰასნათი ცოლს დაშორდა. ხანი ახლა 61 წლისაა და ინგლისში, გულის ქირურგად მუშაობს.