ავტორი:

რა როლს თამაშობს კრაფტი ბავშვის გონებრივ განვითარებაში? - ინტერვიუ ფსიქოლოგ ნინო ბუაძესთან

რა როლს თამაშობს კრაფტი ბავშვის გონებრივ განვითარებაში? - ინტერვიუ ფსიქოლოგ ნინო ბუაძესთან

ხელოვნება თავდაჯერებულობას ზრდის, ბავშვს აძლევს საშუალებას, დაუშვას შეცდომები და ამავდროულად თავი იგრძნოს თავისუფალ ადამიანად, რომელსაც ახლის შექმნა, ახლებურად აზროვნება შეუძლია. ამ ყველაფერში კი მას კრაფტი ეხმარება.

კრაფტის გამოყენებით ბავშვი სწავლობს, ქმნის, მუშაობს, ვითარდება. ოჯახის წევრებთან ერთად შემოქმედებითი სამუშაო, შემოქმედებითად თამაში ბავშვს შესაძლებლობას აძლევს, თავი მნიშვნელოვან ადამიანად იგრძნოს და აუდიტორიას თავისი ნამუშევრის როლი გააცნოს. ასევე, მიიღოს კრიტიკაც და შექებაც და ხარვეზების გამოსწორებაზე იმუშაოს.

კრაფტი რომ ბავშვის განვითარებაზე დადებითად ზემოქმედებს, ამის შესახებ მედიკოსები დიდი ხანია საუბრობენ. მკვლევარებმა დაკვირვების შედეგად, აღმოაჩინეს, რომ ხელის ნატიფი მოტორიკის განვითარებასთან ერთად, ბავშვის მეტყველებაც ვითარდება. მოტორიკის განვითარებაში კი კრაფტი დიდ როლს თამაშობს.

ბავშვისთვის მისი ასაკისთვის შესაფერისი ხელსაქმის ანუ კრაფტის მიცემა ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის პოპულარობით სარგებლობდა. ხშირად, უბრალოდ გასართობად მიცემული ხელსაქმე ბავშვის მომავალ პროფესიადაც გადაიქცეოდა ხოლმე.

იმისათვის, რომ ბავშვმა აღმოაჩინოს, რისი კეთება მოსწონს, როგორ სურს, რომ გაერთოს და მშობელმაც მის განვითარებაში უფრო დიდი წვლილი შეიტანოს, წიგნის მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსმა“ გადაწყვიტა, კრაფტის ფართო ასორტიმენტი შემოეტანა.

„ბიბლუსის“ მაღაზიებში წარმოდგენილია ხელსაქმე როგორც 3 წლის ასაკის ბავშვებისთვის, ისე უფრო მოზრდილებისთვისაც. წიგნის მაღაზიათა ქსელში აღნიშნავენ, რომ მათ ქსელში შეტანილი კრაფტი ბავშვისთვის მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს.

საინტერესოა, რა როლს თამაშობს კრაფტი ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში, ამის შესახებ უფრო კონკრეტულად, ფსიქოლოგ ნინო ბუაძეს ვესაუბრეთ, რომელმაც საკუთარი გამოცდილებაც გაგვიზიარა.

რა წვლილი შეაქვს კრაფტს ბავშვის გონებრივ განვითარებაში?

კარგად განვითარებული ნატიფი მოტორიკა ბავშვის საერთო ფსიქიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი როლი მეტყველების განვითარებისთვის.

ხელის თითების მოძრაობები სტიმულს აძლევს ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებას, რაც, თავის მხრივ, აჩქარებს მეტყველების განვითარებას. ხელის მოტორიკის კარგად განვითარების შემთხვევაში მეტყველებაც სწორად ვითარდება. მეტყველებას კი, თავის მხრივ, არსებითი მნიშველობა აქვს აღქმის განვითარებისთვის.

ძირითადად, რა ასაკის ბავშვები უნდა იყენებდნენ კრაფტს ან საერთოდ, არსებობს თუ არა ამ მხრივ, ასაკობრივი ზღვარი?

თუ აქტივობა უფროსის თანხლებით ხორციელდება და მშობელს ან აღმზრდელს საფრთხეების თავიდან აცილება შეუძლია, (ნივთის პირში ჩადება, გადაყლაპვა, მაკრატლის მოხმარება...) მაშინ შესაძლებელია ბავშვს 3 წლის ასაკიდან ჰქონდეს ხელმისაწვდომობა კრაფტის მასალასთან.

3-4 წლის ბავშვს მძივების ძაფზე ასხმა გამოსდის, წინა სასკოლო ასაკში ელვისა და ღილების შეკვრა, მაკრატლით ფიგურების გამოჭრა, წერისას, გაფერადებისას კონტურების დაცვა. ასევე, ძერწვა მნიშვნელოვანია ბავშვის ფუნქციონირებისთვის.

ნატიფი მოტორიკა უფრო ინტენსიურად 6-7 წლის ასაკში ვითარდება.

უფრო კონკრეტულად, რა უნარების განვითარებას უწყობს ხელს კრაფტის მასალები?

ხელსაქმე ავითარებს წარმოსახვას, მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრაციას, შემოქმედებით აზროვნებას, ნატიფ მოტორიკას, ნებისყოფასა და მეტყველებას.

მოკლედ, მთელი ფსიქიკური და მოტორული პროცესები ერთიანდება და ამ აქტივობას ბავშვისთვის უდიდესი სიამოვნება მოაქვს. შემოქმედებითი თერაპიული პროცესით და შედეგით მიღებულ სიამოვნებას, რათქმაუნდა, თვითშეფასების ამაღლება მოჰყვება, რაც, თავის მხრივ, ბავშვის გარემოში ადაპტაციის პროცესს უწყობს ხელს.

საინტერესოა, აქვს თუ არა კავშირი ბავშვებში კრაფტის მასალების გამოყენებას სკოლის მოსამზადებელ პერიოდთან?

ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად გავაცნობიეროთ რა არის სასკოლო მზაობა, ეს არ გულისხმობს იმას, რომ ბავშვმა იცოდეს პირველი კლასის მასალა ან ლექსები და სიმღერები ჰქონდეს დაზეპირებული. სასკოლო მზაობა სწორედ ფიზიკური და ფსიქიკური მომზადების პროცესია და გულისხმობს ყურადღების, მეხსიერების, აზროვნების, მეტყველების, ცოდნა-წარმოდგენების გამდიდრებას გარემომცველ საგნებსა თუ მოვლენებზე, ლოგიკური აზროვნების, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების, ნებისყოფისა თუ თვითშეფასების ფორმირებას. სასკოლო მზაობა გულისხმობს, ბავშვმა ინდივიდუალური თუ ჯგუფური მუშაობის პროცესი (სწავლის, ხატვის, ძერწვის, წერა, კითხვა) შემოქმედებითად აღიქვას, დაუკავშიროს ის წარსულ გამოცდილებას. მოტივატორი, რა თქმა უნდა, არის ხელსაქმე-კრაფტი, რომელიც ხელს უწყობს ბავშვში იმ ნიადაგის მომზადებას, რომელიც შემდეგ სკოლაში მიღებული ცოდნის დაშენებას უწყობს ხელს.

ამ მიმართულებით, ფსიქოლოგიაში რა მსოფლიო ტენდენცია არსებობს?

21-ე საუკუნის ბავშვებისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ სწორედ ციფრული ტექნოლოგიები მოიაზრება, მაგრამ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მარტივად "არას’’ თქმა და ბავშვის ჩამოშორება ეკრანიდან საკმარისი არაა.

მნიშვნელოვანია, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, კომპიუტერი სხვადასხვა აქტივობით ჩავანაცვლოთ. რაც უფრო მრავალფეროვანი, შემოქმედებითი და ფუნქციურია ეს აქტივობები, მით უკეთესი. კრაფტი მართლაც რომ საუკეთესო არჩევანია. ხელსაქმე, რომელიც უამრავი მიმართლებით მუშაობის შესაძლებლობას იძლევა, ვფიქრობ, სწორედ რომ მშობლებისა და ბავშვების საჭიროებას მორგებული საუკეთესო ალტერნატივაა და თუ ეს პროცესი ოჯახურ გარემოში ყველას თანამონაწილეობით მოხდება კიდევ უფრო განმტკიცდება და წახალისდება ბავშვის სურვილი, აირჩიოს შემოქმედებითი მიდგომა მოცემული დავალების შესრულების პროცესში.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი