ავტორი:

რატომ დაიბარეს დეპუტატი ბიძინა გეგიძე სუს-ში გამოკითხვაზე

რატომ დაიბარეს დეპუტატი ბიძინა გეგიძე სუს-ში გამოკითხვაზე

უმრავლესობის წევრი დეპუტატი ბიძინა გეგიძე, რომელიც დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იყო დაბარებული, გამოკითხვაზე არ მივიდა.

გეგიძე სუს-ში 11:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო.

„როცა უწყება ჩამაბარეს, მაშინვე ვუთხარი, რომ 19 აგვისტოს, 11:00 საათზე მისვლას ვერ მოვახერხებდი“, - განუცხადა გეგიძემ „ინტერპრესნიუსს“.

თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება, რომლის ფარგლებში ბიძინა გეგიძე მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით უწყებაში იყო დაბარებული, ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს.

„აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ბიძინა გეგიძეს უწყება თავდაპირველად გაეგზავნა და ჩაბარდა 3 მაისს, თუმცა მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა. მეორედ მას უწყება 17 აგვისტოს ჩაბარდა. აღნიშნული გამოძიება მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება”, - აცხადებენ სუს-ში.

ინფორმაციისთვის, ბიძინა გეგიძე 2014-2016 წლებში „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის მოადგილე იყო.

მოგვიანებით გეგიძე მის გამოკითხვაზე დაბარებას პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა. გამოძიების დაწყების მიზეზებზე საუბრისას, გეგიძემ რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკაში მოღვაწეობისას ის კრიტიკულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს ყოველთვის საკუთარი თავისუფლების ხარისხიდან გამომდინარე იღებდა.

„ეს საკითხი ეხება ჩემს საქმიანობას წინა სამსახურში - „საქართველოს ფოსტაში“. იქ მე დირექტორის მოადგილე ვიყავი. აქედან გამომდინარე, მქონდა კონკრეტული პასუხისმგებლობები და კომპეტენციები, რომლის ფარგლებშიც ვახორციელებდი ჩემს საქმიანობას. ამის შემდგომ მე განვაგრძე პოლიტიკური საქმიანობა.

ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, მე ჯერ ვაკის მაჟორიტარი გავხდი, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და პატივია. 2018 წელს გავხდი ფრაქციის თავმჯდომარე და ამის შემდგომ გავხდი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი. მგონია, რომ აი, ამ პერიოდში ყველაზე კრიტიკულ თემებზე გადაწყვეტილებებს ყოველთვის ჩემი თავისუფლების ხარისხიდან გამომდინარე ვიღებდი.

როგორც გაირკვა, სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო 2018 წლის ზაფხულში ანუ მაშინ, როდესაც საკმაოდ აქტიური ვიყავი და მქონდა ჩემი კრიტიკული ხედვები, პოზიციები და არგუმენტები პოლიტიკურ პროცესში. პარალელურად, 2018 წლის ივნისის შუა რიცხვებში მოხდა ის, რომ პრემიერ-მინისტრი, ჩემი მეგობარი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა, 2 აგვისტოს კი დაიწყო გამოძიება. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, ვთქვათ, რომ ეს გამოძიება უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას,“ - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

მისივე ინფორმაციით, გამოძიების შესახებ მეტი დეტალი მას შემდეგ ეცოდინება, რაც გამოკითხვაზე მივა და სუს-თან კომუნიკაცია ექნება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები