დავით გარეჯში, უდაბნოს ტაძრებიდან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ყველა ხატი გამოიტანეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯის გიდმა, ზვიად ანანიაშვილმა განუცხადა.
აღნიშნულის საპროტესტოდ და ადგილზე არსებული ვითარების გასაცნობად გიდები დღეს დავით გარეჯში ჩასვლას გეგმავენ.
„როგორც ვიცი, მომხდარის გამო გუშინ ადგილობრივ მოსახლეობას და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის სიტუაცია დაიძაბა, რის გამოც ადგილზე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ჩავიდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროდან არავინ შეგვხმიანებია. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კვლავ განაგრძობენ პატრულირებას. გზების გაყვანა ჯერჯერობით არ განუახლებიათ“, - განაცხადა ზვიად ანანიაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართული სიწმინდეები ტაძრებიდან 4 დღის წინ გამოიტანეს და ქართველ სასულიერო პირებს გადასცეს იმ მიზეზით, რომ ტაძრები მათ ტერიტორიაზე მდებარეობს.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, დავით გარეჯში ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა, თუმცა გუშინ, ადგილობრივ მოსახლეობასა და აზრებაიჯანელ მესაზღვრეებს შორის შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.
როგორც ქაცარავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამის მიზეზი უდაბნოს მონასტრიდან ხატების გამოტანა გახდა. ქაცარავას თქმითვე, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები უდაბნოს მონასტრის კელიებს საპირფარეშოდ იყენებენ.
"საუბარი ძალიან მერიდება, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კელიებს საპირფარეშოდ იყენებენ. ეს დადასტურებული ფაქტია. საერთო ჯამში კი შექმნილმა ვითარებამ ადგილობრივ მოსახლეობაზე იმოქმედა, რაც ბუნებრივია.
ჩვენი მთავრობის მხრიდან ოფიციალური პოზიცია არ დაფიქსირებულა და საზოგადოებაც ამ საკითხში არ ჩართულა. აქედან გამომდინარე, არც გამკვირვებია ადგილობრივი მოსახლეობის ამგვარი გაბრაზება. გუშინ მოხდა ინციდენტი, ადგილობრივი მოსახლეობა უდაბნოს მონასტერში ჩავიდა, შეხლა-შემოხლა მოხდა, რა დროსაც ძალიან პოზიტიურად იმოქმედეს ჩვენმა მესაზღვრეებმა. ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ დაძაბული სიტუაცია განემუხტათ“, - განაცხადა ქაცარავამ.