სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ბავშვთან ერთად ფროგმორის კოტეჯი დატოვეს, მიზეზი კი ჟურნალისტების მიერ უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გახდა.
ამერიკულმა საინფორმაციო და ფოტოსააგენტომ Splash News რამდენიმე თვის წინ ჰარისა და მეგანის საცხოვრებელი სახლი, რომელიც 3 მლნ დოლარად არის შეფასებული, ვერტმფრენით გადაიღო.
ჟურნალისტების მიერ დაქირავებულმა ვერტმფრენმა ფროგმორის კოტეჯს გადაუფრინა, ვიდეო და ფოტომასალა კი მოგვიანებით არაერთმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის The Times-მა.
პრინცის ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ სურათები ოჯახის უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის, ახალბედა მშობლებმა კი გადაწყვიტეს, იქ აღარ იცხოვრონ.
მისივე თქმით, ფროგმორის კოტეჯი წყვილმა საცხოვრებლად სწორედ იმიტომ აირჩია, რომ მინდვრებით და ფერმებით გარშემორტყმული სახლი მათ პირად ცხოვრებას ჟურნალისტებისთვის მიუწვდომელს გახდიდა.
სააგენტოს წარმომადგენლებმა მასალის გადაღებისა და გავრცელებისთვის ბოდიში მოიხადეს და აღნიშნეს, რომ კომპენსაციას ჰერცოგსა და მის ცოლს აუცილებლად გადაუხდიან. თანხის ოდენობა ამ დრომდე ზუსტდება, თუმცა ცნობილია, რომ მიღებულ კომპენსაციას ჰარი და მეგანი ქველმოქმედებისთვის გამოიყენებენ.