სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ შვილს არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორი დაარქვეს. BBC წერს, რომ სახელის არჩევანი ყველასთვის მოულოდნელი იყო - სამეფო ოჯახში არც არჩი და არც ჰარისონი არასოდეს დაურქმევიათ ბავშვისთვის.
არჩი „ნამდვილს“, „ჭეშმარიტს“, „გაბედულს“ ნიშნავს და ბრიტანეთში უფრო პოპულარულია, ვიდრე აშშ-ში. თავდაპირველად არჩიბალდის შემოკლებული ვერსია იყო, თუმცა ამჟამად არჩი დამოუკიდებელ სახელადაც გამოიყენება.
რაც შეეხება ჰარისონს, ეს სახელიც ინგლისში მეტად პოპულარულია, ვიდრე მეგანის სამშობლოში და თავდაპირველად გვარის სახით გვხვდებოდა. ჰარისონი „ჰარის შვილს“ ნიშნავდა.
ამასთან, მშობლების გადაწყვეტილებით, არჩი არ მიიღებს საპატიო სამეფო ტიტულს. როგორც ჰერცოგის შვილს შეეფერება, ბავშვს გრაფის წოდება უნდა მინიჭებოდა, თუმცა მეგანმა და ჰარიმ უარი განაცხადეს.
სამეფო კარის მიმომხილველი რიჩარდ ფიცვილიამსი ამბობს, რომ ჰერცოგისა და ჰერცოგინიას გადაწყვეტილება, დაერქმიათ შვილისთვის სახელი, რომელიც არ არის სამეფო ოჯახისთვის ტრადიციული, „არაჩვეულებრივია“ და მონარქიას „გააახალგაზრდავებს“.