ავტორი:

"გუშინდელივით მახსოვს პირველი დღე "აიაქსში"... ნერვიულობაში აღმოვაჩინე, რომ ბოტასები სახლში დამრჩა" - შოთა არველაძის მოგონებები ჰოლანდიაზე

"გუშინდელივით მახსოვს პირველი დღე "აიაქსში"... ნერვიულობაში აღმოვაჩინე, რომ ბოტასები სახლში დამრჩა" - შოთა არველაძის მოგონებები ჰოლანდიაზე

ცნობილ ფეხბურთელს, შოთა არველაძეს ძალიან საინტერესო ავტობიოგრაფიული წიგნი აქვს დაწერილი სპორტულ ჟურნალისტ დავით თავართქილაძესთან ერთად, რომელშიც ცალკე თავი ეძღვნება ჰოლანდიურ "აიაქსს", სადაც შოთამ 1997-2001 წლებში ითამაშა.

"ლელო" გთავაზობთ ფრაგმენტს, რომელშიც ფეხბურთელი გუნდში მისვლასა და სადებიუტო მატჩს დიდი ემოციებით იხსენებს:

"ის, რაც ყველასთვის წარმოუდგენელი იყო, ჩემთვის სულ რამდენიმე ხანში რეალობად გადაიქცევა. მე დიდი ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის წევრი გავხდები.

1997 წლის ზაფხულში თბილისიდან არსად წავსულვარ. "დინამოს" ბაზაზე ვვარჯიშობდი და ვემზადებოდი. ასე ხდებოდა ყოველ ზაფხულს, ოღონდ ეს ზაფხული განსხვავებული იყო - მე ხომ "აიაქსში" მივდიოდი... "აიაქსი" თითქმის ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიდიოდა, ძალიან წარმატებული წლები ჰქონდა და, რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი.

მაინტერესებდა, რამდენით ჩამოვრჩებოდი მათ, ვინც ყოველ წელს ლიგის ფინალს თამაშობდა.

ამსტერდამში გამგზავრების წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ნოდარ ახალკაცს ვესტუმრე. ძალიან მაინტერესებდა მისი აზრი. ახალკაცმა ჯერ შემაქო - ყოჩაღ, აბა, შენ იცი, ამხელა გუნდში საქართველოს როგორ წარმოაჩენო. ერთი რჩევაც მომცა - გუნდში რომ მიხვალ, სტუმარივით არ მოიქცე, ისე მოიქეცი, თითქოს დიდი ხანია, "აიაქსში" თამაშობო. ასე უფრო მალე მიგიღებს დიდი ფეხბურთი და წარმატებაც მალე მოვაო.

ჰოლანდიის დედაქალაქში მე, აჩი, მერაბ ჟორდანია (თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი), ერვინ კაზაკოვსკი და ჩემი მენეჯერი - ივან ბენეში ჩავედით. "ამსტერდამ არენაზე" მარტინ ოლდენჰოფი და არი ვან ოსი გველოდებოდნენ. სწორედ ისინი განაგებდნენ საფინანსო საქმეებს. იმ ოთახში მიგვიპატიჟეს, სადაც "აიაქსის" თასები იყო გამოფენილი, ოთხი - ჩემპიონთა ლიგის, ორი - საკონტინენტო, ორი - ევრო სუპერთასი და ერთი - უეფა.

არ ვიცი, საგანგებოდ შეგვიყვანეს თუ არა, მაგრამ ამის შემყურეს ნერვიულობა გამიორმაგდა. კონტრაქტის პირობები თითქმის შეთანხმებული იყო, თუმცა შეხვედრა საათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა. ამ ოთახმა ისე იმოქმედა ჩემზე, რომ მზად ვიყავი, ყველანაირი კონტრაქტისთვის მომეწერა ხელი.

საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. გადაწყდა - მეორე დღეს, ჟურნალისტების თანდასწრებით, ოფიციალურად, საზეიმო ვითარებაში მოვაწერდი ხელს. ეს ყველას გამარჯვება იყო!.. ქართული ფეხბურთი დაუბრუნდა ევროპას!.. მეორე დღეს, კონტრაქტზე ხელმოსაწერად, ლამაზად გამოვეწყვე და ცერემონიამაც ასევე ლამაზად ჩაიარა...

საღამოს ყველანი რესტორანში წავედით... ჩემი ოჯახის ახლობელი, თაზო ანდღულაძეც შემოგვიერთდა, რომელიც ამსტერდამში საქართველოს ავიახაზების წარმომადგენელი იყო. რა თქმა უნდა, ყველა ამაღლებულ ხასიათზე ვიყავით და კარგადაც მოვილხინეთ. მეორე დღეს თაზომ კარგი საჩუქარი გაგვიკეთა - მე და აჩი თბილისში თავისი ხარჯებით გამოგვაფრინა.

თბილისში ყველა ჩემთან დაკავშირებას ცდილობდა... რეკავდნენ ქართველი ჟურნალისტები, ყველას დეტალურად აინტერესებდა ამსტერდამის ამბები. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ისიც კი მკითხა - პირველ გუნდში მოაწერე ხელი თუ მეორეშიო. ზოგისთვის ძნელი დასაჯერებელი აღმოჩნდა ის, რომ ქართველი ევროპულ გრანდში ითამაშებდა.

რამდენიმე ვაიგულშემატკივარმა ისიც კი თქვა, ამსტერდამში ბალიში წაიღოს, თორემ სათადარიგოთა სკამზე ჯდომით ერთი ადგილი ეტკინებაო... ეს ის ხალხია, ვისაც სპორტთან საერთო არასდროს ჰქონია, სპორტულ პიჟამაში ჩაცმულიც კი არავის უნახავს, მხოლოდ ცინიზმით გამოირჩევიან და არასდროს არაფერი უკეთებიათ. სტადიონზეც, ალბათ, მხოლოდ საგინებლად დადიან და ტოტალიზატორშიც ჩვენს წაგებაზე დებენ ფსონებს. გასაკვირია, მაგრამ ზოგიერთის ასეთმა მიდგომამ კარგი მოტივაცია გამიჩინა...

გუშინდელივით მახსოვს პირველი დღე "აიაქსში"... როგორ შევედი გასახდელში, როგორ ჩამოვართვი ყველას ხელი, მარტო ჩემს სახელს ვიმეორებდი... თითქმის ყველა მსოფლიო დონის ვარსკვლავი იყო... ამ ნერვიულობაში აღმოვაჩინე, რომ ბოტასები სახლში დამრჩა... ეტყობა, საწყლად გამოვიყურებოდი, ყველა გარეთ გავიდა და სირბილისთვის მოემზადა წაიკითხეთ ვრცლად

საბერძნეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 13 ავღანელი მიგრანტი უკანონოდ გადაჰყავდა

"3 ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია, 2 პირის ინფიცირების წყარო კი უცნობია" - პრემიერი კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა