ავტორი:

ნინო სურგულაძის "უმაღლესი კლასი" ბელგიის სამეფო თეატრის სცენაზე - ქართველმა მეცო-სოპრანომ კრიტიკოსები აღაფრთოვანა

ნინო სურგულაძის "უმაღლესი კლასი" ბელგიის სამეფო თეატრის სცენაზე - ქართველმა მეცო-სოპრანომ კრიტიკოსები აღაფრთოვანა

სულ ცოტა ხნის წინ, ბელგიის სამეფო თეატრში „აიდას“ პრემიერა შედგა. ნინო სურგულაძე მაყურებლისა და მსმენელის წინაშე „ამნერისის” პარტიით წარდგა. ხუთმა საპრემიერო სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა.

ცნობილმა გერმანელმა კრიტიკოსმა, ბარბარა რიოდერმა „აიდას“ პრემიერაში ნინო სურგულაძის ხილვის და მოსმენის შემდეგ თქვა - "ეს არის ფაქტი, თუ რატომ სურდა ვერდის თავდაპირველად თავისი ოპერისათვის "ამნერისი" ეწოდებინა".

ნინო სურგულაძის დიდ წარმატებასა და გამორჩეულობას მსოფლიო პრესა და კრიტიკა ერთხმად აღნიშნავს. ფრანგმა კრიტიკოსმა ჟაკ ოლბესმა, ნინო სურგულაძის ხმის განუმეორებელ ელფერს, ამნერისის პარტიის უბადლო შესრულებისთვის, მომღერლებს შორის „პირველობის პალმის” წოდება თამამად მიაკუთვნა.

„აიდას“ დამდგმელი რეჟისორი გამოცდილი და ცნობილი სტეფანო მაცონისი და ქალი დირიჟორი, სპერანცა სკაპუჩი გახლდათ, ეს უკანასკნელი უდიდესი წარმატებით მოღვაწეობს მსოფლიოს წამყვან სცენებზე. გამოირჩევა დიდი მუსიკალური და არტისტული ტემპერამენტით, პროფესიონალიზმითა და შარმით.

დადგმაში მონაწილეობდა ლეგენდარული ტენორი მარჩელო ჯორდანი რადამესის პარტიით, რომელიც წლების მანძილზე ყველა დიდი თეატრის წამყვანი ტენორი იყო, მათ შორის ნამღერი აქვს ორასამდე სპექტაკლი „მეტროპოლიტენ ოპერაში". ხოლო “აიდას” პარტიას ამერიკელი (კუბური წარმოშობის) სოპრანო ელეინ ალვარესი ასრულებდა. ამ პარტიაში ეს მისთვის დებიუტი იყო.

ბოლო სპექტაკლი გადაცემულ იქნა, ცნობილი ინტერნეტპორტალით "Kuktur Box”-ის პირდაპირი ეთერით franc TV-ის მონაწილეობით და მას მთელი მსოფლიოდან ადევნებდნენ თვალყურს ოპერის მოყვარულები. უახლოეს მომავალში გამოიცემა დადგმის DVD ვერსიაც.

აღსანიშნავია, რომ ეს მოვლენა მუსიკალური კრიტიკოსების ყურადღების ქვეშ მოექცა და ბელგიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან და იტალიიდან უამრავი კრიტიკული და საინტერესო სტატია დაიწერა ცნობილ გამოცემებში. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიებიდან:

"ლიეჟის მომღერალთა შემადგენლობა ძალზედ სოლიდური იყო. ყველას კი, Maleficent-ში ანჯელინა ჯოლივით ჩაცმული ნინო სურგულაძის მაცდუნებელი ამნერისი აღემატებოდა. იგი ყველა სცენაში დომინირებდა და მისი მსუყე ხმა ძალზედ მიმზიდველად ჟღერდა ამ პატარა თეატრში. მას მერე, რაც ქურუმებმა რადამესს განაჩენი გამოუტანეს, სურგულაძემ თავისი წყევლის წარმოთქმის წინ რამფისს კობრისთავიანი კვერთხი გამოგლიჯა ხელიდან, "anatema” და "su voi” სიტყვებს შორის ბოროტი პაუზა გააკეთა, ღრმად ჩაისუნთქა და დარბაზი ექსტაზში მოიყვანა მაღალი ნოტით" - ცნობილი მუსიკალური ონლაინგამოცემა Bachtrack-ის კრიტიკოსის მარკ პულინგერის შეფასება, დიდი ბრიტანეთი.

"ფაქტი, თუ რატომ სურდა ვერდის თავდაპირველად თავისი ოპერისათვის "ამნერისის" წოდება, გასაგები ხდება ნინო სურგულაძის შხამიანი, ეჭვიანობით მოცული ფარაონის ასულის ხილვის შემდეგ. სურგულაძე მღერის მუქი სპილენძისფერი მეცოთი და ამნერისს ღამის დედოფლად აქცევს, რომელიც მზადაა ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი გაიღოს რადამესისადმი საკუთარი ვნების განსახორციელებლად. როდესაც ამისგან არაფერი გამოდის, რადგან რადამესი აიდას აირჩევს, მასში თვალნათლივ იმარჯვებს ტანჯული, შურისძიებით აღსავსე მეტოქე. ნექტარივით ტემბრი... სურგულაძეს დიდებული, დასამახსოვრებელი ხმა აქვს" - წერს კრიტიკოსი ბარბარა რიოდერი, klassik.com-ზე (გერმანია).

"ყველასაგან გამოირჩა და ყურადღება მიიტაცა ნინო სურგულაძის მიერ შესრულებულმა ამნერისმა. უმაღლესი კლასია, როცა ასეთი კარგად პროეცირებული, სავსე, თბილი, ღრმა და მაცდუნებელი ხმა გესმის მღეროდეს. ამას დაერთო სამსახიობო ტალანტიც, რომელიც მეტი იყო ვიდრე უბრალოდ როლის თამაში" - წერს ლუდვიგ ვან მეხელენი ჰოლანდიური Klassiek Centraal-იდან.

"ნინო სურგულაძე იყო უნაკლო თავის დომინანტურ როლში. ქართველმა მეცო-სოპრანომ თავი წარმოაჩინა როგორც აუღებელმა ციხე-სიმაგრემ ორი შეყვარებულის (აიდასა და რადამესის) დრამატული ძალებისათვის. იგი იყო საუცხოო მათ შუა დგომაში, მაგრამ ოპერის დასასრულს, ორ ძლიერ გრძნობას შორის გახლეჩილი და საკუთარი შეყვარებულის გადარჩენაში სასოწარკვეთილი, როგორც კეთილი ანგელოზი გაჰყვა ორ მთავარ გმირს მათი ბედისწერისაკენ" - მარკო რანალდი, Amadeus, იტალია.

"ამ განუხორციელებელ სასიყვარულო სამკუთხედში ქართველი ნინო სურგულაძის საუცხოო, შხამით აღსავსე და ფატალური ამნერისია, რომელიც მაყურებლის ყურადღებას ინარჩუნებს. ფუნჯის მოკლე მოსმით იგი ხატავს პორტრეტს რისხვით ტანჯული და მომაკვდინებელი ეჭვიანობით დასნეულებული ქალისა. თუკი დასაწყისში, აიდასთან "Vieni, o diletta" დუეტში მისი ტაქტიკა მოჩვენებით სიტკბოებაზე აგებული ღალატია, ბოლო აქტში, თავის მართლებაზე უარისმთქმელ რადამესთან დაპირისპირებისას იგი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ფეთქდება მთელი თავისი ძალზედ დამაჯერებელი მუსიკალურობითა და ნამდვილი ვერდის მეცო-სოპრანოს ხმით, რომელიც ერთდროულად მოქნილიცაა და ძალით აღსავსეც.

ამ მომენტში როლის მისეული ხორცშესხმა გრანდიოზულ, ეპიკურ მასშტაბს აღწევს უბნელესი სასოწარკვეთილების და ტრაგიზმის მხრივ" - ბენედიქტ ევრი, ResMusica, საფრანგეთი.

“მომღერლებს შორის პირველობის პალმა ნინო სურგულაძეს (ამნერისს) ეკუთვნის, რადგან მან ბუნებრივად და ადვილად წარმოაჩინა თავისი რთული პერსონაჟის ხასიათის ყველა ასპექტი, დაწყებული მოსვენებადაკარგული შეყვარებულიდან და დამთავრებული შეუბრალებელი შურისმაძიებლით. მისი ტემბრი დიდებულია, სამსახიობო თამაში სოლიდური, როლის ფართო ტესიტურა სრულყოფილად გაკონტროლებული. ერთი სიტყვით, ერთი სიამოვნებაა!” - წერს ჟაკ ოლბე ჟურნალ Crescendo-დან, საფრანგეთი.

"დაუნდობელი ამნერისი, ნინო სურგულაძე ამჟღავნებს თითქმის ვაგნერიანულ განრისხებას და ამით ხანდახან პარავს ყურადღების ცენტრს მთავარი პარტიის შემსრულებელს" - წერს ველრი კოლინ, L'Echo, ბელგია.

“ნინო სურგულაძემ იმღერა ამნერისი, ფარაონის ლამაზად შემოსილი მაგრამ ცბიერი ასული, განუმეორებელი თეატრალურობითა და სიყვარულის, ეჭვიანობის, სიძულვილის, რისხვისა და ტანჯვის თითოეული სპაზმის გულდასმით ინტერპრეტაციით. პუბლიკას შესაძლებლობა ჰქონდა ჭეშმარიტი სილამაზისა და სიამოვნების არაერთი მომენტი განეცადა” - დომინიკ ჰელენ ლიმერი, ბელგია.

"მრისხანებით აღსავსე მზერით, ქართველი ნინო სურგულაძე განასახიერებს ცეცხლოვან, ტემპერამენტიან ამნერისს; ამ თვისებებით მან უკვე მოახდინა დიდი შთაბეჭდილება გასულ სეზონში, ლიეჟში კარმენის ინტერპრეტაციისას" - გაელ მიური, გამომცემლობა - Le Soir, საფრანგეთი, ბელგია.

"ქართველმა მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძემ მსმენელი მოაჯადოვა ძლიერი და მუქი ხმით და ამით ეფექტურად გაუსვა ხაზი ეჭვიანი ამნერისის მძვინვარე ბუნებას" - ლეშეკ ბერნატი, გამოცემა Maestro, პოლონეთი.

როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, ვერდის ამ ოპერას უნდა ერქვას “ამნერისი”, რადგან, ეგვიპტის ფარაონის ასული ასრულებს ამ ოპერის ყველაზე დრამატულ სცენებს. ეს ურთულესი პარტია ნინო სურგულაძემ დიდებულად შეასრულა. მის ბიოგრაფიაში სწორედ ასეთი რთულად შესასრულებელი პარტიებია თავმოყრილი, რომელიც მაყურებლისთვის და საოპერო ხელოვნების განსაკუთრებული მოყვარულთათვის უდიდეს სიამოვნებადაა ქცეული.

"დღემდე ვერიდები მეგობრების ოჯახში მისვლას, დიდ სუფრაზე მოხვედრას" - თამუნა ნიკოლაძე პანდემიის პერიოდზე, "დიდი ოჯახის" გადაღებებსა და საზაფხულო გეგმებზე

"მამაჩემთან დაკავშირებით სიმართლე უნდა ვთქვა“ - რას წარმოადგენს სინამდვილეში ზურა ხოკერაშვილის მამა და რა აკავშირებს „მასტერშეფის“ ჟიურისთან

რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა, პანდემიის დროს, შვილებთან ერთად "ქოხი" ააშენა - "ეს ჩემთვის კიდევ ერთი პატარა ფილმია"