ვაკის პარკში, სამამულო ომის მუზეუმის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა.
როგორც AMBEBI.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დღეს, დილით მომხდარი ხანძრის შედეგად დამწვარია 20 კვ. მეტრის ფართობი ტერიტორია.
მათივე ცნობით, ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა 1918 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, კვამლის შედეგად გაიგუდა.
ხანძარი ლიკვიდირებულია. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრობდა.
გარდაცვლილის ცხედარი ეკოსამსახურის თანამშრომელმა თამაზ მუხიგულაშვილმა იპოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მუხიგულაშვილმა განუცხადა, 100 წლის ვეტერანი ვეტერანებისთვის განკუთვნილ ერთ–ერთ ოთახში მარტო ცხოვრობდა.
„სამსახურში მოვედი. კვამლი შევამჩნიე, რომ შევედი ჩემს ოთახში კვამლი იქაც იყო. მის ოთახთან, კორიდორში კვამლი დავინახე და შევედი. ოთახი კვამლით იყო სავსე. ცეცხლის ჩაქრობა დავიწყე. რომ გამოვედი, დავინახე, რომ მამაკაცი იატაკზე ეგდო“, - განაცხადა მუხიგულაშვილმა.
მისივე თქმით, მან შემდეგ ვაკის პარკის დაცვის თანამშრომლებს დაუძახა, სასწრაფო ბრიგადა და სახანძროც გამოიძახეს.