მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ქართველი ჯარისკაცების შესახებ ყოველი სტატიის შემდეგ, AMBEBI.GE-ს მკითხველები კომენტარებში წერენ საკუთარი წინაპრის ან ნათესავის შესახებ მონაცემებს და მათზე ინფორმაციას ითხოვენ.
ამჯერად, ჩვენი მკითხველისთვის ქერჩის კომისიის წევრებმა იმ ადამიანების გვარ-სახელები მოიძიეს, რომლებიც აქამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ...
ასევე, კომისიის წევრის თქმით, ქერჩის საერთო სასაფლაოზე ახალი დაფის განთავსება იგეგმება, რისთვისაც საჭიროა ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან მეომრების გვარ-სახელებისა და დაბადების წლების დაზუსტება, რადგან ხშირ შემთხვევაში მათ პირად მონაცემებში შეცდომები იყო.
მაშ ასე, გთავაზობთ იმ ქართველი მეომრების მონაცემებს, რომლებსაც ახლობლები აქამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად თვლიდნენ:
გიორგი მიხეილის ძე მაისურაძე - დაბადებული 1907 წელს, ბორჯომის რაიონის სოფელ ჩობისხევში. მეუღლე თამარა. დღემდე ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, სინამდვილეში დაკრძალულია ქერჩში, საერთო სასაფლაოზე.
ვასილი ვარლამის ძე კაველაძე - (შესაძლოა, ყაველაძე ან ყოველაძე), დაბადებული ხარაგაულის რაიონში, მეუღლე - ვერა.
ამირან პროკოფის ძე ლატარია - დაბადებული ხობის რაიონის სოფელ ხეთაში, 1922 წელს. გარდაიცვალა სამხედრო საავადმყოფოში, მიღებული ჭრილობებისგან.
სერგეი ბაღდარის ძე მურდოიანი - დაბადებული 1921 წელს თბილისში, პლეხანოვის (მარჯანიშვილის) პროსპექტზე, #88. დედა - მარგარიტა სარქისის ასული მურდოიანი. მოწინააღმდეგის მიერ დაზიანებული თვითმფრინავი ყირიმის თავზე ჩამოაგდეს. დაჭრილი მურდოიანი პარაშუტით გადმოხტა, საბჭოთა ფრონტის ხაზამდე მიაღწია და სანგარში დაიღუპა.
სულიკო სოსოს ძე ოთიაშვილი - დაბადებული 1913 წელს თელავის რაიონის სოფელ მატანში. მეუღლე ვერა ლევანის ასული. დღემდე ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. დაკრძალულია ქერჩის საერთო სასაფლაოზე.
ვასილი მილოშევის ძე რეხვიაშვილი - დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს და 1945 წლამდე გერმანიის ქალაქ ცერბსტში, იქიდან კი, ეშელონით გროზნოში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, დაიღუპა მატარებელში და დაკრძალულია ამავე ქალაქში.
ნიკოლოზ ზახარის ძე ონოფრიშვილი - უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა 1945 წლიდან, სავარაუდოდ, დაიკარგა ბოლო ბრძოლებისას, გერმანიაში, ქალაქ ლუკენვალდის მიმდებარე ტყეებში დაიკარგა. მის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ოჯახის წევრებს ან შთამომავლებს - ამისთვის ბერლინში არსებულ საქართველოს საკონსულოს უნდა დაუკავშირდნენ, რომლის დახმარებითაც წერილობით უნდა მიმართონ ლუკენვალდის არქივს.
ცნობისთვის, შესაძლოა, ონოფრიშვილი, ლუკენვალდში დაკრძალული იყოს, როგორც “უცნობი ჯარისკაცი.” დამატებითი ინფორმაციის მითითება შესაძლოა, ადგილობრივი არქივიდან.