"მე მინდა გამოვიდე ექიმი და ქართველი ჯარისკაცების ექიმი ვიყო... ჩვენ ჯარისკაცებს ჩვენ უნდა ვუმკურნალოთ. მინდა ხალხს ვუთხრა, მოვიდნენ, გამიცნონ და მემეგობრონ, მერე რა რომ ღარიბი ვარ..." - ეს მცირე მონაკვეთია რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ვიდეოდან, რომელიც უამრავმა ადამიანმა ნახა. კონფლიქტის ზონაში მცხოვრები პატარა ზურას ამბავმა Palitravideo.ge-სა და "ფეისბუკზე" ვიდეოს ნახვის შემდეგ, უამრავ ადამიანს გაუჩინა მისი დახმარების სურვილი.
ათი წლის ზურა გაბოძე ბებიასთან და ორ ძმასთან ერთად, გორის რაიონში, სოფელ მერეთში მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. 10 წლის ბიჭს ერთი ოცნება უკვე აუხდა - თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალმა ბიჭუნას უმასპინძლა.
"ოცნება, რომ სამხედროების ექიმი ყოფილიყო გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმებმა აუხდინეს, ზურას საექიმო ხალათი მოარგეს და ჰოსპიტალი დაათვალიერებინეს. სტაციონალურ განყოფილებაში ზურა ჯარისკაცების მკურნალობის პროცესს დაესწრო და სარეაბილიტაციო განყოფილებაც მოინახულა. სამხედროების მომავალ ექიმს საახალწლო სურვილიც აუსრულდა და გორის ჰოსპიტალში ნაძვის ხესთან, მისთვის განკუთვნილი პლანშეტი აღმოაჩინა.