ავტორი:

"რაღაც შემთხვევას ჰქონდა ადგილი, რასაც ვერ გააჟღერებენ" - რას ამბობენ პროკურორი და ბრალდებულის ადვოკატი წავკისში მომხდარ მკვლელობაზე

"რაღაც შემთხვევას ჰქონდა ადგილი, რასაც ვერ გააჟღერებენ" - რას ამბობენ პროკურორი და ბრალდებულის ადვოკატი წავკისში მომხდარ მკვლელობაზე

შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია დანა, რომელზეც სისხლისმაგვარი კვალია, დათვალიერებულია ავტომანქანები, რომლითაც ბრალდებულები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, იქაც სისხლის მაგვარი ლაქებია ამოსული, - განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ წავკისში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმის პროკურორმა, გრიგოლ ბიბილაშვილმა.

როგორც ის განმარტავს, ბრალდებულები საქართველოს ტერიტორიის დატოვებას ცდილობდნენ.

"სასამართლომ სრულად გაიზიარა სამივე პირისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა. არსებობდა რეალური საფრთხე, რომ ბრალდებულები გამოძიებას მიემალებოდნენ, რითიც ხელი შეეშლებოდა მართლმსაჯულების აღსრულებას.

სამივე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მათ შორის, ორი, გიორგი აბულაძე რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისათვის არის დაკავებული, ასევე ანრი ყურაშვილი, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობაზეა პასუხისგებაში მიცემული, მათ დატოვეს თბილისი და აჭარის მიმართულებით გაეშურნენ, რაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ისინი ცდილობდნენ საქართველოს საზღვრის დატოვებას",- აცხადებს ბიბილაშვილი.

ის დეტალურად აღწერს თუ რა ვითარებასა და ვის შორის მოხდა კონფლიქტი, რომელიც მკვლელობით დასრულდა.

"23 დეკემბერს, დაახლოებით, 20 საათსა და 50 წუთზე დაბა წავკისში მოხდა დაპირისპირება, რა დროსაც დანით მოკლული იქნენ ლექსო და დავით ფეიქრიშვილები, ამ სისხლიანი დაპირისპირების დროს კი, ორი პირი დაიჭრა. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისგებაში არიან მიცემული, ნიკოლოზ აბულაძე და მისი შვილი გიორგი აბულაძე. გარდა ამისა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში მიცემულია ანრი ყურაშვილი", - აცხადებს პროკურორი.

მკვლელობის საქმეზე, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ანრი ყურაშვილის ადვოკატმა, გიორგი სიმონიშვილმა კი აღნიშნა, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო იმ მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც ყურაშვილის ბრალეულობას ადასტურებს.

"ბრალდების მხარემ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა იმის შესახებ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა იმისა, რომ სცოდნოდა აღნიშნული მკვლელობის და დაჭრის შესახებ.

ჩვენი მხრიდან სასამართლოსთვის 500 000 ლარის ოდენობით გირაო იქნა შეთავაზებული, რაც ნამდვილად უზრუნველყოფდა იმ საფრთხეების თავიდან არიდებას, რაც მოსამართლემ თავის განჩინებაში დაასახელა. ასევე 800 000 ლარამდე ოდენობით იყო შესაძლებელი ამ თანხის გაზრდა, მაგრამ სამწუხაროდ მან გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.

რაც შეეხება იმას, რომ ყურაშვილმა სისხლიანი ნახა მასთან ერთად მყოფი სხვა ბრალდებულები, ეს გარემოება აიხსნება იმით, თუ გავყვებით პროკურორის ნათქვამს, რომ შურისძიების მოტივი წარმოიშვა, ესე იგი კონკრეტულ შემთხვევამდე რაღაც სხვა შემთხვევას ჰქონდა ადგილი, რასაც დაცვის მხარე ჯერჯერობით ვერ გააჟღერებს, რადგან ვერსიებზე ვმუშაობთ. შესაძლებელია ეს იყო ჩხუბი, სადაც ბრალდებულები დაზიანდნენ და აქედან გამომდინარე მათ შესაძლოა, აღენიშნებოდათ სისხლის კვალი. შესაძლოა, მანქანაშიც ამიტომ იყო ეს კვალი", - აღნიშნა სიმონიშვილმა.

შეგახსენებთ, წავკისში, დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა, მკვლელობის მცდელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებულ სამივე პირს, გიორგი აბულაძეს, ნიკოლოზ აბულაძეს და ანრი ყურაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს