საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს სასამართლომ 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ინფორმაციას ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი ავრცელებს. სასამართლოში პროცესი ისე გაიმართა, რომ მედიისთვის ცნობილი არ იყო.
ამასთან, ადვოკატის თქმით, ფარცხალაძე წარდგენილ ბრალში თავს უდანაშაულოდ ცნობს.
ცნობისთვის, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენის საქმეზე მთავარ პროკურატურაში განცხადება დღეს გაკეთდება. ფარცხალაძეს ბრალი ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარედგინა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტი გასული წლის 12 მაისს თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა. ლაშა თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს. მოგვიანებით აღნიშნული ინციდენტის ვიდეომასალაც გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ურტყამს ფარცხალაძე თორდიას.
ლაშა თორდიას განცხადებით, ფარცხალაძის ქმედება, აუდიტის სამსახურის საქმიანობამ გამოიწვია, რომელიც იმ პერიოდში ფარცხალაძისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემას სწავლობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.