ქუთაისი-ვარშავის ავიარეისზე განხორციელებული ზარის ავტორი დადგენილია. როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, გაირკვა, რომ ზარი განხორციელდა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე და რეალურად საფრთხის შემცველი არ იყო.
როგორც Ambebi.ge-მ გაარკვია, ქუთაისის აეროპორტში ქალბატონმა დარეკა, რომლის სიძეც ვარშავაში მიფრინავდა.
"დარეკა ქალმა და იკითხა ქუთაისი-ვარშავის რეისი გაფრინდა უკვეო, როდესაც პასუხად მიიღო კი, თქვა ახლა მიყურეთ როგორ აგწიოთ ჰაერშიო..." - უყვებიან Ambebi.ge-ს ქუთაისელები, რომლებიც მომხდარის შესახებ არიან ინფორმირებული.
შეგახსენებთ, ავიაკომპანია "WizzAir"-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომელიც ქუთაისიდან პოლონეთის დედაქალაქის მიმართულებით მიფრინავდა, ბუქარესტის აეროპორტში ექსტრემალური დაშვება განახორციელა. ამის მიზეზი ბორტზე ბომბის შესახებ არსებული ინფორმაცია გახდა.
"საქართველოს აეოპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, ბორტის წევრებმა დადგენილი პროცედურების შესაბამისად იმოქმედეს და დაუგეგმავი დაშვება რისკის თავიდან აცილების მიზნით განახორციელეს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა "ვიზეარმაც".
"ბორტის წევრებმა იმოქმედეს დადგენილი პროცედურების შესაბამისად და რისკის თავიდან აცილების მიზნით საჰაერო ხომალდის დაუგეგმავი დაშვება განახორციელეს ბუქარესტის აეროპორტში. ყველა მგზავრი და ბორტის წევრი უსაფრხოდ იქნა გამოყვანილი ხომალდიდან. საქმე შემდგომი მოკვლევისთვის გადაეცა პოლიციას. უსაფრთხოება ვიზეარის უპირველესი პრიორიტეტია. ავიაკომპანია უცხადებს ნულოვან ტოლერანტობას ყველა იმ ქმედებას, რაც საფთხეს უქმნის მგზავრთა და ბორტის წევრების უსაფრთხოებას. ამჯერად საქმე გადაეცა პოლიციას შემდგომი მოკვლევისთვის", - ნათქვამია "ვიზეარის" განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 331-ე მუხლით, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.