ვიქნები მოძრავი პრეზიდენტი, რომელიც ჩავა რეგიონებში, მოვა აქ, - ეს დაპირება მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გლდანში, მოსახლეობას მისცა.
მისი თქმით, მისი პრეზიდენტობის პირობებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ცხელი ხაზი ექნება.
„ღია იქნება ადმინისტრაცია, ცხელი ხაზი ექნება პრეზიდენტის ადმინისტრაციას. მე არ ვიქნები სასახლეში ჩაკეტილი. ვიქნები მოძრავი პრეზიდენტი, რომელიც ჩავა რეგიონებში, რომელიც აქაც მოვა. ჩვენ უნდა შეგვეძლოს გვქონდეს ის დიალოგი, რომელიც ძალიან დამჭირდება იმისთვის, რომ მთავრობასთან მივიტანო ის საჭირო მოთხოვნები, საინტერესო მოსაზრებები, რომელიც ყველას გაგვაჩნია...
მინდა ამ 6 წლის ბოლოს, ჩემი და თქვენი ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიოთ იმას, ყველა მოქალაქე ამბობდეს, რომ ამ ქვეყანაში მართლაც უკეთესად ვცხოვრობთ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის თქმით, დროა საქართველოში ქალი იყოს პრეზიდენტი.
„ხმა მიეცით თუ ხმალიო ვერ გავიგე და ხმალიც მინდა და ხმაც. დრო მოვიდა ქალი პრეზიდენტის. დრო მოვიდა, იმიტომ, რომ ზოგჯერ, რაღაც პერიოდები არის ისტორიაში, როცა ქალებს მეტი შეუძლიათ. სხვა პერიოდებია, როცა აუცილებელი არის მამაკაცი იყოს ქვეყნის სათავეში. რატომღაც, ქალური ინტუიციით, მემგონი, ეს დრო მოვიდა, რადგან გველოდება გარდამავალი პერიოდი. ახლა უნდა დავდგეთ ფეხზე, როგორც თანამედროვე სახელმწიფო",- განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
სალომე ზურაბიშვილს მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება" უჭერს.