დაახლოებით ოთხმა მილიონმა ადამიანმა იაპონიის სამხრეთსა და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მიიღო ევაკუაციის რეკომენდაცია, რაც ქარიშხალ „ტრამს“ უკავშირდება.
ქვეყნის მთავარი მეტეოროლოგიური სააგენტოს მონაცემებით, ქარიშხალი „ტრამი“, რომელსაც რაოდენობის მიხედვით 24-ე ნომერი აქვს მინიჭებული, კუნძულებს - კიუსიუსა და ხონსიუს მახლობლად მდებარეობს. ცენტრში ქარიშხლის სიჩქარე წამში 45-60 მეტრს შეადგენს. მეტეოროლოგები მას „განსაკუთრებით ძლიერი“ ქარიშხლის სტატუსს ანიჭებენ.
ელოდებიან, რომ ქარიშხალი დღეს კუნძულ ხონსიუს დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ რაიონებს მიაღწევს. ამ დროისთვის უკვე დაშავდა 77 ადამიანი, ერთი დაკარგულად მიიჩნევა. დახურულია მაღაზიები და გასართობი ცენტრები.