ეგვიპტელი მამაკაცი, რომელმაც სოცქსელში გააზიარა ვიდეო, როგორ საუზმობს საუდელ ქალთან ერთად, დაიჭირეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
კადრებში ჩანს, რომ ქალს სახე სრულად აქვს დაფარული. საუდის არაბეთის კანონმდებლობის შესაბამისად, სხვადასხვა კაფეში, მაგალითად - „მაკდონალდსა“ და „სტარბაქსში“ ოჯახები და მარტოხელა მამაკაცები სხვადასხვა სივრცეში სხდებიან. ქალები მამაკაცებისგან მოშორებით უნდა მოთავსდნენ.
ამასთან, საუდელ ქალებს მარტო წასვლა ბევრგან არ შეუძლიათ, მათ უნდა ახლდეთ მამაკაცი - მამა, ქმარი, ძმა ან - ვაჟი.
ეგვიპტელი მამაკაცი საუდის არაბეთის შრომისა და სოციალური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა დააკავეს. არაბული ჰეშთეგი „ეგვიპტელი მამაკაცი საუდელ ქალთან ერთად საუზმობს“ „ტვიტერზე“ 113 000-ჯერ გამოიყენეს.
30 წამიანი ვიდეოს დასასრულს ქალი მამაკაცს საკუთარი ხელით აჭმევს, ამ ეპიზოდმა კი სოციალური ქსელების მომხმარებლები ყველაზე მეტად გააღიზიანა. მათ უმეტესობას აინტერესებს, რატომ დაისაჯა მამაკაცი და არა ქალი.