ნოვოროსიისკელი წყვილი, რომელიც შავ ზღვაში გასაბერი ნავით შევიდა სასეირნოდ, შტორმის გამო ტალღებმა გაიტაცა და შუაგულ ზღვაში მარტოდმარტო აღმოჩნდა.
ნადეჟდა აჩანკინა და მიხაილ ალავერდიანი ზღვაში 8 აგვისტოს გავიდნენ და სულ რაღაც ნახევარი საათით აპირებდნენ გასეირნებას, თუმცა შტორმის გამო 5 დღით ჩარჩნენ, თანაც საკვების, წყლის გარეშე. მობილური ტელეფონები წყვილმა სანაპიროზე, საკუთარ მანქანაში დატოვა. ტანზეც ძალიან მცირედ ემოსათ, რის გამოც ძლიერი დამწვრობები მიიღეს.
ძლიერ შტორმს წყვილი და მათი ნავი სასწაულებრივად გადაურჩა. 5 დღის თავზე ტალღებზე მოცურავე ნავი ბერძნული გემის ეკიპაჟმა შეამჩნია, რომლის კაპიტანსაც ხრისტოსი (ქრისტე) ქვია. ამის შესახებ წერს გამოცემა Наша газета Новороссийск.
წყვილი ნოვოროსიისკში ცხოვრობს. ნადეჟდა რუსეთის, ხოლო მიხაილი - სომხეთის მოქალაქეა. გამოცემასთან საუბარში წყვილმა აღნიშნა, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ლოცულობდნენ და ერთხელაც ჰორიზონტზე გამოჩნდა ტანკერი, რომელმაც ისინი გადაარჩინა. "სიმბოლურია, რომ გადამრჩენელი ტანკერის კაპიტანს ხრისტოს ჰქვია" - წერს Наша газета.
"ბერძნული გემის კაპიტანმა ხრისტოს კონსტანტიდისმა და მისმა ეკიპაჟმა ბორტზე აგვიყვანეს პირველადი სამედიცინო დახმარება გაგვიწიეს, წყალი დაგვალევინეს და გვაჭამეს, ტანსაცმელიც მოგვცეს. მადლობა მათ!" - დასძინა ნადეჟდამ გამოცემასთან საუბრისას.
გადარჩენილ წყვილს ძლიერი დამწვრობა აღენიშნება და პირდაპირ გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.