თვითმკვლელმა ტერორისტმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში 48 ადამიანი იმსხვერპლა. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, აფეთქება შიიტურ დასახლებაში, სასწავლო ცენტრში მოხდა.
ბოლო დღეების განმავლობაში ქაბულში არაერთი ტერაქტი მოხდა, რომლის დროსაც ასობით მშვიდობიანი მოსახლე, სამხედრო პირი და პოლიციელი გარდაიცვალა.
სასწავლო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად 67 ადამიანი დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ტერაქტი „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა.
„თალიბანი“ რაიმე სახით მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.
შიიტი მოსახლეობა ავღანეთში ხშირად ხდება სუნიტი მუსულმანი ექსტრემისტების სამიზნე. ისინი ფიქრობენ, რომ შიიტური სწავლება მწვალებლურია.
ამასთან, თალიბანმა განაცხადა, რომ „წითელ ჯვარს“ უსაფრთხო დერეფნის გარანტიას ავღანეთში ვეღარ მისცემს.