"ბახალა" ციხიდან განცხადებას ავრცელებს

"ბახალა" ციხიდან განცხადებას ავრცელებს

მე უნდობლობას ვუცხადებ ქართულ მართლმსაჯულებას და მომიწევს, ჩემი უდანაშაულობა ევროპულ სასამართლოში დავამტკიცო, - ამის შესახებ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულმა მსახიობმა, გიორგი გიორგანაშვილმა ციხიდან განცხადება საკუთარ „ფეისბუქზე“ გაავრცელა.

„ის რაც დღეს, ჩემს თავს ხდება, არ არის ერთი ადამიანის, კონკრეტულად გიორგი გიორგანაშვილის ისტორია. ეს არის ამბავი, რომელშიც მთელი ჩვენი ქვეყანა უსამართლოდაა გაჭედილი, ისევე როგორც მე ვარ ახლა საკანში და აქ ვართ, სწორედ ისეთი მოსამართლეების გამო, ჩემს პროცესებზე რომ ისხდნენ, იმ პოლიციელების გამო, რომლებმაც ხელის აუკანკალებლად ჩამიდეს ნარკოტიკი და მერე სასამართლო დარბაზში უნიჭოდ იცრუეს, იმ პროკურორების გამო, ვინც საქმეებს თითხნის, იმ ჩინოვნიკების, პარლამენტარების და მინისტრების გამო ვინც ამ სისტემას კბილებით იცავს, რადგან კომფორტის, სავარძლის და გავლენის დაკარგვის ეშინია. საქართველოს სასამართლომ, ამ ქვეყნის ერთი რიგითი, უდანაშაულო მოქალაქე გიორგი გიორგანაშვილის უფლებები ფეხებზე დაიკიდა და ის ციხეში გამოკეტა. აქ არ არის საჭირო მორალი, ელემენტარული ლოგიკაც საკმარისია რომ დაინახო, განაჩენი, რომელიც მე გამომიტანეს, რბილად რომ ვთქვა, საეჭვო და უსამართლოა. მაგრამ მოსამართლებს კითხვაც კი არ გასჩენიათ, რომ ტექნოლოგიურ საუკუნეში ათობით პოლიციელი, რომელიც ოპერატიული შეტყობინების საფუძველზე ადამიანის დასაკავებლად მიემართება, რატომ არ ემზადება და რატომ ასახავს, რატომ არ იღებს ნარკოტიკების ამოღების პროცესს. დავუშვათ, სამხრე კამერა არ უმუშავებს, მობილურის კამერით რატომ არ იღებს? რა უნდა გადაიღოს პოლიციელმა ამაზე უკეთესი?

თუმცა, თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება ჩემთვის ნარკოტიკების ჩადების ფაქტზე, მაგრამ მოსამართლე შორენა გუნცაძე არ დაელოდა ამ გამოძიების დასრულებას და თავისი განაჩენით დაადგინა, რომ ნარკოტიკების ჩადებას ადგილი არ ჰქონდა და ამით წინმსწრებად, გამოძიების დასრულებამდე გაამართლა ნარკოტიკების ჩამდები პოლიციელები და მიანიშნა, რომ ეს გამოძიებაც ისეთივე ფიქტიური და წინასწარ განსაზღვრულია, როგორც მთელი პროცესი და ამ „სამართლიანი“ გადაწყვეტილებიდან, ორ კვირაში შორენა გუნცაძე უვადო მოსამართლედ დაინიშნა. ვულოცავ, ახლა მას უკვე მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში შეუძლია გასწიროს ადამიანები ციხისთვის თუ ამას უბრძანებენ და მიუთითებენ.

შთამბეჭდავია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლების: მანუჩარ კაპანაძის, მურმან ისაევისა და ნათია ბარბაქაძის გადაწყვეტილებაც, რომლებმაც მოსამართლე გუნცაძის მსგავსად უარი მითხრეს თბილისის პროკურატურაში ნარკოტიკების ჩადების საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალების გამოთხოვაზე, იმ გამოგონილი საფუძვლით, რომ ამით გამოძიებას ხელი შეეძლებოდა და უცვლელად დატოვეს 8 - წლიანი სასჯელი, რომელიც მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებას ემყარება.

ჩემს საქმეში არ არსებობს არანაირი ფოტო ან ვიდეო მტკიცებულება იმისა, რომ მე ტანსაცმელში ვინახავდი ნარკოტიკულ საშუალებებს. უფრო მეტიც, დაკავების შემდეგ მე გამომძიებლებს გადავეცი ბიოლოგიური (ნერწყვის) ნიმუში, რათა „ამოღებულ“ ნარკოტიკებზე ჩატარებულიყო გენეტიკური ექსპერტიზა, თუმცა ჩემი მოლოდინი არ გამართლდა, რადგან ჩადებულ ნარკოტიკებზე, როგორც შემდეგ გავიგე, საგამოძიებო ორგანო ექსპერტიზას არ ატარებს და არც ჩემს საქმეზე ჩაუტარებია. ექსპერტიზა ჩაატარეს რეანიმობილიდან ამოღებულ ნარკოტიკებზე, სადაც დადასტურდა, რომ ამოღებულ ნარკოტიკებთან არანაირი შემხებლობა არ გამაჩნია.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემს წინააღმდეგ არსებობს ორი საქმე. პირველი საქმე ესაა ნარკოტიკების ჩადების საქმე, რომელზეც 8 წელი მომისაჯეს, ხოლო მეორე საქმე, რომლის განხილვაც მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ეხება რეანიმობილიდან ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელიც პროკურატურის და შსს მიერ მომზადდა იმისთვის, რომ ნარკოტიკების ჩადების საქმე გაამყარონ. მაგრამ არც ერთ საქმეში არ არსებობს ობიექტური მტკიცებულება და თან ორივე საქმე სრულ წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან. პირველ საქმეში, სადაც ნარკოტიკები ჩამიდეს პროკურატურა ამტკიცებს, რომ ნარკოტიკებს ვინახავდი ტანსაცმელში, ხოლო მეორე საქმეში მედავებიან, რომ სხვა პირებთან შეთანხმებით, ნარკოტიკები შემოვიტანე საქართველოში. ნარკოტიკების საზღვარზე შემოტანის შესანიღბად კი ვიყენებდით რეანიმობილს.

ნებისმიერი საღი აზრის ადამიანს გაუჩნდებოდა ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: თუ ნარკოტიკები რეანიმობილით, შენიღბულად შემომქონდა საქართველოში 45 აბს ტანსაცმელში რატომ ვინახავდი და თუ ნარკოტიკები ტანსაცმლით შემომქონდა, რეანიმობილი რაში მჭირდებოდა?

პროკურატურის ლოგიკით, X ადამიანის ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკებზე შესაძლებელია ბრალი წაუყენენონ Y ადამიანს.

მე არ ვაპირებ გაჩერებას და თავის დახრას იმ უსამართლო სისტემის წინაშე, რომელმაც ჩემს მსგავსად უამრავი ადამიანი გაწირა და დამნაშავედ აქცია. გვინახავს ისეთი საქმეები სადაც ადამიანები სისტემას გადაურჩნენ, თუმცა არასოდეს გვინახავს დასჯილი პოლიციელები და მათ წინააღმდეგ ბოლომდე მიყვანილი საქმეები. ამ მახინჯი „პოლიციური სამართლის“ შემოქმედი მხოლოდ შსს და პროკურატურა არ არის. ჩამდებ პოლიციელთა ქმედებებს სასამართლო უმაგრებს ზურგს. რომ არსებობდეს მკაცრი სამოსამართლო კონტროლი პოლიციელთა ქმედებებზე, დარწმუნებული ვარ აღარ იარსებებდა ასეთი ბინძური სისტემა, სადაც ორი პოლიციელის ჩვენებით ადამიანები ციხეებში დაიფერფლებიან.

მე არავის გთხოვთ ბრმად მენდოთ და სიტყვაზე დამიჯეროთ, უბრალოდ თვალები გაახილეთ, გაანალიზეთ ფაქტები და კარგად დააკვირდით პროცესებს. ჩემს მიმართ წამოწყებული ამ ბინძური კამპანიით პოლიციური სისტემა შეეცადა საზოგადოებრივი აზრის მათ სასარგებლოდ ფორმირებას. მათ შორის იმ ადამიანებზე ცდილობდნენ გავლენის მოხდენას, ვინც ჩემს მიმართ გამოტანილი უკანონო განაჩენი გააპროტესტა. ამ „ახალი“ საქმით სისტემამ მათ უთხრა: ვის იცავთ? ადამიანს, რომელიც რეანიმობილით დაათრევს ამდენ ნარკოტიკს? და ბოდიშის მოხდაც კი მოითხოვეს საზოგადოებისგან, მაგრამ მაინც ყველაზე გულის ამრევი ის იყო, რომ ამ საქმით სცადეს პრეზიდენტის დისკრედიტაცია და პოლიტიკური დივიდენდების დაწერა, რაზეც მიუთითებს მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების და განსაკუთრებით რიგითი რუპორის, ვინმე ზარდიაშვილის არაერთი განცხადება, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ჩემს მიმართ არსებულ სისხლისსამართლებრივ დევნას საფუძვლად პოლიტიკური მოტივაცია.

ამ ყველაფრის კიდევ ერთი ლოგიკური გაგრძელება იყო კლუბ „ბასიანზე“ განვითარებული მოვლენები, სადაც სისტემა დარწმუნებული იყო, რომ უკვე მომზადებული ჰქონდა ნოყიერი ნიადაგი ძალადობრივი ქმედებებისთვის, რა თქმა უნდა, „ბარიგებთან“ ბრძოლის ლოზუნგით. თუმცა ამ შემთხვევაში შსს-მ ვერ გათვალა, რომ თავისუფალ ადამიანებთან მსგავსი მეთოდები არ გაჭრიდა და აქაც აამუშავეს თავისი ბნელი კამპანია, თავისი მარტორქების ზეიმით ფინალში. კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, თუ როგორი მეთოდებით მუშაობს შსს და პროკურატურა „ხორავას ქუჩის საქმეა“, რომლის შემსწავლელი პარლამენტის კომისიის სხდომებს პირდაპირ ეთერში ვაკვირდებით, სადაც საქმის ზემდგომი პროკურორი და ძალოვანების მთლიანი რგოლი უთავმოყვარეოდ და უტიფრად აგრძელებს ისეთი შეკერილი საქმის გამართლებას, რომელსაც უკვე გადაყვა მთავარი პროკურორი და პრემიერი.

მე უნდობლობას ვუცხადებ ქართულ მართმსაჯულებას და მომიწევს ჩემი უდანაშაულობა ევროპულ სასამართლოში დავამტკიცო“, - წერს გიორგი გიორგანაშვილი.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს