ავტორი:

კაცი, რომელმაც მთვარეზე იმოგზაურა, შესაძლოა საქართველოში ჩამოვიდეს

კაცი, რომელმაც მთვარეზე იმოგზაურა, შესაძლოა საქართველოში ჩამოვიდეს

"ჩემი პირადი ამერიკული ოცნება იყო, მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, ისე როგორც შემეძლო და ამით შემეცვალა ამერიკა და მსოფლიო. არის რაღაცეები, რისი აღწერაც შეუძლებელია. ჩემთვის, მთვარეზე ფეხის დადმა ერთ-ერთი ასეთი რამ იყო. კოსმოსში მოგზაურობა ყველასთვის! - ეს არის კაცობრიობის მომავალი. ამერიკამ შეძლო ადამიანების მთვარეზე გაგზავნა. ამერიკა შეძლებს ადამიანები გაგზავნოს მარსზე და მის მიღმა..." - ეს სიტყვები ცოცხალ ლეგენდას ბაზ ოლდრინს ეკუთვნის, რომელმაც მთვარეზე იმოგზაურა და დღეს იგი დღეს 89 წლისაა...

მთვარეზე მოგზაურს ქართველი რეჟისორი რამაზ ბლუაშვილი ამერიკაში სულ ახლახანს პირადად შეხვდა, ახლა კი AMBEBI.GE-ს მკითხველს თავად უამბობს, როგორ აღმოჩნდა ისტორიული მოვლენის მომსწრე და როგორ დააინტერესა ოლდრინი საქართველოთი...

"18 მაისს ლოს-ანჯელესში გავემგზავრე. მიზანი იყო ჩემს ძალიან ძვირფას და ძალიან გავლენიან ხალხს შევხვედროდი... ესენი არიან: NASA-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, "ვოიაჟერის" (მისი კოსმოსში გაშვებიდან 2017 წელს 40 წელი გავიდა, ის ახლაც 13 მილიარდი მილის დაშორებითაა დედამიწიდან. სწორედ "ვოიაჟერმა" წაიღო კოსმოსში ქართული "ჩაკრულო") პროექტის ხელმძღვანელი - ჯონ კასანი, რომელიც ახლა 85 წლის არის და შარშან თბილისში ჩემი მოწვევით იმყოფებოდა. ასევე "ნასას" საპლანეტათაშორისო ლაბორატორიის მთავარი ინჟინერი - რობ მეინინგი, ჩემი უახლოესი მეგობარი... ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერი "ნასას" ისტორიაში და დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელესკოპის პროექტის ხელმძღვანელი - ედ სტოუნი. ეს ტელესკოპი ჰავაიზე აშენდება. ასევე - გერი ფლანდრო, რომლის გამოკვლევასაც დაეყრდნო "ვოიაჟერის" მისია...

ამ ოთხ ადამიანთან მსურდა ჩამეწერა ინტერვიუები, სადაც ისინი მიულოცავდნენ ქართველ ხალხს 26 მაისს, დამოუკიდებლობის ასი წლის იუბილეს. საბედნიეროდ, ჩემი ჩანაფიქრი წარმატებით განხორციელდა... ვინაიდან მეცნიერებისა და განათლების შესახებ ფონდის "ნოვას" პრეზიდენტი ვარ, ყველა გზით ვცდილობ საქართველოში ხელი შევუწყო მეცნიერების და განათლების პოპულარიზაციას. აქედან გამომდინარე, ჩემს მეგობრებთან სულ ვსაუბრობ საქართველოს რეალობაში რა შეიძლება ახალი შემოვიტანოთ.

ლოს-ანჯელესში რომ გახლდით, ერთ დღეს დამირეკა ჯონ კასანმა და მამცნო, ხვალ კოსმოსის განვითარების საერთაშორისო კონერენციაა დაგეგმილიო, რომლის მთავარი სპიკერი ჯეფ ბეზოსი გახლდათ, "ამაზონის" დამფუძნებელი და დღეს ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში. ამ კონფერენციაზე ჯონ კასანი უნდა დაეჯილდოვებინათ და მე, როგორც მეგობარი დამპატიჟა... რასაკვირველია სიხარულით წავედი და ნამდვილი სასწაულის მომსწრე გავხდი. არასოდეს დამავიწყდება კონფერენციაზე როგორ შეხვდნენ მას. ძალიან ბევრი ხალხი, რომლებიც დღეს წამყვანი არიან მეცნიერებასა თუ ასტროფიზიკაში, პირადად გამაცნო კასანმა... ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ლანჩის დროს ბაზ ოლდრინის გვერდით აღმოვჩნდი.

ბაზ ოლდრინი ნილ არმსტრონგის შემდეგ იქცა მეორე ადამიანად, ვინც "აპოლო 11"-ის მისიის დროს მთვარეზე ფეხი დადგა... მისი პირადად ნახვა უდიდესი სიხარული იყო ჩემთვის. ბევრი ვისაუბრეთ და ვეცადე საქართველო რაც შეიძლებოდა კარგად გამეცნო მისთვის. 89 წლის კაცმა დიდi ინტერესი გამოიჩინა ჩვენი ქვეყნის მიმართ და მითხრა, საქართველოში არასოდეს ვყოფილვარ და ძალიან მაინტერესებს მოვინახულოო.

- მთვარეზე ყოფნის შესახებ არ კითხეთ?

- მას უკვე იმდენი კითხვა აქვს თავის ცხოვრებაში დასმული და იმდენჯერ პასუხი გაცემული, რომ აღარავინ თვლის საჭიროდ რამე კითხოს. ამიტომაც მეც ზედმეტად ჩავთვალე კითხვები დამესვა... ჩემს გვერდით იჯდა ლეგენდარული ადამიანი და ვამჯობინე საქართველოზე იმდენი მეამბო, რომ მას ჩამოსვლის სურვილი ჰქონოდა. ამას მივაღწიე კიდეც... მე დღეს ვერ ვიტყვი რომ უკვე გადაწყვეტილია მისი ჩამოსვლა, მაგრამ სურვილი დიდია ორივე მხრიდან და მოლაპარაკებები მიმდინარეობს მის ასისტენტთან. ამერიკის საელჩოს წარმომადგენელსაც ვესაუბრე და მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა.

- რით მოაწონეთ საქართველო?

- საქართველოს უმდიდრესი წარსულის შესახებ ვესაუბრე... ჯონ კასანმა უამბო, მე ვიყავი საქართველოში და ეს საოცარი ქვეყანა არისო. მოუყვა "ჩაკრულოს" შესახებ - ვინაიდან "ვოიაჟერი" ნასას ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს...

კასანმა სამადლობელ სიტყვაშიც მომიხსენია როგორც მეგობარი, რომელიც "ვოიაჟერის" მეშვეობით გაიცნო და რომელმაც "ჩაკრულოს" ისტორია გააგებინა... "ჩაკრულო" გახდა ჩემთვის საქართველოს ელჩი ძალიან ბევრ სფეროში და მთავრობას ვურჩევდი ეს პოლიფონიური შედევრი გამოვიყენოთ. რეალურად ეს სიმღერა აერთიანებს განათლებას, მეცნიერებას, თანამედროვე ტექნოლოგიებს, ასტროფიზიკას და ძალიან მრავალწახნაგოვანია "ჩაკრულოს" კოსმოსში გაშვების ფაქტი! ძალიან კარგად შეგვიძლია გამოვიყენოთ მხოლოდ ქართული კულტურის კი არა, მთელი ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით, რაც ასე მნიშვნელოვანია დღეს საქართველოსთვის!"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ