"ქართველი მეფეები - ისტორია, რომელიც ძვირფასია" - ეს გამომცემლობა "პალიტრა L"-ის სერიაა, რომელიც საქართველოს ისტორიას ყველასთვის ხელმსაწვდომს ხდის. სერიის 5 ტომი უკვე გამოსულია, ხოლო მეექვსე ტომი - "გიორგი II", 18 ივნისიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად სპეციალურ ფასად შეიძენს მკითხველი.
აღსანიშნავია, რომ გიორგი II-მ და მისმა ოჯახის თითოეულმა წევრმა თავისი კვალი დატოვა ამიერკავკასიისა თუ მსოფლიო ისტორიაში. მკითხველს შეუძლია გაეცნოს მეფის პირად ცხოვრებას, მაშინდელ პოლიტიკურ ვითარებას, თუ რა კონკრეტული გადაწყვეტილებების წინაშე იდგნენ პირველი პირები, რამაც საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი როლი შეასრულა.
ამონარიდი წიგნიდან:
გიორგი II-ის ოჯახი - "გიორგი II-ს საკმაოდ მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავდა. ოჯახის თითოეულმა წევრმა თავისი კვალი დატოვა ამიერკავკასიისა თუ მსოფლიო ისტორიაში. ბაგრატ IV, გიორგის მამა, თითქმის ნახევარი საუკუნე მართავდა საქართველოს. დედა, ბორენა დედოფალი, ოვსთა მეფის ასული იყო. ბებია მარიამი, ვასპურაკანის მეფის, სენექერიმ არწრუნის ასული, თავისი ვაჟის მცირეწლოვნობის დროს ფაქტობრივად განაგებდა ქვეყანას, შემდეგში კი უდიდეს როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი მთელი ცხოვრება თავისი ვაჟის, ბაგრატისა და შვილიშვილის, გიორგის კეთილდღეობაზე ზრუნავდა. მამიდას, გურანდუხტ დედოფალსაც, დიდი წვლილი მიუძღვის გიორგის, როგორც პოლიტიკოსის ფორმირებაში. მართა, გიორგის და, ბიზანტიის დედოფალი იყო და იმპერია-ში დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. მისი სილამაზე კი უკლებლივ ყველას აღაფრთოვანებდა. გიორგის მეუღლეზე არაფერია ცნობილი. მისი სახელიც შემთხვევითაა ჩვენამდე მოღწეული, XII საუკუნის დასაწყისში იგი უკვე გარდაცვლილი უნდა ყოფილიყო. გიორგის ერთადერთი ვაჟი ჰყავდა, შემდგომში დავით IV აღმაშენებლად წოდებული. აი, ამ ადამიანთა გარემოში იზრდებოდა და მოღვაწეობდა გიორგი II. ქვემოთ წარმოდგენილ ბაგრატიონთა სამეფო სახლის გენეალოგიურ ტაბულაზე იმ პირთაც ვიხსენიებთ, რომელთაც გარკვეული ნათესაური კავშირი ჰქონდათ გიორგი II-სთან."