პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. სახელმწიფო ბრალდება შუამდგომლობას სხვა მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხით ასაბუთებს.
როგორც პროკურორმა ლიკა ჩადუნელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული ნასამართლეობის არმქონეა, ის ადრე დაკავებული იყო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, თუმცა არასაპატიმრო სასჯელი შეეფარდა. პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა მერაბ მორჩაძემ ახალი დანაშაული ჩაიდინა, თუმცა ამის მიუხედავად მას კვლავ პირობითი მსჯავრი დაედო. აქედან გამომდინარე, პროკურორი მიიჩნევს, რომ სახეზეა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
რაც შეეხება ბრალს, როგორც ლიკა ჩადუნელმა აღნიშნა, ბრალდებული ჩვენების შეცვლის მოთხოვნით მივიდა კალანდიების სახლში, მიხეილ კალანდიას გადასცა თანხა, რის სანაცვლოდაც მას მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენება არ უნდა მიეცა და ასევე ჩაიწერა მიხეილ კალანდიას ძმის, ლუკა კალანდიას ნომერი, რომელსაც პერიოდულად ეკონტაქტებოდა.
პროკურორის თქმით, სახელმწიფო ბრალდებას გააჩნია მტკიცებულების სახით ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელეფონო ამონაწერები, რაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებს.
შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე დააკავეს.