წამმზომი ჩართულია - არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის გამოსაძიებლად შს სამინისტროს 2 დღე დარჩა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალაქს შესაძლოა, პროტესტის მორიგმა ტალღამ გადაუაროს. ყოველ შემთხვევაში, მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრისას მიღწეული შეთანხმების შესრულებისთვის დათქმული ვადა 10 ივნისს იწურება. ოპოზიციის ნაწილი და თავად ზაზა სარალიძეც აქციებისთვის უკვე ემზადება.
მოასწრებს თუ არა გახარიას უწყება ამ მოკლე დროში გამოძიების დასრულებას, უცნობია. შსს-ში საქმის მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით არავინ დაუპატიმრებიათ და არც ვინმეს ბრალეულობა გამოკვეთილა. გუშინ, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, რომელთან დაკავშირებითაც დაზარალებულებს კითხვები აქვთ, შს სამინისტროში 9 საათი იკითხებოდა. საზოგადოებაში გაჩნდა იმის მოლოდინიც, რომ სუბელიანს დააპატიმრებდნენ, მით უფრო, რომ ამას წინ უსწრებდა გახარიას მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადება, - „გამოძიების მიმდინარეობის კვალდაკვალ საზოგადოებას ათ რიცხვამდე და შესაძლოა, უფრო ადრეც მივაწოდოთ ინფორმაცია“.
რა შეიძლება მოხდეს, თუ ათ ივნისამდე საქმეში კონკრეტული პირების ბრალეულობა და ახალი დეტალები არ გამოიკვეთება? იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, იურისტ დავით ჯანდიერის აზრით, გამოძიება ჩიხში შევა:
„ნათელია, პროკურატურამ თავის ფუნქცია ვერ შეასრულა. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება შოთაძის უწყებას, რომელმაც ვერ უზრუნველყო სრული და ობიექტური გამოძიება.
გამოძიების შედეგად უნდა დადგენილიყო იმ პირთა წრე, რომლებსაც მიუძღვით ბრალი ორი არასრუწლოვანის მკვლელობაში. ეს არის პრობლემა, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ გამოსწორებას. თუმცა, ამ შემთხვევაში ყველაზე პრობლემური არის ის, რომ საკმაო დროა გასული და მტკიცებულებების დაზიანების საფრთხე არსებობს.
არის მაღალი რისკი, რომ ხელახალი საგამოძიებო მოქმედებების დროს, გამოძიება ჩიხში შევა. ყოფილი მთავარი პროკურორის კომენტარი არაადეკვატურია, როდესაც განაცხადა, რომ გამოძიება გაგრძელდებოდა და მასალები ექსპერტიზაზე თავიდან გადაიგზავნებოდა. შსს-მ უნდა მოახდინოს საქმის ისე გამოძება, რომ რაღაც ეჭვი არ გაჩნდეს. მაგრამ დროის ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ეს რთულია“, - უთხრა AMBEBI.GE-ს ჯანდიერმა.
ის, რომ ხელახალი გამოძიებით არ გამოიკვეთება სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე, ამას იურისტი ლევან ალაფიშვილიც ამბობს. მისი თქმით, ამ საქმეს უკვე არაფერი ეშველება.
„მოლოდინი იმისა, რომ საქმეზე, რომელიც დღეს სასამართლოშია, რაიმე ახალი მტკიცებულება გამოვლინდება და რაიმე შეიცვლება, ძალიან დაბალია. სამართლოში გაშვებულ საქმეზე ახალი მტკიცებულებების მოპოვება არ ხდება. არსებული მტკიცებულებები კი შეფასებულია და არსებული გარემოებებიც დადგენილია.
ის, რომ საქმეს არაფერი ეშველება, უპირობოა. ახლა მინდა რომ გაირკვეს, რატომ ვერ გამოიძიეს და პროკურატურა ზედამხედველობას რომ ახორციელებდა, იყო თუ არა ეს ჯეროვანი. სუბელიანი იქნება, თუ ნებისიმიერი სხვა, ყველას გავლენა და წვლილი უნდა იქნას გამოკვეთილი. ხოლო არის თუ არა მზად შესაბამისი უწყებები ამ საქმის გამოძიებისთვის, ამ კითხვაზე მე როგორც იურისტი, პასუხს ვერ გაგცემთ“, - გვითხრა ალაფიშვილმა.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი 10 ივნისისათვის იგივე ვითარება იქნება? რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველოს ქალაქებს პროტესტის მორიგმა ტალღამ გადაუაროს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ლამის სერიოზული პოლიტიკური კრიზისის დასაწყისად იქცა?! - ზაზა სარალიძის თქმით, ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს.
„ვიბრძოლებ ბოლომდე ყველანაირ ბერკეტს გამოვიყენებ სამართლიანობის მისაღწევად მათ შორის ქუჩის აქციებსაც“, - გვითხრა სარალიძემ. რაც შეეხება პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიები კომისიას, მისივე თქმით, კომისიას ბესელიას გარეშე ენდობა.
„ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს, არ დავუჯდები სასაუბროდ, გამორიცხულია. დანარჩენი ყველანაირად მზად ვარ, აბსოლუტურად ამომწურავად მოგაწოდოთ ყველაფერი ნებისმიერი დეტალი, თუ რაიმე ინფორმაცია გამაჩნია. ეკა ბესელიას არ დავუჯდები სასაუბროდ“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ სერგი კაპანაძესთან შეხვედრაზე, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეა.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილმა 10 ივნისს 16:00 საათზე ფართომასშტაბიანი აქცია უკვე დააანონსა. მათი განცხადებით, აქციის მთავარი მოთხოვნა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მკვლელის დასჯაა. ასევე მოთხოვნაა, დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც გააყალბა მტკიცებულებები და დამნაშავეებს ხელი დააფარა. ასევე, გამოსაძიებელია პანკისში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი 10 ივნისს ვითარებას დრამატიზირებას არ პროგნოზირებს, თუმცა მისი თქმით, თუ უსამართლობის განცდა გაგრძელდება, ეს ხელისუფლებას ძალიან ცუდად შემოუბრუნდება.
"რევოლუციური სცენარის განვითარებას არ ველოდები, ასე დრამატულად არ ვუყურებ ამას. მაგრამ თუ უსამართლობის განცდა ამ თემასთან დაკავშირებით დარჩა, ადრე თუ გვიან ძალიან ცუდად შემოუბრუნდება ხელისუფლებას. 10 ივნისს, კი ბატონო იქნება რაღაც აქციები, მაგრამ რევოლუციურ მუხტს ვერ ვხედავ, თუმცა უსამართლობის განცდა ძალიან სახიფათოა და ნებისმიერ მომენტში შეიძლება ძვირად დაუჯდეს ხელისუფლებას. ულტიმატუმების ენაზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, მაგრამ ის რომ ეს საქმე სწრაფად უნდა იქნას გამოძიებული, ამაში ეჭვი არ მეპარება.
აქ მთავარი კონკრეტულად ამ საქმის გამოძიება კი არა, მთავარია დადგინდეს სად იყო შეცდომა დაშვებული და ვინ გააფუჭა ეს საქმე. ეს არის მთავარი პრობლემა, იმიტომ, რომ სისტემის დანაშაულზე შეიძლება იყოს საუბარი. სწრაფად უნდა იქნას გამოძიებული, ოღონდ გახარიას უწყების მხრიდან და არა საგამოიებო კომისიის წევრების, „ქართული ოცნების“ და ბოკერიას გარკვეული ჯგუფის მიერ“, - განუცხადა AMBEBI.GE-ს ხუხაშვილმა.
მისი თქმით, საქმის ბოლომდე მისაყვანად აუცილებელია პოლიტიკური ნება.
„მთავარია იყოს ამის პოლიტიკური ნება და ვფიქრობ ხელისუფლებას აქვს ამის ნება. აქციები ალბათ იქნება, სანამ ქვეყანა სისტემური მმართველობის სერიოზულ კრიზისშია. ფუნდამენტურად არის ყველაფერი გადასახედი და ხელისუფლებამ ძალიან სწრაფად უნდა იმოქმედოს.
საზოგადოებას უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ ხელისუფლებამ დაიწყო ამაზე მუშაობა, თორემ დიდი დრო აღარ აქვთ. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს სერიოზული პოტენციალი რომ აქციები რამე სერიოზულში გადაზარდოს, მაგრამ ამ ქვეყანაში მარტო „ნაციონალები“ ხომ არ არიან?! არსებობს ქართული საზოგადოება რომელიც ითმენს, მაგრამ რაღაც მომენტში შეიძლება აღარც მოითმინოს“, - გვითხრა პოლიტოლოგმა.