რა ხელშეკრულება იდება მარჩენალსა და სარჩენს შორის და რა უნდა იცოდნენ მხარეებმა, რომ არ მოტყუვდნენ - ადვოკატის რჩევები

რა ხელშეკრულება იდება მარჩენალსა და სარჩენს შორის და რა უნდა იცოდნენ მხარეებმა, რომ არ მოტყუვდნენ - ადვოკატის რჩევები

მარტოხელა მოხუცებს ხშირად თავის მოვლა უჭირთ, პენსიის ამარა დარჩენილებს წამლის საყიდლადაც არ ყოფნით თანხა და ცდილობენ იპოვონ ისეთი კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც დაეხმარება და შეუქმნის ნორმალურ პირობებს. სანაცვლოდ კი, მზად არიან კუთვნილი ქონება მასზე მზრუნველ ადამიანს დაუტოვონ. ასეთ დროს მხარეებს შორის შეთანხმება ხდება, თუმცა ზოგჯერ ერთი არღვევს პირობას და მეორეს უსამართლობასთან ჭიდილი უწევს.

სამწუხაროდ, მოხუცთა თავშესაფარში გულგატეხილ ადამიანებს ბევრჯერ შევხვედრილვარ. ზოგი ნათესავმა მოატყუა და ქუჩაში დატოვა, ზოგი კი სრულიად უცხო ადამიანს ენდო, ბინა გადაუფორმა იმ იმედით, რომ მას მოუვლიდა, მაგრამ მოატყუეს. ერთხელ მარტოხელა ქალმა თვალცრემლიანმა მიამბო თავის ცხოვრებაზე, მთელი ცხოვრება საავადმყოფოში მუშაობდა, თავისი ბინაც ჰქონდა და მყუდრო გარემოც. დაუოჯახებელი იყო, ასაკში რომ შევიდა, და და დისშვილი უზრუნველ სიბერეს დაჰპირდნენ, სანაცვლოდ დამ ურჩია ბინა მისი შვილისთვის მიეცა. ჩვენ მოგივლით, 4 ოთახიანი ბინა გვაქვს და ერთად ვიცხოვრებთო. ისიც დათანხმდა. დისშვილს ქონება გადაუფორმა, მალე ბინა გაყიდეს, მოხუცი დეიდა თავიანთ სახლში წაიყვანეს, მოხუცის ავეჯი კი სარდაფში შეყარეს. ცოტა ხანი ცხოვრობდა დისშვილის ბინაში. ბოლოს დამ უთხრა, ბევრნი ვართ და აქ ადგილი აღარ არისო. არ უცდია მათთან ჭიდილი, შეკრა თავისი ტანსაცმელი და სახლიდან წავიდა... ბოლოს მოხუცთა თავშესაფარში დაიდო ბინა და იქ გაატარა ცხოვრების უკანასკნელი წლები, ვერ ეგუებოდა, ოჯახის წევრებმა რომ მოატყუეს. როგორც გავიგე, თავშესაფარში გარდაიცვალა...

სამწუხაროდ, ხშირია ასეთი შემთხვევები, როცა კანონის უცოდინრობის გამო მოხუცები მოტყუებულები ქუჩაში რჩებიან. ზოგჯერ პირიქითაც ხდება, მარჩენალი ზარალდება, რადგან სარჩენი უკმაყოფილოა გაწეული ხარჯებით და ქონების მიცემაზე უარს ამბობს. მარჩენალს კი სიმართლის დადგენა უჭირს. ბევრმა არ იცის, რომ ასეთი ურთიერთობები კანონით რეგულირდება და ამ გარიგებას სამიდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ქვია. ეს კანონი წლებია მოქმედებს. ერთ მხარეს მარჩენალია, მეორე მხარეს - სარჩენი.

ადვოკატ ციცინო ცხვედიანს ხშირად უწევს ასეთ დავებში მონაწილეობა. ამბობს, თუ გარიგება არასწორად შედგა, სასამართლოშიც ძნელია სიმართლე დაამტკიცო. კანონის უცოდინრობით რომ არ დაზარალდეთ და პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდეთ, გაითვალისწინეთ იურისტის რჩევები.

- ბევრმა ადამიანმა არ იცის ამ კანონის არსებობა, სწორედ ამის გამო ადამიანები სხვადასხვა გზას მიმართავენ. ზოგჯერ ასეთი გარიგების დროს ანდერძი იწერება, ამას სარჩენი წერს და ანდერძში უთითებს, რომ მისი სიკვდილის შემდეგ მისი ქონება უნდა დარჩეს მარჩენალს, მაგრამ ხშირად ეს პირობა არ სრულდება. შეთანხმების დარღვევის მიზეზი სხვადასხვაა. უმეტესად სარჩენი ამბობს, რომ მარჩენალმა ვერ შეასრულა მისთვის მიცემული პირობა, ამიტომ უარს ამბობს ქონების ჩუქებაზე. შეიძლება ასეთ დროს მან ანდერძიც გააუქმოს და მარჩენალს შერჩეს დახარჯული თანხები. სარჩენს ნებისმიერ დროს შეუძლია გააუქმოს ანდერძი. ძალიან ხშირად არის ზეპირი მორიგება მხარეებს შორის, მერე მიდის დავა. ბევრი არ არის გათვითცნობიერებული თავის უფლებებში და არ იცის, რომ უძრავი ქონების დათმობა არ შეიძლება ზეპირსიტყვიერად. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა სარჩენის გარდაცვალების შემდეგ მარჩენალი აღმოაჩენს, რომ ბინას ვერანაირად ვერ გაიფორმებს, რადგან მათ შორის მხოლოდ ზეპირი გარიგება იყო.

- ასეთ დროს ის საქმეს ვერ მოიგებს?

- ვერანაირად ვერ მოიგებს. არის შემთხვევები, როცა მხარეებს გონიათ, რომ ყველაფერი წესრიგშია, დაწერილია ანდერძი და ამ ანდერძით ქონება მისი სიკვდილის შემდეგ ეკუთვნის მარჩენალს. მარჩენალს თავი დაცული გონია, მაგრამ როცა გარდაიცვლება ადამიანი, მერე გამოჩნდებიან მემკვიდრეები და ისინი ითხოვენ თავიანთ წილებს. ასეთ დროს იმის მიუხედავად, მის მშობელს უნდოდა თუ არა ქონება შვილისთვის დაეტოვებინა და წერია თუ არა რამე ანდერძში, პირველი რიგის მემკვიდრეებს უფლება აქვთ მიიღონ თავიანთი წილი. პირველ რიგში სავალდებულო წილს ისინი მიიღებენ და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მარჩენალმა იბრძოლოს თავისი გაწეული ხარჯების ამოღებაზე და შეიძლება ვერ აიღოს საერთოდ ის თანხა, რაც წლების მანძილზე მის მოვლაში დახარჯა.

- თუ მარტოხელას უვლის, მაშინ ხომ ვერავინ შეედავება მარჩენალს?

- კანონი მეხუთე რიგის მემკვიდრეებსაც ითვალისწინებს. თუკი გარდაცვლილს შვილები არ ყავს, მის ბიძაშვილს, მამიდაშვილსაც შეუძლია მის ქონებაზე პრეტენზია ჰქონდეს. ასეთ დროს მომვლელს მხოლოდ შეუძლია გაწეული ხარჯები მოითხოვოს. ამიტომ ვურჩევ ყველას, ვინც ასეთ ურთიერთობას ფაქტობრივად აფორმებს, ის იურიდიულადაც გამართულად გააფორმოს, რომ შემდეგ წაგებული არ დარჩეს. ასეთი შემთხვევა მახსოვს. ერთი ადამიანი, რომელიც ქირით ცხოვრობდა, უვლიდა მეზობელ მოხუცს იმ იმედით, რომ ბინა მას დარჩებოდა. ანდერძი დაწერა მოხუცმა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბინა მოხუცის სახელზე საერთოდ არ იყო გაფორმებული და ბინა გარდაცვლილის ახლობლის სახელზე იყო. თურმე, მოხუცს რაღაც მიზეზით გაუყიდა ნათესავმა ბინა, მერე პატარა ბინა უყიდა და იქ გადმოიყვანა, მაგრამ მოატყუა და ბინა თავის სახელზე გაიფორმა ისე, რომ ეს საერთოდ არ იცოდა მოხუცმა. მარჩენალი მის სიცოცხლეში არ დაინტერესებულა ამ საკითხით და საბოლოოდ დახარჯული თანხებიც ვერ დაიბრუნა. ასეთ დროს არანაირი მექანიზმი არ არსებობს.

- ასეთი გარიგების მსურველებს რას ურჩევთ?

- ყველას ვურჩევ გააფორმოს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, იქ გაწერილია მხარეების უფლებები. ასეთ დროს ხელშეკრულება წერილობით იდება და აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმდეს და შემდეგ საჯარო რეესტრში გატარდეს. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით მარჩენალი მოვალეა გადაუხადოს სამისდღეშიო სარჩო სარჩენს მთელი სიცოცხლის მანძილზე. სამისდღეშიო სარჩოს ოდენობა და გადახდის ვადები დგინდება მხარეთა შეთანხმებით. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით). ნატურალური სარჩოს გადახდის ხელშეკრულებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ ნატურალური სარჩოს შეცვლა ფულით. როცა სარჩენი მარჩენალს გადასცემს უძრავ ქონებას, მაშინ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მას აქვს იპოთეკის უფლება ამ ქონებაზე.

სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს უფლება არა აქვს გაასხვისოს, დააგირაოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება სარჩენის წერილობითი თანხმობის გარეშე. მარჩენალის ვალების გამო გადახდევინების მიქცევა ამ ქონებაზე დაუშვებელია. თუ მარჩენალი გარდაიცვალა, რჩენის ვალდებულება გადადის მის იმ მემკვიდრეებზე, რომლებმაც მიიღეს გადაცემული ქონება. მემკვიდრეები თუ უარს იტყვიან აღებულ ვალდებულებაზე, მაშინ ეს ქონება უბრუნდება სარჩენს. ამ დროს ხელშეკრულება წყდება. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაციისათვის, დაინტერესებულმა პირმა (მარჩენალმა ან სარჩენმა) უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს, ნოტარიუსს ან სხვა ავტორიზებულ პირს.

- რა უნდა იყოს გაწერილი ხელშეკრულებაში?

- ხელშეკრულებაში კონკრეტულად უნდა იყოს გაწერილი მხარეთა ვალდებულებები და მოვალეობები. ტრაფარეტულ ფორმაში, რომელიც ყველა ნოტარიუსს აქვს, წერია, რომ მარჩენალი ვალდებულია მოაგვაროს და გაუწიოს სარჩენს კვებისთვის, მკურნალობისთვის გაწეული ხარჯები და ა.შ. ეს არ არის საკმარისი, რადგან შესაძლოა სარჩენმა მოგვიანებით ამ ხელშეკრულების გაწყვეტა მოინდომოს და თქვას, რომ მას არ აკმაყოფილებს გაწეული დახმარება. ასეთ დროს მარჩენალს სერიოზული პრობლემა ექმნება იმის დასამტკიცებლად, რომ მის მიერ გაწეული დახმარება საკმარისი იყო სარჩენის უზრუნველსაყოფად. უმეტესად ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილი სარჩენს აქვს. ბევრი შემთხვევა მქონია, როცა არსებობდა სანოტარო ხელშეკრულება, მაგრამ არ იყო კონკრეტულად მითითებული თუ რა იგულისხმებოდა სამედიცინო დახმარებასა და საკვებით უზრუნველყოფაში. მარჩენალი აცხადებდა, რომ სარჩენი ისეთ რამეებს ითხოვდა, რომ უკვე აღარ ღირდა ამ ბინის საფასურად მასზე ეზრუნა.

ასევე მქონდა რამდენიმე შემთხვევა, როცა სარჩენს თითქმის არ ჰქონდა პრეტენზია მარჩენალის მიმართ, მაგრამ მას გამოუჩნდა სხვა პიროვნება, რომელიც უკეთეს პირობებს დაპირდა და ამიტომ ხელშეკრულების მოშლა მოითხოვა. ასეთ დროს სასამართლო გადაწყვეტილებას იმის მიხედვით იღებს თუ როგორ დაამტკიცებენ მხარეები თავიანთ პოზიციებს. თუკი სარჩენი დაამტკიცებს, რომ მარჩენალი ვერ უზრუნველყოფს მის პირობებს, მაშინ ხელშკრულება უქმდება და ბინა უბრუნდება მეპატრონეს, ასეთ შემთხვევაში ფაქტობრივად, სარჩენი არაფერს აგებს. კანონში პირდაპირ წერია, მარჩენალს არ უნაზღაურდება ხარჯები, თუკი ეს ხელშეკრულებაში მითითებული არ არის, ანუ ხელშეკრულება ავტომატურად არ მოიცავს იმ პირობას, რომ მისი შეწყვეტის შემთხვევაში ხარჯი უნდა დაუბრუნდეს მარჩენალს.

- მსგავსი პრობლემები რომ აიცილონ თავიდან, მაშინ რა უნდა ქნან?

- ვურჩევ მარჩენალს, გაითვალისწინოს და ხელშეკრულებაში დეტალურად ჩადოს თავისი პირობები, რომ მოშლის შემთხვევაში ხარჯების ანაზღაურების უფლება ჰქონდეს. ორივე მხარის უფლება დაცული რომ იყოს, სასურველია ხელშეკრულებაში ყველაფერი დეტალურად იყოს გაწერილი, უნდა ჩაიწეროს, რომ დარღვევის შემთხვევაში მარჩენალს აუნაზღაურდება გაწეული ხარჯები. ასეთ დროსაც უნდა დაამტკიცოს მარჩენალმა თუ რა ხარჯები გასწია. თითქმის იშვიათად შემხვედრია ხელშეკრულება, რომელშიც ყველა ნორმა დაცულია, ამიტომ ვურჩევ ყველას, თავიდანვე იზრუნოს თავიანთი უფლებების დაცვაზე. ნოტარიუსს დამატებით უნდა ჩააწერინონ ის ვალდებულებები, რაც სურს, რომ იყოს გაწერილი. ხშირად მხარეები ამას არ უკვირდებიან ხელშეკრულების დროს და როცა ფაქტის წინაშე აღმოჩნდებიან, ხვდებიან, რომ ისე არ არის საქმე, როგორც ეგონათ.

- თუ ვთქვათ ყველაფერი ხელშეკრულებით გაწერილია, კანონის შესაბამისად გაფორმდა ხელშეკრულება და მაინც სარჩენი ამბობს, რომ მარჩენალი მასზე სათანადოდ არ ზრუნავს, ასეთ დროს მარჩენალმა თავისი სიმართლე როგორ უნდა დაამტკიცოს?

- კანონი არ ითხოვს, რომ მხარემ აგროვოს მტკიცებულებები, ეს მისი უფლებაა, თუკი ის ფიქრობს, რომ მომავალში შესაძლოა პრობლემები გამოჩნდეს, შეიძლება შეაგროვოს ქვითრები, დოკუმენტები. მინახავს ადამიანი, რომელსაც ჩამოწერილი ჰქონდა ყველაფერი, რა ხარჯები გასწია და ამ გზით თავისი სიმართლე დაამტკიცა. არადა სარჩენი ამბობდა, რომ მას არ უვლიდნენ. ეს იშვიათი გამონაკლისია. ყოველთვის ჯობია თადარიგი დაიჭირონ და მოაგროვინ მტკიცებულებები, თუმცა ამას კანონი არ ითხოვს..

- ყიდვა-გაყიდვა თუ გაფორმდა, ფაქტობრივად, ქონებას კარგავს სარჩენი?

- ასეთი ხელშეკრულება არ უნდა გააფორმონ. როცა ასეთი დავა სასამართლომდე მიდის, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რომ არა უბრალო ყიდვა-გაყიდვა მოხდა, არამედ იყო სხვა შეთანხმება. თუკი სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს იყო სამისდღეშიო ხელშეკრულება და არა უბრალოდ ყიდვა-გაყიდვა, მას შეუძლია გააუქმოს ეს ხელშეკრულება, მაგრამ ამის დამტკიცება ძალიან რთულია და იშვიათად მინახავს ასეთი გადაწყვეტილება.

ავტორი: თეა ხურცილავა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ