ავტორი:

იქნება თუ არა მთავარი პროკურორი ქალი? - ვინ არიან სავარაუდო კანდიდატები და რა შანსები აქვთ მათ

იქნება თუ არა მთავარი პროკურორი ქალი? - ვინ არიან სავარაუდო კანდიდატები და რა შანსები აქვთ მათ

იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად კონსულტაციებს იწყებს. ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა და ორი არასრულწლოვანის მკვლელობის საქმე თავდაყირა დააყენა.

სასამართლოს გადაწყვეტილება იურისტებმა პროკურატურის კრახად შეაფასეს და წულუკიანს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ, თუმცა როგორც ჩანს, წულუკიანი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და უფრო მეტიც - მთავარი პროკურორის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებიც დაიწყო.

ირაკლი შოთაძის შემცვლელად სამი კანდიდატურა - სასჯელაღსრულების მინისტრი კახი კახიშვილი, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი და ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე პაატა შავაძე განიხილება.

2015 წელს გატარებული რეფორმის თანახმად, მთავარ ბრალმდებელს პარლამენტი ირჩევს, მაგრამ, მას კენჭისყრამდე მთავრობის თანხმობა დასჭირდება. მანამდე კი სამ კანდიდატს იუსტიციის მინისტრი თავისივე დაქვემდარებულ პროკუროტთა საბჭოს წარუდგენს.

საპროკურორო საბჭო 15-კაციანია და მას იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. მისი წევრები კი არიან ადამიანის უფლებათა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეები, პროკურორები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.

რაც შეეხება პროკურორობის კანდიდატებს. კულუარული ინფორმაციით წულუკიანის სიმპათიები ნათია მეზვრიშვილისკენ არის მიმართული. მეზვრიშვილი 2007-2009 წლებში ძველი თბილისის რაიონული პროკურორი იყო. 2009-2013 წლებში კი საქართველოს მთავარ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, კერძოდ: საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი, ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი, შს სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი, იურიდიული სამმართველოს უფროსი.

2013 წლის დეკემბრიდან მეზვრიშვილი საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. რამდენიმე თვის წინ კი, ახალი სამთავრობო კაბინეტის დამტკიცების შემდეგ, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, ის თავის მოადგილედ დანიშნა.

პაატა შავაძე ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარეობასთან ერთად, ეწევა იურიდიულ საქმიანობასაც. ის 2014 წელსაც იყო წარდგენილი მთავარი პროკურორის კანდიდატად, თუმცა საბოლოოდ მისი შერჩევა არ მოხდა. ერთი-ერთი ცნობილი საქმე, რომელიც მის სახელთანაა დაკავშირებული, არის ბათუმის 11-12 მარტის საპროტესტო აქციები. შავაძე ამ დროს ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძის ინტრესებს იცავდა.

მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია 2017 წლის 23 აპრილს, ბათუმში მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს, თავდაპირველად გამოძიება ღოღობერიძეს და ჩხვირკიას მასობრივი არეულობის ორგანიზებას ედავებოდა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობდა. თუმცა, შემდეგ მუხლი გადაკვალიფიცირდა და დაკავებულებს სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის საფუძველზე მიესაჯათ, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან.

პროკურორობის კიდევ ერთი შესაძლო კანდიდატი, კახი კახიშვილი განათლებით იურისტია. ის 2015 წლიდან სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზეა. მას ჩაბარებული აქვს პროკურატურის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო გამოცდები, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები. არის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; სისხლის სამართლის სისტემის რეფორმების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი; ექსპერტთა კლუბის წევრი.

ჩანაცვლებს თუ არა ირაკლი შოთაძეს ნათია მეზვრიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობაში, ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობენ. თუმცა, დეპუტატი დავით მათიკაშვილი შს მინისტრის მოადგილის პროფესიონალიზმს მიესალმება:

"მთავარი პროკურორის კანდიდატურასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ნათია მეზვრიშვილი ძალიან კარგად ასრულებს თავის მოვალეობას მაღალი დონის პროფესიონალია. ვინ იქნება მთავარი პროკურორი არ ვიცი, მაგრამ როგორც პრემიერმა ბრძანა, ეს იქნება ფართო განხილვის საგანი. მწამს, რომ მაღალ დონეზე შეასრულებს თავის მოვალეობას. იქნება თუ არა პროკურორი ქალი ვერ გეტყვით, სქესის მიხედვით ნამდვილად არ ვარჩევთ კადრებს. შეიძლება იყოს ქალი, შეიძლება კაცი, ჯერ ცნობილი არ არის“ - უთხრა AMBEBI.GE-ს მათიკაშვილმა.

"ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრის გია ვოლსკის თქმით, მთავარი პროკურორის კანდიდატურასთან დაკავშირებით, პარლამენტი კანონის შესაბამისად ჩაერევა, მანამდე კი შოთაძის შესაძლო შემცვლელთან დაკავშრებით, არ ფლობს ინფორმაციას.

"როდესაც პარლამენტამდე მოვა მთავარი პროკურორის კანდიდატურა, მერე ჩაერთვება პოლიტსაბჭო და პარლამენტი. ყველაფერს წესრიგის მიხედვით თუ არ გავყევით, ვადაზე ადრე ჩავერიეთ გარკვეულ საკითხებში, ქვეყანა ვერ განვითარდება სწორი დემოკრატიული გზით. ისევე როგორც არ შეიძლებოდა ჩარევა გამოძიების მიმდინარეობისას, სანამ სასამართლომ არ გამოიტანა ვერდიქტი. ასე, რომ არის საკითხები, რაზედაც ჩვენ უნდა დავიცვათ ძალიან მყარად გარკვეული წესები.

ვერც ერთ ჩამოთვლილ პიროვნებას ვერ დავახასიათებ, მეზვრიშვილს არც ვიცნობ და რომც ვიცნობდე, პიროვნების დახასიათებებისგან ამ ეტაპზე რასაკვირველია თავს შევიკავებდი“, - გვითხრა ვოსლკიმ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თავმჯდომარე ეკა გიგაური აცხადებს, რომ ახალი მთავარი პროკურორი იუსტიციის მინისტრმა არ უნდა დანიშნოს.

"დაინიშნოს არაპარტიული, მიუკერძოებელი და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი მთავარი პროკურორი. მოქმედი სამთავრობო გუნდის წიაღიდან გამოსული მთავარი პროკურორი ამინდს ვერ შეცვლის. მგონია, რომ ახალი მთავარი პროკურორი არ უნდა დანიშნოს მოქმედმა იუსტიციის მინისტრმა, რომელიც კმაყოფილი იყო შოთაძის მუშაობით, მადლობებს უხდიდა მას მრავალი გამოუძიებელი საქმის ფონზე და ამდენი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა მართლმსაჯულების სისტემაში ეფექტური რეფორმების გატარება. პრემიერმა პროკურორის არჩევის ღია პროცესი დააანონსა. იმედია ეს მხოლოდ სიტყვებად არ დარჩება. პროკურატურას დღეს ნდობის აღდგენა ჭირდება და ამ შანსის დაკარგვა არ შეიძლება;

ბოლოს და ბოლოს თავი მოვაბათ მართლმსაჯულების სისტემის რეალურ რეფორმას. ის, რაც ხდება სასამართლოში და პროკურატურაში, სერიოზული მისახედია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა მუდმივად იდგება არასტაბილურობის და კრიზისის საფრთხის წინაშე“, - წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეკა გიგაური.

იურისტ ლია მუხაშავრიას თქმით, მეზრიშვილის კანდიდატურა ხელისუფლებას კრიზისიდან ვერ გამოიყვანს. "ზაზა სარალიძის და აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა, რომ პროკურორი იყოს პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებელი და თავისუფალი. იმიტომ რომ სხვაგვარად პროკურატურის რეფორმის იმედი არ შეიძლება გვქონდეს. ნათია მეზვრიშვილი, რომელიც შს მინისტრის მოადგილეა და ამ ბოლო დროს საზოგადოებისთვის ცოტა არ იყოს მიუღებელი კომენტარებით გამოირჩევა, არ მგონია, მისმა კანდიდატურმა კრიზისიდან გამოიყვანოს ხელისუფლება.

თუკი წულუკინი და მთლიანად ხელისუფლება გაცნობიერებს, რომ მათი ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას, შეიძლება საზოგადოებას მართლაც შესთავაზოს პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი ადამიანი. მაგრამ, წულუკიანის ბოლო კომენტარებიდან გამომდინრე, რომელიც შოთაძეს მადლობებს უხდიდა, მეჩვენება რომ კარგად ვერ ხვდება, რა სიტუაციაა შექმნილი.

თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ამ დღეებში გამოფხიზლდეს და დაინახოს, რომ ეს არის მისია, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის და ხელისუფლების გადარჩენა. თუმცა, ესეც იქნება ბარტყის გადაგდების პრინციპით გაკეთებული, იმიტომ, რომ უარყოფითი მუხტი, რომელიც დაგროვილია ათეული წლების მანძილზე, ესე მარტივად მთავარი პროკურორის დანიშვნით არ გამოსწორდება. მით უფრო რომ პროკურორი, რაც არ უნდა ანგელოზი იყოს მარტო ვერ გაუმკლავდება მთელ სისტემას, ვერ შეცვლის და ვერ გამოიძიებს გამოუძიებელ საქმეებს“, - უთხრა AMBEBI.GE-ს მუხაშავრიამ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს