მელანია ტრამპი ოპერაციის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა. People წერს, რომ აშშ-ს 48 წლის პირველი ლედი 10 მაისის შემდეგ არცერთ ღონისძიებას არ დასწრებია.
14 მაისს ცნობილი გახდა, რომ მას თირკმელზე წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა, საავადმყოფოში კი რამდენიმე დღის მანძილზე დარჩებოდა.
მელანია კლინიკიდან 19 მაისს გაწერეს. Washington Post წერს, რომ ამდენი ხნით აშშ-ს არცერთი პირველი ლედი არ გაუჩინარებულა.
თეთრ სახლში შეკრებილმა ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს ცოლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაუსვეს კითხვა, პრეზიდენტმა მათ შენობის მეორე სართულისკენ მიუთითა და უთხრა, რომ მელანია იქ იმყოფებოდა.
„ის თავს კარგად გრძნობს, ახლა გვიყურებს,“ - განაცხადა ტრამპმა, თუმცა ჟურნალისტებმა მელანია ვერსად შენიშნეს.
აშშ-ს პირველი ლედის წარმომადგენელმა სტეფანი გრიშემმა PEOPLE-ს განუხადა, რომ მელანია თავს ძალიან კარგად გრძნობს და რამდენიმე შიდა შეხვედრაც გამართა თეთრ სახლში, ღონისძიებების დასაგეგმად. თუმცა, როდის გამოჩნდება პირველი ლედი საჯაროდ, გრიშემი ვერ ამბობს.
ემბოლიზაციის პროცედურა, რომელიც მელანიას ჩაუტარდა, ექიმების განცხადებით, საკმაოდ მარტივია.
„ეს არის, ფაქტობრივად, ამბულატორიული პროცედურა. იკეთებ, წვები ცოტა ხნით რომ სისხლდენა არ დაიწყოს და მიდიხარ სახლში,“ - განაცხადა პროფესორმა ელინორ ლედერერმა.
ამის მიუხედავად, მელანია საავადმყოფოში მოსალოდნელზე მეტ ხანს დატოვეს. უროლოგები ვარაუდობენ, რომ გადაწყვეტილება პაციენტის სტატუსის გამო მიიღეს.