აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დეტალები - რა ითქვა ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე

აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დეტალები - რა ითქვა ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე

პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, 24 მაისს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრაღის შეხვედრის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები და გარკვეული ჰუმანიტარული საკითხები.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ითქვა, რომ ამ სფეროებში დადებითი დინამიკა აღინიშნება.

„რუსულმა მხარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდა შვეიცარულ კომპანია SGS-თან მიმდინარე წლის 18 მაისს კონტრაქტის გაფორმების შესახებ „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" შეთანხმების შესაბამისად.

ზურაბ აბაშიძემ ხაზი გაუსვა, რომ ანალოგიურ კონტრაქტს ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ 2017 წლის ბოლოს მოაწერა ხელი და იმედი გამოთქვა, რომ რუსული მხარე კეთილსინდისიერად, თემის პოლიტიზირების გარეშე მიუდგება საკუთარი ვალდებულებების შესრულებას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შვეიცარიის მხარის შუამავლობით, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის წლების განმავლობაში მიმდინარე კონსულტაციების შედეგად, მოსკოვში მდებარე ყოფილი საქართველოს საელჩოს შენობის (ამჟამად საქართველოს ინტერესების სექცია) საქართველოს საკუთრებაში გადმოცემის შესახებ შეთანხმება იქნა მიღწეული.

მიუხედავად იმისა, რომ პრაღის ფორმატი არ ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეების - არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე. აღინიშნა, რომ ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა დაისაჯონ დამნაშავეები და ამ თვალსაზრისით არავის უნდა ჰქონდეს ქართული მხარისგან რაიმე კომპრომისის ილუზია.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის ერთადერთ ფორმატს, კონფლიქტთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტის მიზნით.

პრაღაში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება“, - “ - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმურა. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებში პრაქტიკული საქმეები მიმოიხილეს“.

„რუსეთ-შვეიცარიის საჭირო დოკუმენტების ხელმოწერას პრაქტიკულ სტადიაში გადაჰყავს რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების რეალიზება. კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კეთილსინდისიერად და არაპოლიტიზირებულად შეასრულებს თავის ვალდებულებებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყება ასევე ამახვილებს ყურადღებას რუსეთ-საქართველოს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და აღნიშნავს, რომ „სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 337 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა“.

„დინამიურად ვითარდება სატრანსპორტო თანამშრომლობა. საავტომობილო გადაზიდვების მოცულობა 2018 წლის პირველ კვარტალში 1,5-ჯერ გაიზარდა, სარკინიგზო კონტეინერების გადაზიდვა კი სამჯერ. ასევე აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა ჰუმანიტარულ და კულტურის სფეროებში“, - აღნიშნავენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რუსეთის საგარეო უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აბაშიძესთან შეხვედრაზე კარასინმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ნატო-სთან ღრმა თანამშრომლობით.

„კავკასიის სამხედრო ათვისება რეგიონის გარეთ მყოფი ძალების მიერ პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისთვის. საქართველოს პარტნიორები ნატო-ს ფარგლებში არ მალავენ იმას, რომ საქართველოს რუსეთის შეკავებისთვის აიარაღებენ. ამ ვითარებაში რუსეთი ადეკვატურ ზომებს მიიღებს თავისი და თავისი მოკავშირეების უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები