"3 წლის დაგროვებული სათქმელი..." - ამ კომენტარით გაავრცელა რეპერმა ბერა ივანიშვილმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ახალი სიმღერა "ჩემო ძმაო", რომელსაც რეპერ Sf-x-თან (ზაზა ნოზაძესთან) ერთად ასრულებს.
სიმღერის ტექსტი პოლიტიკურია და შეიძლება ითქვას, სკანდალურიც - მასში რეპერი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას გადმოსცემს, მათ შორის, კრიტიკულია თანამდებობის პირების და ეკლესიაში არსებული ვითარების მიმართ.
"ალერგია მაქვს იმ თანამდებობის პირებზე, რომლებიც მატყუებენ ჩემი ქვეყნის ნარჩენებით კბილებზე... მე არ ვიცი რას იკადრებს კაცი კაბით, ვინც შენ საიდუმლოს იბარებს... ვინც ჩემს გამო ეწამა, მხოლოდ მისას ვიწამებ..." - ეს ფრაზებია ბერას ახალი სიმღერიდან.
მსმენელს რეპერი ე.წ. ჩადების თემას ახსენებს და რეპავს: "ვებრძოდი სისტემას, ვიყავი 16 წლის, დღეს პროტესტი ადვილია ყოველი შემდეგისთვის... ერთი კითხვა მაქვს თქვენთან ყველასთან: თქვით სად იყავით მაშინ, როცა თქვენ საკუთარ ძმებს აწამებდნენ... ნუთუ ჩადებები არ იყო "ბირჟა მაფიას" გარდა, ენა ჩაგივარდა ქვეყანას მაფია რომ მართავდა..."
„ყველანი საუბრობთ ფულზე, მე გეტყვით მარტივი ენით ჯერ არავინ გამდიდრებულა კომენტარების წერით“ - ნათქვამია სიმღერის ტექსტში. ბერა ივანიშვილი ასევე მიანიშნებს, რომ ჩინოვნიკები თანამდებობაზე გამდიდრებას ცდილობენ, თუმცა "ავიწყდებათ, რომ ისტორია გამოგონილ გმირებს არ ცნობს".
რეპერი სიმღერაში მშობლებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მათზე ლოცულობს და მის ნდობას მხოლოდ ძალიან ახლო ადამიანები იმსახურებენ: "ჩემი ღმერთი ჩემში არის, მას არ ვეძებ გარეთ. ვლოცულობ ორ ადამიანზე, არ ვიცი ვინ მყავს მათ გარდა - ერთმა მატარა 9 თვე, მეორემ კაცად გამზარდა"...
სიმღერის ბოლოს, ბერა საინტერესო გზავნილს უგზავნის მსმენელს - რეპავს იმაზე, რომ "სამშობლოს ერთიანი გუნდით დაუბრუნდა და თუ ვინმეს ქვეყნის გადარჩენა სურს, ამისთვის წყენა უნდა დაივიწყონ და საერთო მტერს ერთად დაუპირისპირდნენ".