ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი ვინც არ უნდა იყოს, ეს იქნება პოლიციელის ძმა, ბიძაშვილი თუ ვინმეს ბიცოლა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით შსს-ს წინააღმდეგ გამოთქმელი ბრალდებების შეფასებისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, კანონი ყველასთვის ერთია და მისი ძალით ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.
"ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი ვინც არ უნდა იყოს, ეს იქნება პოლიციელის ძმა, ბიძაშვილი თუ ვინმეს ბიცოლა. კანონი არის უზენაესი და ყველასთვის ერთია. არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომ ჩვენ განსხვავებული მიდგომა არ გვახასიათებს, შესაბამისად, ვინც კანონს დაარღვევს, შესაბამისი სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მათ პასუხი აგონ", - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, სახელისუფლებო გუნდში მიმდინარეობს მუშაობა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით და ამასთან დაკავშირებით ძალიან მალე იქნება წარმოდგენილი სახელისუფლებო გუნდის ხედვა.