ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეს ტყეში თითქმის 20 საათია ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება. ხანძარი ტყეში გუშინ, საღამოს 18:00 საათისთვის გაჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ჯერჯერობით მხოლოდ ცოცხალი ძალა მუშაობს.
„ამ დროისთვის ხანძარი ჯერ ლოკალიზებული არ არის. ადგილზე მუშაობს 60-მდე მეხანძრე-მაშველი. მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მაგრამ იმის გამო, რომ ხანძრის ადგილი მიუვალია, ტექნიკის მისვლა ვერ ხერხდება. მიმდინარეობს ტყის გაწმენდაც, რომ მაქსიმალურად ახლოს მივიდეს ტექნიკა ხანძრის კერასთან“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, რა ფართობი ტყის მასივია დამწვარი, ხანძრის ლოკალიზებამდე საუბარი შეუძლებელია. რაც შეეხება ხანძრის გავრცელების საშიშროებას, მათივე თქმით, ამის საფრთხე არ არსებობს, რადგან ხანძარი დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ შორს არის.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპზე ვერტმფრენის ჩართვა ხანძრის ჩაქრობის პროცესში არ იგეგმება, თუმცა, უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ მეხანძრე-მაშველების რაოდენობა გაზარდონ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ბუბა ბერიძის განცხადებით, ცეცხლის ლოკალიზება მიუვალი ადგილის გამო რთულდება. კიდევ ერთი პრობლემა ქვის ცვენაა, რაც კიდევ ერთხელ ართულებს ხანძრის კერამდე მისვლას.
"ადგილზე მთელი რეგიონის ტექნიკაა მობილიზებული, აქამდე ქარი იყო და რთულდებოდა ხანძრის ჩაქრობა. ადგილზე მეხანძრეები და მეტყევეები მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობით მუშაობდნენ" - ამბობს ბუბა ბერიძე "ბორჯომი ტვ"-სთან საუბარში.
ფოტო: "ბორჯომი ტვ"