მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკის განმკარგავი ვეღარ იქნება.
სააკაშვილი ამის შესახებ "ფეისბუქზე" წერს.
"ივანიშვილი ბორგავს, მის წინააღმდეგ საფრანგეთში სისხლის სამართლის საქმის აღძვრით და მეზობელ სომხეთში ოლიგარქიის დამხობით შეშინებული, იძულებული ხდება გამოვიდეს ხეების ჩრდილის კომფორტიდან და პირადი დაცვა ისევ ღია პოლიტიკაში ეძებოს. იმას კი ვერ ხვდება, რომ ის ვეღარ იქნება პოლიტიკის განმკარგავი. საქართველოში ხელისუფლებას წელსვე დაიბრუნებს ქართველი ხალხი, რომელსაც ივანიშვილი უმოწყალოდ ძარცვავს თავისი ბანკების მეშვეობით. ჩვენ წელს დავასრულებთ ერთდროულად ივანიშვილის მმართველობას და ხალხის გაჭირვებას," - წერს სააკაშვილი.
ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერმა და პარტიის ამჟამინდელმა ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ივანიშვილი დათანხმდა, პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ უხელმძღვანელოს.