სომხური ოპოზიციის ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მზადაა სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდეს, „თუკი ხალხი მას ამ პასუხისმგებლობას დააკისრებს“. მისი თქმით, დიდია იმის ალბათობა, რომ ასეც მოხდება.
ოპოზიციონერის განცხადებით, მას ამომრჩეველთა 90% მხარს უჭერს. ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა გახდეს ხალხის წარმომადგენელი, ხოლო „რესპუბლიკური პარტიის“ დრო უკვე წარსულს ჩაბარდა.
„ვაპირებ პრემიერის მოვალეობის შემსრულებელ კარაპეტიანთან საუბარს, ვაპირებთ საუბარს რესპუბლიკურ პარტიასთან. ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიღონ პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა, პარლამენტის სპიკერმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა“, - განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა.
სომხეთის ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს დღეს გამართავს. როგორც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განთავსებულ ვიდეომიმართვაში ფაშინიანმა განაცხადა, დღეს ოპოზიცია ქვეყნის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს ხელისუფლების მშვიდ გადაბარებაზე გამართავს.
“ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რა ეტაპზე ვიმყოფებით და როგორი ქმედებებით უნდა გავაფორმოთ დე იურე მიღწეული სახალხო გამარჯვება“, - განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა მომიტინგეების მოთხოვნა დააკმაყოფილა და დაკავებული თანამდებობა დატოვა.