სომხეთში განვითარებულ მოვლენებს კიმ კარდაშიანი ეხმიანება. რეალითი შოუს სომხური წარმოშობის ვარსკვლავი გუშინდელ დღეს ისტორიულს უწოდებს.
„ამაღელვებელი სანახავია გაერთიანებული სომხები, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტით ცვლიან ქვეყანას. სომხეთისთვის ისტორიული დღეა,“ - წერს კარდაშიანი „ინსტაგრამზე“.
ამასთან, მან გამოაქვეყნა ასაკოვან ქალთან ერთად სომხეთში გადაღებული ფოტო - როგორც სომხური მედია წერს, კარდაშიანის ერევანში ვიზიტის დროს ქალი მის სასტუმროსთან ორი დღის განმავლობაში იდგა, ტელევარსკვლავს რომ შეხვედროდა.
გუშინ, საპროტესტო აქციების მეთერთმეტე დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა.
"ნიკოლ ფაშინიანი მართალი იყო. მე შევცდი. შექმნილი სიტუაციიდან არსებობს რამდენიმე გამოსავალი. თუმცა, მე არც ერთ მათგანს არ ავირჩევ. ეს ჩემი არ არის. ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ქუჩის მოძრაობა ჩემი დანიშვნის წინააღმდეგია. მე ვასრულებ თქვენს მოთხოვნას: მშვიდობას და ჰარმონიას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას" - ნათქვამია სარგსიანის განცხადებაში.
რადიკალური ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის გამო ატარებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წარადგინეს. “უარყავი სერჟი” - რამდენიმე ათასიანი აქციები ამ სახელწოდებით ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.