წიგნების მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეები და სტუმრები წიგნებით დაასაჩუქრა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძეც დაესრო, რომელმაც "ბიბლუსს" თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, მონაწილეებს საჩუქრები გადასცა და დედაქალაქის მერიისგან მაქსიმალურ მხარდაჭერას დაპირდა.
"მადლობა მინდა გადაგიხადოთ თანადგომისთვის... იმისთვის, რომ ეხმარებით ამ მიმართულებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელ დღეს მთელი მსოფლიო აღნიშნავს. ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ადმიანებს თანაბარი საარსებო პირობები ჰქონდეთ. ისინი მართლაც მზის შვილები არიან. ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს საქართველოში იმისა, თუ როგორ შეუძლიათ მათ წარმატებას მიაღწიონ. მათ სჭირდებათ თანადგომა. თბილისის მერიის მხრიდან ეს აუცილებლად იქნება",– განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება "ბიბლუსის", "თბილისის მერიის" და არასამთავრობო ორგანიზაცია "მზის შვილების" მხარდამჭერით სასტუმრო "ჰილტოპ თბილისში" ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საბავშვო კოლექციის ჩვენება. "მზის შვილების" ბენეფიციარი ბავშვებისა და მათი მშობლების მონაწილეობით, რეჟისორ ბაჩო გაბრუაშვილის მიერ დადგმული ინტეგრირებული სპექტაკლი "ფიფქია და შვიდი ჯუჯა" გაიმართა. დღევანდელ ღონისძიებას კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრის მსახიობი ზურა ბერიკაშვილი უძღვებოდა.