დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატის, ლეიბორისტული პარტიის წევრის სტივენ კინოკის განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის გადატანა უნდა მოითხოვოს. ამის შესახებ ტელეკომპანია Sky News იუწყება.
„ჩემი აზრით, ჩვენ სერიოზულად უნდა მივმართოთ ფიფა-ს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 2019 წელს სხვა ქვეყანაში ან ქვეყნებში ჩატარდეს. პუტინმა მილიარდობით რუბლი ჩადო მსოფლიო ჩემპიონატში და ამ ღონისძიებას საკუთარი რეჟიმის რეკლამირების საშუალებად განიხილავს“, - განაცხადა კინოკმა.
აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოცხადებული ბოიკოტი არ ვრცელდება ინგლისის საფეხბურთო ნაკრებზე, რომლის მონაწილეობის საკითხსაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია წყვეტს. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში რუსეთში 14 ივნისს აიღებს სტარტს.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კომენტარი გააკეთეს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის გევინ უილიამსონის განცხადებაზე, რომელშიც მან „რუსეთს განზე გადგომა და მოკეტვა“ ურჩია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის იგორ კონაშენკოვის თქმით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი „ბაზრის ქალის რიტორიკით“ საუბრობს.
„დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მიერ ნაჩვენებმა ბაზრის ქალის რიტორიკამ მშვენივრად წარმოაჩინა მისი ინტელექტუალური იმპოტენცია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ლონდონის ბრალდებები რუსეთთან მიმართებში უსაფუძვლოა“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გევინ უილიამსონმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი განზე უნდა გადგეს და მოკეტოს.
„ჩვენ ვნახავთ თუ როგორ რეაგირებს რუსეთი იმაზე, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ის, რაც რუსეთმა სოლსბერიში გააკეთა, აღმაშფოთებელია. ჩვენ პასუხი გავეცით ამას. სიმართლე გითხრათ, რუსეთი განზე უნდა გადგეს და მოკეტოს. მაგრამ თუ ჩვენს ზომებს უპასუხებენ, ჩვენ ზედმიწევით შევისწავლით მათ და ჩვენს შესაძლებლობებს განვიხილავთ“, - განაცხადა მან.
სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის იულიას მოწამვლის საქმე მორიგი ანტირუსული აქციაა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ლიტვინენკოს საქმე დადგმული იყო, ბურუსით და გაურკვევლობით იყო მოცული, მაგრამ მაშინ მაინც ჩატარდა სასამართლო, რომლის შემდეგაც ბრიტანეთის ხელისუფლებამ გარკვეული რეფლექსების გატარება დაიწყო. ახლა სასამართლოც კი არ დაწყებულა. ამიტომ, მე აღარ მსურს მომხდარზე კომენტარის გაკეთება, დაე ეს დარჩეს მათ სინდისზე, ვინც რუსოფობიურ ველზე ეს აბსოლუტურად უსირცხვილო და გაუმართლებელი თამაში წამოიწყო“, - განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა არ უპასუხა ლონდონის მოთხოვნას, განემარტა, თუ როგორ მოხვდა რუსეთში შემუშავებული მომწამლავი ნივთიერება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.
სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან გონებადაკარგულ მდგომარეობაში აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოიწამლნენ.